უელსის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების პირველი შეხვადრა კარდიფში ჩაატარა და საერთო ჯამში, შოტლანდიელებს დამაჯერებლად – 21:10 სძლია.
სქოთები მატჩზე ძალიან მონდომებულები გავიდნენ და დიდი სურვილი ჰქონდათ, ექვსი ერის ბოლო გათამაშებაში განცდილი მძიმე მარცხისთვის რევანში აეღოთ, თუმცა, ამისთვის კლასი არ ეყოთ.
“ნარშავებმა” ათივე ქულა პირველ ტაიმში მოიპოვეს, არადა, მატჩში ინტრიგის დაბრუნების შანსი ნამდვილად ჰქონდათ.
საქმე ის გახლავთ, რომ ელიოტ დის გასინბინების კვალად, უელსელებს დასკვნითი ათწუთეულის თამაში კაცნაკლულთ მოუხდათ.
სწორედ ამ დროს მასპინძელთა ლელოში ბურთი ბლეირ კინგჰორნს გადაუკიდეს, თუმცა, ამ უკანასკნელმა ოვალის დამორჩილება ვერ მოახერხა და შოტლანდიელებიც საბოლოოდ გატყდნენ.
გრეგორ თაუნსენდის შეგირდები გულშემატკივართა თვალში რეაბილიტაციას 10 ნოემბერს ეცდებიან, როდესაც “მარიფილდზე” ფიჯის დაუხვდებიან, უელსი კი, ისევ კარდიფში ავსტრალიას უმასპინძლებს.
უელსი – შოტლანდია 21:10 (14:10)
ლელო: ნორსი (30), ჯონათან დევისი (48) – მაკინალი (35).
გარდასახვა: ჰალფპენი (49) – ჰასტინგსი (37).
ჯარიმა: ჰალფპენი (5, 15, 23) – ჰასტინგსი (26).
სინბინი: ელიოტ დი (69) – არავინ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია