ბორჯღალოსნები

21:56 | 9.11.2018 | ნანახია 2875 - ჯერ

იტალიის ნაკრების მორაგბე: "გამარჯვება ჩვენ უფრო გვინდა, ვიდრე საქართველოს"

10 ნოემბერი ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია. საქართველოს ნაკრები ფლორენციაში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩისადმი ინტერესი დიდია, როგორც საქართველოში ისე იტალიაში.

აპენინელებს სერჯიო პარისეს არყოფნაში ფრანგული „ტულუზას“ მორაგბე ლეონარდო გირალდინი უკაპიტნებს, რომელსაც იტალიის ნაკრებში 96 კეპი აქვს მოხვეჭილი.

33 წლის მორაგბე ამბობს, რომ იტალიის ნაკრები გაიმარჯვებს, რადგან უფრო მშიერია, ვიდრე საქართველო.

„ეს იქნება ბრძოლა, განსაკუთრებით შერკინებაში, მაგრამ ჩვენ გამარჯვების უფრო მეტი სურვილი გვაქვს, ვიდრე მათ. შერკინება და მოლი ყოველთვის მნიშვნელოვანია, ხვალ ისინი უფრო მეტად მოინდომებენ. ქართველები ძლიერები და გამოცდილები არიან ამ ასპექტში. თითქმის ყველა საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობს და თითქმის ყველას ვიცნობ, ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან. თუმცა, ჩვენ გვაქვს ხარისხი და სწორი სტრატეგია, რომ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. ეს იქნება შესანიშნავი გამოწვევა.

ამ შეხვედრისთვის მზადება ჯერ კიდევ ვერონას შეკრების დროს დავიწყეთ, ყველამ იცის რა უნდა გააკეთოს, ეჭვები არ არსებობს. ეს იქნება 80 წუთის განმავლობაში ფიზიკურად ურთულესი მატჩი, მაგრამ ჩვენ მზად ვართ“, - ციტირებს გირალდინის სიტყვებს La Repubblica.

შეგახსენებთ, იტალიისა და საქართველოს ნაკრებთა პაექრობა 10 ნოემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. როგორც ზემოხსენებული წყარო გვამცნობს, „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე 20 ათას მაყურებელს ელოდებიან და აქედან 2 000 ქართველი გულშემატკივარი იქნება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077725