საქართველოს უძველესი სარაგბო კლუბი “ყოჩები”, ცოტა ხნის წინ მძიმე ფინანსურ კრიზისში იმყოფებოდა, არაერთმა მორაგბემ დატოვა და 2012/2013 წლების სეზონი ბოლო ადგილზე დაასრულა, თუმცა, პირველლიგელთან გადათამაშებაში იმძლავრა და უძლიერესთა შორის დარჩა.
შარშანდელი სეზონის წინ გუნდმა ბოლნისის მუნიციპალიტეტთან დაამყარა კავშირი, ფინანსურად რომ მომძლავრდა, მოთამაშეთა დიდი ნაწილი დაიბრუნა და გასულ სეზონში მეოთხე ადგილზე გავიდა. სეზონის მეორე ნახევარი გუნდმა მაღალ დონეზე ჩაატარა და პლეი ოფის პირველ ეტაპზე “აიასაც” დამაჯერებლად სძლია, მაგრამ მერე “ლოკომოტივთან” ვერაფერს გახდა და მეოთხეობას დასჯერდა.
ბოლნისის “ყოჩები” ის გუნდია, რომელმაც ახალი სეზონისთვის მზადება ქართული კლუბებიდან ყველაზე ადრე დაიწყო და გასულ სეზონში მეოთხე ადგილის დაკავების შემდეგ, წელს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. გუნდში შალვა მამუკაშვილი და მიხეილ არჩუაშვილი დაბრუნდნენ, რომელთაც ალექსი ხუციშვილი და ჯაბა კიკვაძე დაემატნენ და ბოლნისელების ამბიციაც გაიზარდა.
“მსოფლიო სპორტმა” კლუბის ერთ-ერთ დამფუძნებელ და დირექტორ თეიმურაზ გაფრინდაშვილთან საუბარი გასული სეზონის შეფასებით დაიწყო:
- მოდით საუბარი გასული სეზონის შეფასებით დავიწყოთ.
- არა მარტო ჩემი, მწვრთნელთა შტაბის და კლუბის ხელმძღვანელობის საერთო აზრია, რომ გუნდისთვის, რომელმაც მანამდე გასავარდნი პლეი ოფი ითამაშა და მომდევნო გათამაშებაში მეოთხე ადგილი დაიკავა, სეზონი უდავოდ წარმატებულად უნდა შეფასდეს. გასათვალისწინებელია ის რესურსიც, რითაც ამას მივაღწიეთ. სეზონის წინ პროგრამა მინიმუმი ექვსეულში შესვლა და პლეი ოფში გასვლა იყო, ხოლო მაქსიმუმად სწორედ ოთხეულში მოხვედრას ვისახავდით. ეს პროგრამა ზუსტად შევასრულეთ. დიახ, ბოლოს მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს უფრო ახლოს იქნებოდა სენსაციასთან. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმებმა შეგვიშალა ხელი და ყველა პოზიციაზე სრულფასოვანი შემცვლელი არ გვყავდა, მიზნის მიღწევა მაინც მოვახერხეთ.
არ მინდა ვინმემ საწყენად მიიღოს და არც არავის თამაშს ვაკნინებ, მაგრამ შეცვლები გვიჭირდა და სეზონის მთელმა სიმძიმემ ფაქტობრივად 20 კაცზე გადაიარა. მე, როგორც ამ კლუბის სისხლს და ხორცს, მაქსიმუმი მინდოდა, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, შედეგს დამაკმაყოფილებლად მივიჩნევ. შეცდომებზე ვსწავლობთ და ვფიქრობ, მომავალი სეზონი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.
- ასეთი წინსვლის შემდეგ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ სეზონში მიზანი ფინალში გასვლა და ჩემპიონობა იქნება?
- მომავალ გეგმებზე საუბარს საკადრო მდგომარეობით დავიწყებ. კლუბს დაუბრუნდა ორი საკუთარი აღზრდილი, უძლიერესი მორაგბე - თბილისის “არმიადან” საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველხაზელი, კვაჭი შალვა მამუკაშვილი და “არმაზიდან” მეორეხაზელი მიხეილ არჩუაშვილი. ალბათ, ძნელად მოიძებნება საქართველოში ისეთი ადამიანი, რომელიც ამ მოთამაშეებს არ გამოარჩევს. მათ რაგბის ანა-ბანა სწორედ ჩვენს კლუბში აითვისეს და მათი დაბრუნება დიდი შენაძენია.
კლუბიდან წავიდა და “ჯიქებში” დაბრუნდა რატი ხუციშვილი. მე მინდა მას წარმატებები ვუსურვო. რაც შეეხება ჩვენს პროგრამას, მინიმუმ რეგულარული ჩემპიონატის პირველ-მეორე ადგილზე დასრულებას ვგეგმავთ, ხოლო პროგრამა მაქსიმუმი ფინალში თამაშია. ნებისმიერი გუნდისთვის, ნებისმიერ სპორტის სახეობაში, ფინალში თამაში უკვე დიდი მიღწევაა და რა მოხდება იმ კონკრეტულ შეხვედრაში არავინ იცის, თუმცა, რაღა თქმა უნდა, ჩვენ იქაც მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.
- როგორ ემზადება გუნდი მომავალი სეზონისთვის?
- შეიძლება ითქვას, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ვარჯიში პრაქტიკულად არც შეგვიწყვეტია. ბიჭებმა მხოლოდ ორი კვირა დაისვენეს. საქართველოს ეროვნული და 7-კაცა ნაკრების წევრებს ის ორი კვირაც არ დაუსვენიათ და სულ რეჟიმში იყვნენ. მზადება და ინტენსიური ვარჯიშები ივნისის პირველი რიცხვებიდან დავიწყეთ. აგვისტოს პირველი რიცხვიდან 7-მდე კი, ასპინძაში გვაქვს შეკრება. ჩემპიონატი 15 აგვისტოს, “არმაზთან” მატჩით იწყება და ასე გადავწყვიტეთ, რომ ერთკვირიანი შეკრება საკმარისი იქნება. 9-10 აგვისტოს გუნდის ნაწილი ბათუმში, ქვიშის რაგბის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ასევე გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.
- კალენდრის ცვლილებამ და აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრების ევროთასებზე მონაწილეობამ თქვენი გეგმები ხომ არ შეცვალა?
- ჩემპიონატი აგვისტოს ბოლოს უნდა დაწყებული, მაგრამ ამ თარიღმა 15 აგვისტოს გადმოიწია და გამომდინარე მიზეზიდან, ეს ძალიან კარგია. ისტორიული მომენტი დადგა და საქართველო საკლუბო ევროტურნირებში ჩართვება. ჯერჯერობით არ ვიცით ვინ იქნებიან ჩვენი კლუბიდან ამ გუნდში მიწვეული, მაგრამ ჩვენ მზად ვართ და დიდი სიამოვნებით მივავლენთ მოთამაშეებს აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრებში, რომელსაც “თბილისი-ამერი” ერქმევა.
ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჩემპიონი გუნდის თავკაცი, ლევან მაისაშვილი იქნება, რომელსაც მინდა სულით და გულით ვუსურვო წარმატება. თავისი მუშაობით, ზედიზედ ორწლიანი ჩემპიონობით, საინტერესო სათამაშო სქემით, მან ეს ნამდვილად დაიმსახურა. ჯერჯერობით, მასთან შეხვედრა არ ყოფილა და არ ვიცით ვის მიიწვევს ის ჩვენი კლუბიდან, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ევროტუნირებში ჩვენი კლუბის ჩართვა მთელი საქართველოს მონაპოვარია. არ გვაქვს იმის ილუზია, რომ იქ თამაშს თამაშზე მოვიგებთ, ალბათ, თავიდან წაგებები იქნება, მაგრამ საბოლოოდ, მაინც მოვახერხებთ ადგილის დამკვიდრებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პირველი გასვლა იქნება უაღრესად საპასუხისმგებლო და მჯერა იმისა, რომ ყველა უძლიერესს მიეცემა თავის გამოჩენის შესაძლებლობა.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად წარმატებული იქნება ქართული კლუბებისთვის ევროთასებში ჩართვა?
