17:45 | 18.10.2018 | ნანახია 1117 - ჯერ

ელიტურმა აკადემიამ შერჩევის პროცესი დაიწყო

17 და 18 ოქტომბერს, შევარდენზე ახალი, რაგბის „ელიტური აკადემიის“ პირველი სასელექციო ვარჯიშები გაიმართა. ელიტური აკადემია სანაკრებო ვერტიკალზე, წამყვანი სარაგბო ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით შეიქმნა და მისი მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდა მორაგბეების ინდივიდუალური უნარების ამაღლებაა. ელიტური აკადემიის ხელმძღვანელი უმცროსი ბორჯღალოსნების (20 წ.) მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძეა, ხოლო მწვრთნელები ახალგაზრდულ ნაკრებებში დასაქმებული სპეციალისტები არიან.

ახლადშექმნილ ელიტურ აკადემიაში სამი ჯგუფი ივარჯიშებს - 2002, 2003 და 2004 წლებში დაბადებული მორაგბეების. სელექციის გავლის შემდეგ, რჩეულები კვირაში სამჯერ შევარდენზე ივარჯიშებენ. თითოეულ ჯგუფთან სამ-სამი მწვრთნელი და სამი ფიზმომზადების სპეციალისტი იმუშავებს. ტექნიკური ილეთების დახვეწის გარდა, მორაგბეები ეზიარებიან პროფესიონალიზმს, ექნებათ მასტერკლასები ნუტრიციასთან დაკავშირებით და ა.შ.

„ეს არის 7-წლიანი სწავლება, რომლის მიზანია, რომ აღვზარდოთ მაღალი დონის მოთამაშეები, რომელთა 80-90 პროცენტი მოხვდება ყველა ასაკობრივ ნაკრებში და შეავსებს ეროვნული ნაკრების რიგებს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტი მოთამაშეთა შეფასების ელექტრონული სისტემაა, რის შედეგად მწვრთნელებს ექნებათ სრული სურათი, თუ მომზადების რა ეტაპები გაიარა, სად, როდის და რაში მოუმატა ამ მორაგბემ, მოკლედ მთელი სურათი მისი კარიერის შესახებ, დაწყებული 14 წლის ასაკიდან.

„თითოეულ ჯგუფში გვეყოლება მხოლოდ გამორჩეული მონაცემების მქონე მოთამაშეები. არ ავიყვანთ დიდი ოდენობით მორაგბეებს, თუმცა არც რაოდენობრივი შეზღუდვა გვაქვს და ელიტურ აკადემიაში ყველა მოხვდება, ვინც ამას დაიმსახურებს. ჯგუფები არ იქნება დახურული და თუ სწავლების მომენტში ვინმე მოუკლებს, მას დავემშვიდობებით, ხოლო თუ ჯგუფის გარეთ მყოფი მოთამაშე მოუმატებს, მას შანსი აუცილებლად მიეცემა.

„თითოეულ ასაკობრივ ჯგუფს ეყოლება საკუთარი მენტორი, ხაზის, ფიზ-მომზადების და შერკინების მწვრთნელი. ექნებათ განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგრამა და ამ გეგმის მიხედვით მოხდება მათი განვითარება“ - განმარტავს ილია მაისურაძე.

სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ელექტრონულ შეფასებათა სისტემაში, ასახული იქნება თითოეული მორაგბის განვითარების (ან რეგრესის) თითოეული ნაბიჯი. მათ ყველა კომპონენტში ექნებათ სტრატეგიული მიზანი და მინიმალური ზღვარი, რომელიც აუცილებლად უნდა დააკმაყოფილონ. ეს მონაცემები დაარქივდება და საჭიროების შემთხვევაში მწვრთნელები და თავად მოთამაშეები გამოიყენებენ. ქართულ კლუბებში მომუშავე მწვრთნელებისთვის ჩატარდება მასტერ-კლასები, რათა მოხდეს მათი კვალიფიკაციის ამაღლება. სამოქმედო გეგმის მიხედვით, ელიტური აკადემიის წევრებს წელიწადში ორჯერ ექნებათ 5-7 დღიანი შეკრება.

მაისურაძეს მიაჩნია, რომ ამ პროექტით ქართული რაგბის განვითარება და მდგრადობა შენარჩუნდება და ქომაგი ხშირად გაიხარებს ისეთი წარმატებებით, როგორიც წელს 20-წლამდელთა ნაკრებს ჰქონდა.

www.rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:07 | 19.10.2018
ilarioni (138)

გასაგებია, მაგრამ არაფერი წერია თვითონ შერჩევის პროცედურებში მონაწილეობის მიღებაზე, მაგ. როგორ უნდა მოხვდეს ბავშვი იქ.

0.06645