შიდა რაგბი

17:14 | 22.10.2018 | ნანახია 1283 - ჯერ

ჭაბუკთა "ა" ლიგა: "აია" დაწინაურდა

მესამე ტურის საწყის შეხვედრაში მარნეულის ‘არმაზმა’ ქუთაისის ‘არესს’ ’ შევარდენზე’ უმასპინძლა. ქვემოქართლელებმა ბურთზე კონტროლი თავიდანვე დააწესეს და საგრძნობ ტერიტორიულ უპირატესობას მთელი შეხვედრა ინარჩუნებდნენ. რიონისპირელებმა კი თამაში კონტრშეტევებზე ააგეს, მწვრთნელის დავალება კარგად შეასრულეს და წარმატების მცირე შანსიც მაქსიმალურად გამოიყენეს.

აღსანიშნავია, რომ დებიუტანტის კვალობაზე კარგად მობურთავე ‘არესის’ მოთამაშეთა დიდი ნაწილი 2001 წელსაა დაბადებული. ‘არმაზის’ მარბიელ დავით ზირაქიშვილის ლელოს, გიორგი მონაძის გუნდიდან საჯარიმო ლელო მოჰყვა, რასაც ‘არესის’ ლიდერ და მგეზავ ბაკურ კუხალაშვილის 2 ჯარიმაც დაერთო. კუხალაშვილმა მეორე ტაიმის დასაწყისში, მორიგი ჯარიმით ’ომის მრისხანე ღმერთის’ უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდა. ‘არმაზმა’ ხელით თამაშსა და ტემპს უმატა,სტუმრებს კი დაღლა დაეტყოთ. ლუკა ნაყეურის 2 ჯარიმას, ფრთის მოთამაშე დავით გოგინაშვილის ლელო მოჰყვა და ანგარიშიც გათანაბრდა 16:16. მატჩის კულმინაცია კი ბოლო წუთზე ბაკურ კუხალაშვილის არეკნი გახლდათ. ბაკური 22-მეტრიან ზონასთან, კარის პირდაპირ ურტყავდა, თუმცა ქვემოქართლელებმა დროულად დაუფარეს და მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირველი ქულები აიღეს, რამაც ჯერჯერობით მოუგებლად მყოფ ‘არმაზს’ მეექვსე ადგილზე ანაცვლების შესაძლებლობა მისცა. ‘არესი’ კი 6 საცხრილო ქულით მოწინავე კვარტეტში აღზევდა.

პირველობის კიდევ ერთი დებიუტანტი, ‘ხვამლი’ მოგებათა სერიას აგრძელებს, თუმცა პრემიალური ქულის აღებას ვერ ახერხებს. რუსთავში, ‘ხარებისა’ და ,ხვამლის’ შეხვედრის წინ მეტოქეებს საკადრო პრობლემები მოეძალათ. ქვემოქართლელებს ძირითადის 4 ტრავმირებული მოთამაშე აკლდათ, რასაც მეორე ტაიმში, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დათო ლომიძის ტრავმაც დაერთო. მანამდე ‘ხარების’ მარბიელმა ლელოს გატანაც მოახერხა. მუხიანელთა ბორჯღალოსანმა დამრიგებელმა რატი ურუშაძემ კი ასევე ტრავმების გამო, ძირითადის სამი პირველხაზელი მოისაკლისა, რამაც თავი განსაკუთრებით მეორე ტაიმში იჩინა. ‘ხვამლმა’თავიდან მეტოქის უხეში შეცდომები მაქსიმალურად გამოიყენა, 3 ლელო გაიტანა (ზურა ქობელაშვილი, ზურა ლუტიძე, მიშა კობახიძე) და ტაიმი დამაჯერებლად, 19:3 მოიგო. მეორე ტაიმში თამაში აირია. მუხიანელთა მხრიდან უნებლიე შეცდომებმა იმატა, თან სტუმრებმა რამდენიმე გასატანი ჯარიმის დარტყმაც იუარეს. შექმნილი ვითარებით კარგად ისარგებლეს თემურ ლობჟანიძის (‘ხარების’ რეალური მთავარი მწვრთნელი) შეგირდებმა. ფულბეკმა გიორგი ელოშვილმა გარდასახვასთან ერთად 2 ჯარიმაც გაიტანა და მასპინძლებს შეხვედრის გადარჩენის შანსი გაუჩნდათ. ბოლო წუთებში ‘ხვამლმა’ თავი კარგად დაიცვა, ფულბეკ ზურა ქობელაშვილის ჯარიმამ კი ქვემოქართლელებს ნუგეშიც არ დაანება 13:22. ‘ხარები’ პლეი ოფის ზონის მიღმა აღმოჩნდნენ, ხვამლი’ კი მიჯრით მესამე გამარჯვების შემდეგ, 12 ქულით მყარად მესამე ადგილზე იმყოფება.

კიკეთში, ‘სამთამ’ ჩემპიონ ‘ლელოს’ დიდი ბრძოლა გაუმართა.მეტოქენი შეხვედრას სოლიდური საკადრო პრობლემებით შეხვდნენ. კიკეთელებს ტრავმების გამო პირველი ხაზის შეცვლა თითქმის სრულად მოუხდათ. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მარბიელ გიორგი ნოდიას, ჰავბეკ ლევან ბერძენიშვილისა და მგეზავ შოთა ღუდუშაურის არყოფნა. ბერძენიშვილი და ღუდუშაური მძიმე ტრავმების გამო თამაშს წლეულს ვეღარ შეძლებენ. ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ‘სამთასთვის’ ხსენებული მორაგბეები აუნაზღაურებელ დანაკლისს წარმოადგენენ. ‘ლელოს’ კი ტრადიციულად ყოველი მატჩის წინ ძირითადის 6-8 მოთამაშე აკლია. ოთარ ბარკალაიას შეგირდთა გარკვეული ნაწილი ძალისხმევას უკვე ‘ლელოს’ დიდ გუნდს ახმარს.

არსებული პრობლემების მიუხედავად, ‘სამთამ’ შესაშური ბრძოლისუნარიანობა და ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა. ‘ლელო’ კი მატჩისთვის სათანადოდ ვერ განეწყო, რამაც ჩემპიონის თამაშს ერთგვარი დაღიც დაასვა. კიკეთელთა ჰუქერის ანტონ ცილიკურის ლელოს, სტუმართა მხრიდან მარჯვენა ბურჯის გიორგი ჭანიას საპასუხო ლელო მოჰყვა და ტაიმიც ფრედ 7:7 დასრულდა. ფიცხელი ბრძოლა მეორე ტაიმშიც გაგრძელდა,თუმცა ჩემპიონმა კლასის ხარჯზე გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება შეძლო. გიორგი ჭანიამ ‘დუბლის’ შესრულება მოახერხა. გატანილი ლელოთი თავი შუამარბ/მგეზავმა საბა ჯოხაძემაც გამოიჩინა. საბამ სამივე ლელო გარდასახა და ჩემპიონმა 21:10 მორიგი გამარჯვება მიითვალა, თუმცა ამჯერად პრემიის აღება ვერ შეძლო. ‘ლელო’ თამაშის გამარტივებას ვერ ახერხებდა და თანაც ‘სამთამ’ ჩემპიონს შერკინებაში ტრადიული უპირატესობა არ მოაპოვებინა და როგორც შემდგომში გაირკვა ლიდერობაც დააკარგინა.

ტური, ‘შევარდენზე’ ‘ლოკომოტივი ხულიგანასა’ და ქუთაისის ‘აიას’ შეხვედრით დასრულდა. რიონისპირელთა დამრიგებელმა გაგა გურეშიძემ უძლიერესს შემადგენლობას მოუყარა თავი, რამაც ვიცე-ჩემპიონი~ს უდიდესი უპირატესობა და დამაჯერებელი გამარჯვება არგუნა 51:5. ქუთათურებმა 9 ლელოს გატანა მოახერხეს. ‘დუბლით’-თავი ფულბეკმა ნიკა ძნელაძემ და მარბიელმა გიგი ლეშქაშელმა გამოიჩინეს. რკინიგზელები კი დიდი მცდელობის მიუხედავად, მეორე ტაიმში ჰავბეკ ბექა კეტაშვილის ერთადერთ ლელოს დასჯერდნენ. აღებული პრემიით, აიამ 3 ტურში მაქსიმალური შედეგით 15 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის სათავეშიც მოექცა.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089796