- “ჩელენჯ ქაფის” შესარჩევ ეტაპზე, იტალიურ “როვიგოსთან” წარმატების შანსი არის, მაგრამ ჯერ ძნელია დარწმუნებით რაიმეს თქმა. როგორც ქართველ კაცს, გულის სიღრმეში მწამს, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ, ჩვენ მათზე უფრო ნაკლები შანსი გვაქვს. თუმცა, იმ ნაკლები შანსის გამოყენებაც შეიძლება და დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გადაწყდება.
- ისევ ბოლნისის “ყოჩებს” დავუბრუნდეთ. რა მისცა კლუბს სახელმწიფო პროგრამით 400 ათასამდე გაზრდილმა დაფინანსებამ?
- საბაზისო თანხა იგივე დარჩა, რაც გასულ სეზონში იყო, 400 ათასი უმაღლესი ლიგის ათივე კლუბს ჩაერიცხა და ყველა კლუბის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფოს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დაფინანსების დანერგვაში მიიღო მონაწილეობა. ახლა უკვე თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ კიდევ სამი წლის განმავლობაში ფინანსურად წელგამართული ვიქნებით და იმედია, ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.
ჩვენ, როგორც ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანმა, დამატებით კიდევ 65 ათასი მივიღეთ. რაგბის განვითარება 80 პროცენტით სწორედ დაფინანსებაზეა დამოკიდებული და ეს მივიღეთ სახელმწიფოსგან. ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია ბევრად უკეთესი პირობები შევუქმნათ მოთამაშეებს, როგორც უშუალოდ ანაზღაურების, ასევე მომზადების მიმართულებით. ჩვენ შევძლებთ მორაგბეების შენარჩუნებას, ისინი აღარ წავლენ მეორე და მესამეხარისხოვან კლუბებში და მწვრთნელებისა და მსაჯების პროფესიონალიზმიც გაიზრდება. რა თქმა უნდა, თუ ძლიერ კლუბს ექნება ჩვენი მოთამაშის წაყვანის სურვილი, ამაში ყველანი ჩავერთვებით და ხელს შევუწყობთ, მაგრამ მეორე-მესამე დონის ქვეყნებში და ლიგებში მორაგბეები არ უნდა მიდიოდნენ. კარგია, რომ სახელმწიფისგან მიღებული თანხის ხარჯვა კონტროლდება, რადგან სწორედ ასე მიიღწევა საქართველოში რაგბის განვითარება.
- “ყოჩებს” დამატებითი დაფინანსებაც აქვს.
- დიახ და მთელი კლუბის სახელით აუცილებლად მინდა უზარმაზარი მადლობა გადავუხადო ბოლნისის მუნიციპალიტეტს, რომელიც პარალელურ რეჟიმში, მნიშვნელოვანი თანხით გვაფინანსებს. ამ თანხის ნახევარზე მეტი, ბავშვთა რაგბის განვითარებაზე იხარჯება და იზრდება ჯანმრთელი თაობა. ჩვენს შორის გაფორმებულია ორწლიანი ხელშეკრულება და იმედია, ის მომავალშიც გაგრძელდება.
- “ყოჩების” ბოლნისურ კლუბად ქცევამ, ამ ერთი წლის განმავლობაში რა შესძინა ამ რეგიონში რაგბის განვითარებას?
- უწინარესად, მე მინდა უდიდესი მადლიერება გამოვთქვა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ამ პროგრამის ამოქმედებამდე ბოლნისში რაგბი შეინარჩუნეს. ბოლნისში რაგბი ერთ-ერთ ულამაზეს ადგილ რაჭის უბანში დაიბადა. მისი ფუძემდებლები ზურაბ და დავით რეხვიაშვილები იყვნენ და ისინი დღესაც ერთგულად ემსახურებიან ქართულ რაგბის და კონკრეტულად “ყოჩებს”. ამ ადამიანებმა ყოველგვარი დახმარების გარეშე, ამ რეგიონში შეინარჩუნეს რაგბი და გაზარდეს რამდენიმე სერიოზული კადრი, რომლებიც დღეს წამყვანი ქართული კლუბების ღირსებას იცავენ.
