რუსეთის მორაგბეთა ნაკრებმა, 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის რეპეშაჟის ნახევარფინალში ზიმბაბვე 23:15 დაამარცხა და ორრაუნდიან ფინალში მეტოქეს ელოდება, რომელიც დღეს ღამე, მონტევიდეოში ურუგვაისა და ჰონკონგის ნაკრებებს შორის ერთმატჩიან დაპირისპირებაში გაირკვევა.
კრასნოიარსკში გამართულ მატჩში “დათვებს” დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ. გულშემატკივარი რუსთა ბურთთან ყველა შეხებას დიდი ოვაციით ხვდებოდა და მასპინძლებს საუცხოო დებიუტი ჰქონდათ. მესამე წუთზე იური კუშნარიოვის მიერ გატანილი ჯარიმის შემდეგ, რუსებმა კარგი მოლი დააყენეს, რომლის შეჩერებასაც აფრიკელთა ხაზის მოთამაშეებიც დაჭირდა, მერე ბურთი ხაზზე გაიშალა და იგორ კლუჩნიკოვმა ლელო გაიტანა. 23-ე წუთზე ვასილი არტიომოვმა დროული პაუზის შემდეგ საკუთარ გუნდს ზიმბაბვეს 22-ში უპირატესობა მოუპოვა და დენის სიმპლიკევიჩმა ალამთან მეორე ლელო გაიტანა, რის შემდეგაც ანგარიში 13:0 გახდა.
აფრიკელები გამოცოცხლდნენ და ჯერ ჯარიმა გააფუჭეს, მაგრამ მერე ლელო გაიტანეს, გარდასახვა გამოიყენეს და ტაიმი 6 ქულის სხვაობით დათმეს (7:13). მათ შესვენებამდე ერთი ჯარიმაც გაუცუდდათ, თუმცა, ლელოს გატანის შანსი რუსებსაც ჰქონდათ და შემტევის შეცდომის გამო მიზნამდე მეტრი დააკლდათ. 48-ე წუთზე ზიმბაბვემ ჯარიმით ჩამორჩენა კიდევ უფრო შეამცირა, მაგრამ ვიქტორ გრესევისგან მალევე ლელო მიიღო. მერე მასპინძლები სინბინით დაისაჯნენ, მაგრამ ჯარიმა ძელმა აისხლიტა. შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთი რჩებოდა, მასპინძლები ჯარიმით 23:10 რომ დაწინაურდნენ და აფრიკელებმაც მალევე ლელო გაიტანეს, მაგრამ არც გარდასახვა იყო ზუსტი და მატჩის გადასარჩენად დროც აღარ რჩებოდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია