შიდა რაგბი

16:43 | 5.11.2018 | ნანახია 1143 - ჯერ

დიდი 10: დიდი რაგბი პატარძეულში

პატარძეულმა 3 ნოემბერს დიდი 10-ის თამაშს პირველად უმასპინძლა და ადგილობრივმა ‘ვეფხვებმა’ სახელოვანი ქუთაისის ‘აია’ მიიღო. მასპინძლებმა ტრადიციულად, მედგრად იბრძოლეს და მეტოქეს 4 ლელო გაუტანეს, მაგრამ საბოლოოდ 22:27 დამარცხდნენ და მხოლოდ ნუგეშის ბონუსს დასჯერდნენ.

გულშემატკივრების შეძახილებით ფრთაშესხმულმა მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, მაგრამ პირველი ქულები თავად მიიღეს. ლაშა ლომიძემ ცენტრიდან ჯერ ჯარიმა გაიტანა, მერე 22-ში ხაზი გაჭრა და ლელოც თავადვე გარდასახა.

‘ვეფხვებმა’ ეს არ შეიმჩნიეს და ტაიმის ბოლომდე ლიდერობა მოიპოვეს. მათ საკუთარ მოედანზე პირველი ლელო 22-ე წუთზე გაიტანეს, 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ მოლი 5 ქულით ჟორა მღებრიშვილმა დაასრულა. 29-ე წუთზე კახელებმა მოლით კიდევ ერთხელ შეუტიეს და ვეფხია უსტიაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 38-ე წუთზე, დერეფნის შემდეგ ბურთი ლაშა შალიკაშვილს დაუბრუნეს, მანაც მარჯვენა ფრთაზე თავად შეუტია, 20 მეტრი ირბინა და ანგარიში 15:10 გახდა. ნიკა ბეჟუაშვილს სამი გარდასახვის გარდა ერთი ჯარიმაც გაუცუდდა, თორემ სხვაობა მეტი იქნებოდა.

‘აიამ’ მეორე ტაიმიც კარგად დაიწყო, სწრაფადვე დამკვიდრდა მეტოქის 22-ში დერეფნიდან შეტევის მეოთხე მცდელობა ლელოთი საბა ერემეიშვილმა დაასრულა. 52-ე წუთზე მარჯვენა ფრთაზე ქუთაისელები მეტობაში აღმოჩნდნენ, გიორგი ნუცუბიძემ ბურთი მიიღო და ლელოც უპრობლემოდ გაიტანა, ხოლო ლომიძემ ამჯერად გარდასახა.

პატარძეულელებმა ნაცად ხერხს მიმართეს, 63-ე წუთზე მორიგი მოლი ააგორეს და შალიკაშვილმა თავისი მეორე და გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა, ხოლო გარდასახვა რეზი ბროძელმა შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. სამ წუთში ‘აიამ’ ხელდახელ, მაღალ ტემპში შეუტია და ოთარ ძაგნიძემ ლელო ალამთან გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ‘ვეფხვებს’ გამარჯვების შანსი რჩებოდათ, მაგრამ ‘აიამ’ ლელოდან 5 მეტრში თავის დაცვა მოახერხა და დაძაბულ ბრძოლაში 27:22 იმარჯვა.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078638