მათ გარდა, დიდი დამსახურება აქვს გიგა გიგაშვილს, რომელიც თავის დროზე ბოლნისში, კაზრეთში მოღვაწეობდა. ის თავისი სახსრებით ეხმარებოდა ყველას, რათა ბოლნისში რაგბის კერა არ ჩამქრალიყო. ახლა უკვე გვერდში გვიდგას მუნიციპალიტეტი, ბოლნისის ყველა მაცხოვრებელი და ამას ვგრძნობთ. ეს გამოიხატება არა მხოლოდ სტადიონზე მოსვლით და ქომაგობით, არამედ იმ წვრილმანებით, რომლისგანაც ცხოვრება შედგება. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მუნიციპალიტეტიდან დაწყებული თითოეული მაცხოვრებლით დამთავრებული, ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო.
მას შემდეგ, რაც ჩვენ ბოლნისის რეგიონში შევედით და რაგბის განვითარების ჩვენი პროგრამა ავამუშავეთ, მარტო კაზრეთის რეგიონში სპორტის ამ სახეობით 100-მდე ბავშვი დაინტერესდა. თვითონ ქალაქში, სამ სკოლაში ვართ შესული და დაახლოებით 70-მდე ბავშვი ვარჯიშობს. რაგბიმ დიდი ინტერესი გამოიწვია აზერბაიჯანელ მოსახლეობაშიც. სოფელ ნახიდურში რეგულარულად ვარჯიშობენ ბავშვები და ადგილობრივ მწვრთნელს, რომელიც რეგულარულად გადის სამწვრთნელო კურსებს, ჩვენი გუნდელები ეხმარებიან. მოკლედ, რაგბიმ ქართველი და არაქართველი ბავშვები გააერთიანა და დარწმუნებული ვარ, სულ მალე ბოლნისელი, ეთნიკურად არაქართველი მორაგბეები სხვადასხვა კლუბებშიც გამოჩნდებიან.
- კაზრეთში ბაზის მშენებლობის საკითხი რა სტადიაზეა?
- კონკრეტულად კაზრეთზე არ იყო საუბარი. მისი, ან ნახიდურის მოედნის საფარის მოწყობას და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ბოლნისის მუნიციპალიტეტი ცდილობდა, მაგრამ ტენდერის ჩატარების ვადებმა გადაიწია. იქ უნდა მოეწყოს ბაზა, სადაც მოსამზადებელი შეკრებები და თამაშები “ყოჩებს” ექნება. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და არც ისაა გამორიცხული, რომ ბაზის აშენებაზე შეთანხმება სახელმწიფოსთან და “ქართუსთან” შედგეს.
- რა მდგომარეობაშია ბოლნისის ცენტრალური სტადიონი და “ყოჩები” სად ჩაატარებს საშინაო თამაშებს?
- სტადიონის რეკონსტრუქცია ჯერჯერობით დაწყებული არაა, მაგრამ რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. სავარაუდოდ, პირველი ტურის თამაშს იქ ჩავატარებთ და მერე სწორედ ამ სამუშაოებზე ვიქნებით დამოკიდებული. სტადიონის ძირითადი პროფილი მაინც ფეხბურთია, თუმცა, ამ რეგიონში რაგბი და ფეხბურთი იმდენად ვახლობლობთ, რომ სავარაუდოდ, პრობლემა არ შეგვექმნება.
- რა სიახლით შეხვდება”ყოჩები” ახალ სეზონს?
- ველოდებით ახალი ეკიპირების ჩამოსვლას, რომელიც “კუგას” ფირმისაა. ვიზუალურ მდგომარეობაზე არ ვისაუბრებ, რადგან პრეზენტაციაზე ყველაფერი თვალნათელი იქნება. ფერები არ შეიცვლება და “ყოჩები”, ისე, როგორც დაარსების დღიდან, შავ-წითელ-თეთრ ფერებს არ უღალატებს.
გუნდის მწვრთნელ ირაკლი გიორხელიძეს უკვე უშუალოდ მზადების პროცესზე ვესაუბრეთ და უწინარესად იმით დავინტერესდით, თუ რატომ გადაწყვეტა მზადების ასე ნაადრევად დაწყება:
- რატომ გადაწყვიტეთ, რომ ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპი ასე ადრიანად, თითქმის დასვენების გარეშე დაგეწყოთ?
- მთლად დასვენების გარეშე ვარჯიში არ დაგვიწყია. ნახევარფინალში მარცხის შემდეგ, ჩემპიონატის ფინალამდე, თითქმის 20 დღე დასვენება გვქონდა. სპორტსმენები არიან და ეს პერიოდი დასასვენებლად სრულიად საკმარისია, ასე რომ, ვერ ვიტყვი ვარჯიში ადრიანად განვაახლეთთქო. თავიდან დიდი დატვირთვები არც გვქონდა და ინტენსიურად ივლისის შუა რიცხვებიდან ვემზადებით. რუსთავში “ხარებთან” ამხანაგური თამაშიც გავმართეთ, მერე კი, ორმხრივი შეხვედრები გვქონდა.
- ამ მომენტისთვის რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდის მდგომარეობით?
- ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. თავიდან აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე გვქონდა აღებული და ამ მხრივ კმაყოფილი ვარ. ბურთი ივლისის შუა რიცხვებიდან ჩავრთეთ საქმეში და შეკრებაზეც მხოლოდ ბურთით ვივარჯიშებთ.
- ცნობილია, რომ მომავალი სეზონიდან “ყოჩებს” შალვა მამუკაშვილი და მიხეილ არჩუაშვილი დაუბრუნდნენ. კიდევ ვინმე ხომ არ დაიმატეთ?
- ძალიან კარგი შენაძენები გავაკეთეთ და გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდება. შალვა მამუკაშვილზე საუბარიც ზედმეტია, ის ეროვნული გუნდის ძირითადი კვაჭია და ყველამ იცის რა ძალას წარმოადგენს. მიხეილ არჩუაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მეორე ხაზია საქართველოში. შარშან ფაქტობრივად ნომინალური მეორე ხაზის გარეშე ვითამაშეთ და ახლა ეს პრობლემება დიდწილად აღმოიფხვრება. აღსანიშნავია, რომ ორივე ეს მორაგბე ჩვენი კლუბის აღზრდილია და ასე ვთქვათ, შინ დაბრუნდნენ. ერთწლიანი იჯარით დავიმატეთ ალექსანდრე ხუციშვილი, რომელიც 7-კაცა ნაკრების წევრია და მისი დიდი იმედი მაქვს. მწამს, ის “ყოჩებს” კიდევ უფრო გააძლიერებს. “ესპუარებიდან” დავიმატეთ გიორგი მელაძე, რომელიც ახალგაზრდული ნაკრების წევრია და გიორგი ილიაევი. “ლოკომოტოვიდან” შემოგვიერთდა ჯაბა კიკვაძე, რომელიც მესამე ხაზს თამაშობს და საჭიროების შემთხვევაში მეორე ხაზშიც შეგვიძლია დავაყენოთ.
- ასეთი გაძლიერების ფონზე, ალბათ, მეოთხე ადგილი აღარ დაგაკმაყოფილებთ.
- ასე ხელაღებით რამის თქმა ძალიან ძნელია. ეს სპორტია, სადაც ყველაფერი ხდება. ჩვენ არ ვიცით რა გამოწვევები გვექნება სეზონის მსვლელობისას, როგორ იქნება ტრავმების საქმე. თუმცა, რომ ვუყურებ ბიჭების მონდომებას, უფრი მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ - დაზღვეულები არ ვართ, მსგავსი მწარე გამოცდილება ადრეც გვქონია და ტრავმების გამო 3-4 ლიდერი რომ გამოგვაკლდეს, შესაძლოა, ვეღარ გადავეწყოთ.
- წელს ჩემპიონატი უჩვეულოდ ადრე, 15 აგვისტოს იწყება.
- ჩემპიონატის დაწყების თარიღის გადმოწევამ გეგმები შეცვალა. ჩვენ მეორე შეკრების გავლა გვინდოდა ბათუმში, სადაც საკონტროლო თამაშებზეც ვიყავით შეთანხმებული, მაგრამ ეს ვეღარ ხერხდება. მაგრამ მსგავსი პრობლემის წინაშე სხვა გუნდებიც აღმოჩნდნენ, ზოგს სულაც ნაჩქარევად მოუწია შეკრება, რადგან ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ.
ერთის მხრივ, კარგია ჩემპიონატი ადრე რომ იწყება, რადგან, პირადად ჩემი აზრით, სეზონებს შორის ამხელა შესვენება არ უნდა იყოს. კალენდრით უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ არის რთული მომენტებიც. პირველი ხუთი ტურის შემდეგ, გვიწევს სამკვირიანი შესვენება და მერე უშუალო კონკურენტებს - “არმიას” და “ლელოს” ვეთამაშებით. მერეც გვიწევს მსგავსი შესვენება და ცოტა რთული დასაგეგმია გუნდის მომზადება, რათა ყველა შეხვედრას მაქსიმალურ ფორმაში შევხვდეთ. წყვეტილი სეზონია და შესაძლოა, გუნდმა რიტმი დაკარგოს, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ.
ძალიან კარგია ჩვენი გუნდი ევროთასებზე რომ ითამაშებს და ამ პერიოდში აუცილებელია შიდა ჩემპიონატი შეწყდეს. იქნებ ისეც მოხდეს, რომ მოგვიანებით აღმოსავლეთის ნაკრებს დასავლეთისაც მიემატოს და ორი გუნდით წარვსდგეთ ევროთასებზე. უკეთესი იქნებოდა, პორტუგალიურ კლუბს ჩვენთან თამაშზე უარი რომ არ ეთქვა. ევროთასებზე გასვლით მოთამაშეებს, მწვრთნელებს, კლუბების ხელმძღვანელობას სტიმული ემატებათ და ეს დადებითად აისახება შიდა პირველობაზე.
ჩემპიონობისთვის ბრძოლას გეგმავენ გუნდის კაპიტანი და ბომბარდირი თემურ სოხაძე, რომელსაც გასულ ჩემპიონატში საუკეთესო ბომბარდირობისთვის დავაში ირაკლი ყიასაშვილმა ერთი ქულით აჯობა და ახალგაზრდული ნაკრების წევრი გიორგი მელაძე.
თემურ სოხაძე: “შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაძლიერდა. იმ პოზიციებზე, სადაც პრობლემები გვქონდა, ძველი “ყოჩები” დაგვიბრუნდნენ. ნელ-ნელა ფორმაში შევდივართ და შეკრებისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნებით. დიდი პერიოდი ფიზმომზადებას დავუთმეთ და ახლა ტექნიკასა და ტაქტიკაზე გადავედით. ამ სეზონში ბევრად უფრო დიდი მიზნები გვაქვს და მაქსიმუმს გავიღებთ მის მისაღწევად. ჩვენს კლუბში ყოველთვის მეგობრული სიტუაცია იყო და ახლაც ასეა. სეზონის სტარტის გადმოწევამ გეგმები ოდნავ შეცვალა, მაგრამ, ვფიქრობ, ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით. წელს მინიმუმ ფინალში უნდა გავიდეთ და იქაც მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ”.
გიორგი მელაძე: “თავი არ დამიზოგავს, მუდამ მონდომებით ვვარჯიშობდი და პირველ გუნდში დაწინაურებაც დავიმსახურე. იმედია, წელს ჩემპიონიც გავხდები. უმაღლესი დონის ფიზმომზადება გავიარეთ და ახლაც ვაგრძელებთ ვარჯიშებს. აუცილებელია, რომ ჩემპიონატი გამარჯვებით გავხსნათ. ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს იმისათვის, რომ წელს “ბზის თასი” შევმართოთ. ინდივიდუალურად ყველა კარგი მოთამაშეა და ახლა მთავარია შევიკრათ. ბავშვობიდან ამ გუნდში ვვარჯიშობ და გუნდთან შერწყმის პრობლემაც არ გამჩენია”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია