საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის “ლოკომოტივი”, ყველა გათამაშების წინ, ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება, მაგრამ 2010 წლის სეზონის შემდეგ, გუნდმა “ბზის თასის” შემართვა ვეღარ მოახერხა.
“რკინიგზელები” გასულ გათამაშებასაც საჩემპიონო ამბიციებით შეხვდნენ და რეგულარულ ჩემპიონატშიც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს - “არმიასთან” ერთად ყველაზე მეტი, 13 თამაში მოიგეს და 5-ჯერ დამარცხდნენ, მაგრამ პრემიალური ქულებით სასურველი მარაგი ვერ შეიქმნეს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს დასჯერდნენ. არადა, ბოლო ტურში “ყოჩების” დამარცხების შემთხვევაში, პლეი ოფში კომფორტული პირობები გარანტირებული ექნებოდათ. პირველ ეტაპზე “ჯიქებთან” ფრედ დასრულებული მატჩისა და დამატებითი მაჩვენებლების წყალობით მოპოვებული უპირატესობის შემდეგ, “ლოკომოტივმა” “ყოჩები” უშანსოდ დასცა, მაგრამ მერე თავად დამარცხდა უშანსოდ “არმიასთან” და ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა.
ახალი სეზონისთვის, გუნდმა მზადება დიღმის ბაზაზე, ივლისის შუა რიცხევბში დაიწყო და 1 აგვისტოდან ურეკში გაემგზავრა შეკრებაზე. გუნდის მთავარ მწვრთნელ თემურ ბენდიაშვილს “მსოფლიო სპორტი” დიღმის ბაზაზე ეწვია და უწინარესად, გასული სეზონის პერიპეტიებზე დაეკითხა:
- შარშანდელი წარუმატებლობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ მოთამაშეთა უმეტესობა ერთად პირველად თამაშობდა, განსაკუთრებით საკვანძო პოზიციებზე. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ გუნდის მომზადებაში იმ დონეს ვერ მივაღწიეთ, რაც გვსურდა, თუმცა ახლოს მივედით. ალბათ, ის განწყობაც არ გვქონდა ყველა თამაშზე, რაც უნდა გვქონოდა. შარშან, რეგულარულ პირველობაში ყველაზე მეტი თამაში მოვიგეთ, მაგრამ აუცილებელი პრემიალური ქულები ვერ ავიღეთ. სამი მოსაგები თამაშიც წავაგეთ და თანაც ისე, იქ ქულაც ვერ მოვიპოვეთ. გუნდს პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ განწყობის შესაქმნელად რაღაც დავაკელით. თითოეულ მორაგბეს შეეძლო 20-25 პროცენტი მოემატებინა, მაგრამ ვერ გავხსენით. რეგულარული პირველობის ბოლო თამაში უყურადღებობის გამო დავთმეთ, არადა, პირველ-მეორე ადგილზე გავდიოდით, ამით კომფორტს ვიქმნიდით და მერე არავინ იცის რა მოხდებოდა. მცირე ფინალშიც “არმიასგან” საწყის 6 წუთში ისეთი ლელოები მივიღეთ, რასაც არ ველოდით და ამით ბოლომდე მოვიშალეთ. როგორც ჩანს, პლეი ოფში “ყოჩების” დიდი სხვაობით დამარცხების შემდეგ, რაღაცეებს ვარჯიშებზე ყურადღება აღარ მივაქციეთ და დავისაჯეთ კიდეც.
- გასული გამოცდილების ფონზე, ალბათ, წელს სხვაგვარი განწყობით ემზადებით.
- ჯერ რაც დავისვენეთ, იგივე დრო უნდა გავატაროთ მოედანზე, რომ დაკარგული ავინაზღაუროთ და მერე შეიძლება სათანადო მზადებაზე საუბარი. ყველა გუნდი ანგარიშგასაწევია, მაგრამ კალენდარი ისეთი გვაქვს, ნელ-ნელა შევალთ ფორმაში და პრინციპულ მეტოქეებთან, ფორმის პიკში ვიქნებით. კიდევ ერთხელ დავკონკრეტდები, ყველა გუნდი შეიცვალა, ყველას პატივს ვცემთ და ყველასთან ვეცდებით საჭირო ქულების აღებას.
- რა ცვლილებებით ხვდებით ახალ სეზონს?
- “აკადემიიდან” და “ჯიქებიდან” ორ-ორი მოთამაშე დავიმატეთ, რომელთაც უდიდესი პოტენციალი აქვთ, ჩვენთან ითამაშებს ყველასთვის კარგად ნაცნობი გიორგი შკინინი, თუმცა, დანაკლისიც სერიოზული გვაქვს. 1 აგვისტოდან ურეკში ვგეგმავთ შეკრებას, პირველი სამი თამაშიც მზადების ეტაპად განიხილება და იმედია, გადამწყვეტ ჯახებს საუკეთესო ფორმაში შევხვდებით.
- სამი თამაშიდან ძალიან მალე, შესვენება გიწევთ...
- ძალიან კარგია, რომ ქართული კლუბები ევროთასებზე გავიდნენ და იტალიელებს ვეთამაშებით. ეროვნული ნაკრების 80 პროცენტი საფრანგეთში თამაშობს და ახლა, სხვებსაც გაუჩნდებათ შანსი.
- წელს მხოლოდ ჩემპიონობისთვის იბრძოლებთ?
- ჩვენ ჩემპიონობა ყოველ წელს გვინდა, მაგრამ ხან გამოგვდის და ხან არა. აგერ, უკვე სამი წელია ამ მიზანს ვერ ვაღწევთ და ვნახოთ, წელს როგორ განვითარდება მოვლენები.
- ვხედავთ, რომ “ლოკომოტივის” ბაზაზე არაფერი შეცვლილა და როდის უნდა ველოდოთ ამ კუთხით უკეთესობას?
- “ქართუ” დღესაც გვპირდება აქაურობის მოწესრიგებას, მაგრამ აქ, ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაგრიდან გადმოსახლებული ხალხი ცხოვრობს და სანამ მათ პირობა არ შეექმნებათ, მანამდე არაფერი მოხდება. ამ ხალხს აქ შვილები და შვილიშვილები გაუჩნდათ და ჩვენ მათ გასახლებას არასდროს მოვითხოვთ, თორემ ბაზისთვის იდეალური ადგილია. თუ ამ ადამიანებს სათანადოდ მიხედავენ და სრულად დააკმაყოფილებენ, თანახმა ვართ მშენებლობა დაიწყოს, თუ არა და, დაე ვიყოთ ისე, როგორც ვართ. მირჩევნია გაგრაში გვქონდეს ესეთი ბაზა, მაგრამ ასე ვერ ხერხდება.
განსაკუთრებული განწყობით ემზადებიან და ჩემპიონობას უმიზნებენ “ლოკომოტივის” გამოცდილი მოთამაშეებიც, რომელთაც ახალგაზრდების აყოლიების იმედიც აქვთ.
ვახტანგ კავთიძე: “წელს ისე მოხდა, რომ დრო ცოტა გვაქვს და მზადებისას აქცენტი, უმეტესად, ტექნიკისა და ტაქტიკის დახვეწაზეა გადატანილი. შეთავსებით ფიზიკაზეც ვმუშაობთ და 15-ში გამოჩნდება, რა გამოგვივიდა. წელს ჩემპიონობა გვინდა და ამისთვის ყველამ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ”.
დავით გასვიანი: “შარშან შეცდომები დავუშვით, მობილიზაცია დაგვაკლდა და ჩემპიონებიც ვერ გავხდით. ჩვენ ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ვართ, მაგრამ უკვე კარგა ხანია პირველობას ვერ ვახერხებთ და დროა, ღირსება დავიბრუნოთ. გუნდში მრავლად გვყავს ახალგაზრდები და რომ ვუყურებ, მსიამოვნებს. მათი მონდომების შემხედვარეს მწამს, წელს ვერავინ შეგვაჩერებს”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია