ნოემბრის ტესტების საწყის შეხვედრაში იაპონიის ეროვნული ნაკრები ახალ ზელანდიას დაუხვდა და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, დიდი ანგარიშით – 31:69 დამარცხდა.
ჩოფუს “აჯინომოტო სთედიუმზე” შეკრებილი 43 751 მაყურებელი წაგებას თავიდანვე შეგუებული იყო, სანახაობით კი უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩებოდა.
გუნდებმა ძირითადი აქცენტი შეტევაზე გააკეთეს, ერთობლივად 15 ლელო მიითვალეს და ზუსტად 100 ქულა მოაგროვეს.
იაპონელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პირველი და ბოლო ლელო სწორედ მათ დადეს, თუმცა კი, საკმაოდ გადახალისებულ “ოლ ბლექსს” ტემპში ვერ აყვნენ და მატჩის ბოლოსკენ აშკარად გადაღლილად გამოიყურებოდნენ.
საინტერესოა, რომ ზელანდიელთა რიგებში ერთბაშად 8 დებიუტანტი (ჯორჯ ბრიჯი, ბრეტ კამერონი, მიტჩელ დრამონდი, გარეთ ევანსი, დილიონ ჰანტი, ტირელ ლომაქსი, დალტონ პაპალი’ი, მეტ პროქტორი) ვიხილეთ, რაც “შავების” ისტორიაში მე-2 მაჩვენებელია: 1986 წელს “ოლ ბლექსმა” საფრანგეთთან ერთბაშად 11 ახალწვეულით ითამაშა.
2 ახალი სახე (ჯეიმი ჰენრი და ისილელი ნაკაჯიმა) ვიხილეთ იაპონელთა მაისურით, მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა ჰიროში იამაშიტამ კი 50-ე სანაკრებო კეპი მიითვალა. სათქმელია ისიც, რომ “მამაც ალუბლებს” ზელანდიელთათვის 31 ქულა აქამდე არასდროს გაეტანათ. უწინდელი რეკორდი 17 ქულა გახლდათ 1995 წელს.
იაპონიის ნაკრები მომდევნო ტესტს 17 ნოემბერს, თვიქნემში ინგლისთან გამართავს. საინტერესოა, რომ 10 ნოემბერს ლონდონს ზელანდიელები ესტუმრებიან.
იაპონია – ახალი ზელანდია 31:69 (19:38)
ლელო: ანისე (4), ტუი (33), ლაფაელე (40, 70), ჰენრი (52) – კოულსი (15), მოუნგა (20), ლაუმაპე (28, 38, 63), ტორია (35), ბრიჯი (47, 67), ნაჰოლო (57), პროქტორი (60).
გარდასახვა: ტამურა (6, 34, 71) – მოუნგა (16, 21, 29, 36, 39, 48, 61), დ.ბარეტი (64).
ჯარიმა: არავინ – მოუნგა (3).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იაპონიის თამაშში არის ელემენტები, რომელზედაც ხელს მოაწერს ნებისმიერი გრანდი.
იაპონია მაგრად ამაღლდა კლასში. ევროპაში თავისუფლად ითამაშებდა 6 ერში და იტალიასავით ყოველთვის მაჩანჩალა არ იქნებოდა. შეიძლება მალე სამხრეთის 4 ერში მეხუთე გუნდად დაემატოს. ცოდვაა აზიის ჯგუფისთვის.