შიდა რაგბი

14:45 | 23.10.2018 | ნანახია 1106 - ჯერ

პირველი ლიგა: პრეზიდენტისადმი მიძღვნილი საჩუქარი

მესამე ტური საგანგებო შემთხვევით დაიწყო. ოზურგეთში, ‘არწივებს’ თამაშზე ქუთაისის ‘ბაგრატი’ არ გამოუცხადდა. რიონისპირელთა ხელნმძღვანელობამ გურიაში ჩაუსვლელობის მიზეზად უსახსრობა მოიმიზეზა. მომხდარზე სრკ-ს დისციპლინარული კომიტეტი საგანგებოდ იმსჯელებს. ტრიბუნალის ვერდიქტამდე, დებულების თანახმად, ‘არწივებს’ პრემიალურით - 5 ქულა დაერიცხათ, ‘ბაგრატს’ კი 1 ქულა ჩამოაკლდა, რამაც რიონისპირელები სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე დატოვა.

ტურნირის მონაწილეთა შორის, შემადგენლობით გამორჩეულ ‘იუნკერებს’ კი მეტოქის შეუფასებლობა სეზონში პირველი მარცხის ფასად დაუჯდათ. პირველობის მთავარმა ფავორიტმა, ქუთაისის ‘არესს’ ‘შევარდენზე’ უმასპინძლა და თავისი მგეზავის რეზი ხარაზიშვილის ერთადერთ ჯარიმას დასჯერდა. ‘არესი’ უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა. სერგო ფრუიძის შეგირდებმა მწვრთნელის დავალება პირნათლად შეასრულეს. დაცვაში სწრაფ მოქმედებასთან ერთად მეტოქეს სათამაშო სივრცე მაქსიმალურად შეუზღუდეს, რასაც ‘ომის მრისხანე ღმერთის’ მგეზავის გაგა სინაურიძის დიდებული თამაშიც დაერთო. რიონისპირელთა მოთამაშე-მწვრთნელი ფეხით საუცხოოდ ირჯებოდა და ‘იუნკერების’ მთელი შეხვედრის მანძილზე პრობლემებს უქმნიდა. ასევე აღნიშვნის ღირსია, სტუმართა მარცხენა ბურჯის ბაქარ ბურჯალიანის კარგი თამაში. კოჭმტკივანმა ბაქარმა გამოცდილ მეტოქეებს გასაქანი არ მისცა.

‘არესის’ შუამარბმა ამირან შვანგირაძემ შეხვედრის პირველი ლელო სინაურიძის შეცურებული ოვალის დაუფლების შედეგად გაიტანა. მეორე ტაიმში, ქუთათურებმა კიდევ 2 ლელოს გატანა მოახერხეს. თავი მარბიელმა ნიკა სირაძემ და შეცვლაზე შესულმა ფრთა თეიმურაზ კვიცარიძემ გამოიჩინეს. სინაურიძემ კი 2 გარდასახვასთან ერთად, 3 ჯარიმაც ზუსტად დაარტყა. ‘არესმა’ 28:3 პრემიით იმარჯვა. ქუთათურები მიჯრით 3 მოგებითა და 14 დაგროვილი ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დამკვიდრდნენ. აღსანიშნავია, რომ მატჩის წინ’ არესის’ მოთამაშეები თავიანთ იუბილარ პრეზიდენტ გიორგი ჩიხლაძეს კარგ საჩუქარს დაპირდნენ და რაგბზე უზომოდ შეყვარებული, ახალგაზრდა, ნიჭიერი და ენერგიული ხელმნძღვანელიც არ გააწბილეს.

დრამატული გამოდგა ფოთში, ‘პარკი არენაზე’, ივერია კოლხი რაინდებისა’ და ‘ტაოს’ შეხვედრა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ერთი ხანობა უპირატესობას კოლხები ფლობდნენ. შუამარბ ირაკლი სასანიას, ბურჯ ნიკა ჩაგუნავასა და ფულბეკ დავით შვანგირაძის გატანილი ლელოებით მასპინძლები მეორე ტაიმის შუაწელს 10-ქულიან უპირატესობას ფლობდნენ. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კი მესხების უპირატესობით წარიმართა. კოლხებს დაღლა დაეტყოთ, თან წამყვანი ჰუქერი ირაკლი გვარამიაც დაუშავდათ და ბოლო წუთებზე სინბინის შემდეგ კაცნაკლულნი დარჩნენ. ‘ტაოს’ მარბიელ ნიკა კაპანაძის დადებული ლელოთი, ანგარიშში სხვაობა 3-ქულამდე შემცირდა. ბოლო შეტევაში სტუმრებმა გარისკეს და გაუმართლათ კიდეც. კარში დასარტყამი ჯარიმა აუტში გადაიტანეს და მესხების ბოლო მიძალება შუამარბმა ნიკა ბოლქვაძემ ლელოდ აქცია. შეხვედრა მალხაზ ჭეიშვილის შეგირდებმა 22:20 მოიგეს და 9 ქულით მეოთხე ადგილზე დამკვიდრნენ. აღებული ნუგეშით, ბაჩო ჩაჩავას ბიჭებმა 6 ქულა დააგროვეს და ცხრილში მეხუთე ადგილი შეინარჩუნეს.

მესამე ტური ნავთლუღში, ‘დინამოსა’ და ‘ყოჩების’ დაპირისპირებით დასრულდა. ქვეყნის 3-გზის ჩემპიონი მატჩის დასაწყისიდანვე დომინირებდა. აკა ცინცაძის შეგირდები გამორჩეულ უპირატესობას ხაზსში ფლობდნენ და ფავორიტის მიერ გატანილი 7 ლელოდან უმეტესი ნაწილი სწორედ ხაზის მოთამაშეთა ანგარიშსზეა. დუბლი ‘ყოჩების’ გამოცდილმა შუამარბმა ირაკლი გეგენავამ შეასრულა. ‘დინამომ’ ბოლომდე იბრძოლა, თუმცა მხოლოდ მგეზავ ირაკლი გოდერძიშვილის გატანილ ერთადერთ ჯარიმას დასჯერდა 3:45. მართალია ლევან რამიშვილის შეგირდებმა სეზონის სამივე საწყისი შეხვედრა დათმეს, თუმცა უხნეს ქართულ კლუბს თამაშის ხარისხის გაუმჯობესების რესურსი აშკარად გააჩნია.’ყოჩებმა’ მიჯრით პრემიით მესამე შეხვედრა მოიგეს, მაქსიმალური 15 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილის სათავეშიც მოექცნენ.

მორიგი ტურის გამორჩეული შეხვედრა 28 ოქტომბერს გაიმართება. ავჭალაში ერთმანეთს ჩემპიონატის ფავორიტები ‘ყოჩები’ და ‘იუნკერები’ დაუპირისპირდებიან.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082746