ბორჯღალოსნები

12:53 | 18.11.2018 | ნანახია 3515 - ჯერ

მილთონ ჰეიგი: "ბიჭებმა გვანახეს, რომ შეუძლიათ მეორე ტაიმში დაბრუნება და მატჩის მოგება"

საქართველო-სამოას მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე პირველად სამოას ახალ ზელანდიელი მთავარი მწვრთნელი სთივ ჯექსონი გამოცხადდა:

„მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა თამაშის ტემპი შეცვალა, ორთაბრძოლებში გვაჯობა და ინიციატივას დაეუფლა, რის შედეგადაც მარცხი განვიცადეთ. ვიცოდით, რომ საქართველო ფიზიკურად ძლიერი გუნდია, სტატიკაში უპირატესობის მოპოვებას ეცდებოდა და საბოლოოდ ასეც მოხდა. მოვიკოჭლებდით სათამაშო დისციპლინაშიც, რამდენიმე არასაჭირო ჯარიმა ავიღეთ და ამის გამო დავისაჯეთ“.

მილთონ ჰეიგი დებიუტანტების და მთელი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო:

„ბედნიერები ვართ. აღსანიშნავია, რომ სამი დებიუტანტი გვყავდა, ზოგადად ახალგაზრდული გუნდით ვითამაშეთ და ასეთ პირობებში მსგავსი თამაშის მოგება ორმაგად სასიხარულოა. ამ ბიჭებმა გამოამჟღავნეს სიმამაცე, ხასიათი და გვანახეს, რომ შეუძლიათ მეორე ტაიმში დაბრუნება და მატჩის მოგება. ძალიან კარგები იყვნენ დებიუტანტები, განსაკუთრებით თუ მათ ასაკს გავითვალისწინებთ“.

„მეტოქის გუნდში ძალიან კარგი 15 მორაგბე თამაშობდა, რომელთაც ჩვენზე არანაკლებ უნდოდათ მოგება. პირველ ტაიმში რამდენიმე ბოჭვა გაგვიცუდდა, მეტოქემ მოახერხა ჩვენი წნეხში მოქვეცა, რაც პოლინეზიურ გუნდებს ჩვევიათ. შესვენებაზე სწორედ ამაზე ვისაუბრეთ, შეცდომები გამოვასწორეთ და დაღლილ მეტოქეს შეცდომების დაშვება ვაიძულეთ“.

„ყოველთვის მნიშვნელოვანია ის 23 მოთამაშე, რომლებიც სამატჩო განაცხადში არიან. შეცვლაზე შესულმა ბიჭებმა თამაშის მსვლელობა შეცვალეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სასტარტო 15-ში მყოფმა მორაგბეებმა დაღალეს მეტოქე, რასაც ახლების ენთუზიაზმი დაემატა და ამან სასურველ შედეგამდე მიგვიყვანა“.

გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე ფიქრობს, რომ ბორჯღალოსნები გულშემატკივრის წინაშე ჯერაც ვალში არიან და ქომაგს ტონგასთან კარგ სანახაობას პირდება:

„ასეთ ძლიერ გუნდთან, რაც მე ნაკრებში ვარ, ამხელა ჩამორჩენის შემდეგ დაბრუნება პირველად მოვახერხეთ. ყოველი გაშვებული ლელოს შემდეგ, როდესაც ბიჭები ვიკრიბებოდით ვამბობდით, რომ უნდა ვყოფილიყავით მომთმენები, არ უნდა ჩაგვეთვალა თამაში წაგებულად. ვფიქრობ, ამ კუთხით გავიზარდეთ. წარსულში მსგავს სიტუაციაში შეიძლება ყურები ჩამოგვეყარა, გვეფიქრა, მეტოქეს ვეღარ დავეწევითო, თუმცა ახლა სხვაგვარად იყო და საბედნიეროდ შევძელით სასურველი შედეგის ჩვენება“.

„მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ვთვლით, რომ გულშემატკივრების წინაშე ვალში ვართ, რადგან მანამდე ზედიზედ სამ თამაშში დავმარცხდით. როგორც იქნა გულშემატკივარი გავახარეთ, თავდადებამ გაამართლა და შესაძლოა დღეს ეს გამარჯვება ავღნიშნოთ, მაგრამ თავში ყველას ტონგასთან მატჩი გვიტრიალებს, რომელიც უფრო დიდ სტადიონზე ჩატარდება და გულშემატკივარს ერთად გამარჯვებისკენ მოვუწოდებ“.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08248