7-ქალა

14:15 | 17.10.2018 | ნანახია 1694 - ჯერ

7-ქალას განვითარების გზა: ჯაბა მალაღურაძე და მისი გოგონები

ბოლო წლებში საქართველოში ქალთა რაგბის განვითარება ახალ საფეხურზე გადავიდა. თუ ადრე მცირე რაოდენობის მოთამაშეთა გამო 7-ქალა ნაკრების დაკომპლექტებაც კი დიდ სირთულეს წარმოადგენდა, დღეისათვის გვყავს ორი ნაკრები (7-ქალა ეროვნული და 18-წლამდელები), გუნდები და ეს შედეგებზეც აისახა.

გოგონებმა ამა წლის ივნისში რაგბი ევროპის „კონფერენც დივიზიონი“ მოიგეს და მეორე დონეზე, „ალაფაზე“ აღზევდენ. ოქტომბრის დასაწყისში თბილისმა პირველად უმასპინძლა ქალთა საერთაშორისო ტურნირს (შარშან ოთხთა ტურნირი ქუთაისში გაიმართა და საბერძნეთის ნაკრებმა ითამაშა), ჩვენს ქვეყანას „ალაფის“ ბინადარი ისრაელი ეწვია და Georgia Ledy’s Sevens-თან (თბილისში მოვარჯიშე 7-ქალა ნაკრების კანდიდატები), აღმოსავლეთისა და დასავლეთის ნაკრებებთან ითამაშა. ტურნირის გამარჯვებული Georgia Ledy’s Sevens-ი გახდა, რომელმაც სამივე თამაში მოიგო.

„2018 წელი ერთმნიშვნელოვნად დადებითად უნდა შევაფასოთ, რადგან წელს ჩატარებულ ყველა ტურნირში მოვახერხეთ დასახული მიზნის შესრულება. საუბარია იმ მოსამზადებელ ტურნირებზეც, რომლებმაც საბოლოოდ დაგვირგვინებამდე - ევროპის ჩემპიონატის კონფერენც დივიზიონის მოგებამდე მიგვიყვანა“ - ამბობს 7-ქალას მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე და თბილისის საერთაშორისო ტურნირის მნიშვნელობაზე გვიყვება:

„მიუხედავად იმისა, რომ დიდი დასვენება გვქონდა და უვარჯიშებლები ვიყავით, ცოტა ხნის წინ თბილისში გამართულ საერთაშორისო ტურნირზეც კარგად ვითამაშეთ. ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ თამაში, რომელიც გაისად „ალაფაზე“ ჩვენი ერთ-ერთი მეტოქე იქნება, ჩვენი გოგოებისთვის სასარგებლო იყო, როგორც გამოცდილების შეძენის, ასევე ძალთა თანაფარდობის გადაფასების კუთხით“.

„თბილისის ტურნირს სხვა დატვირთვაც ჰქონდა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ქალთა რაგბის განვითარებისთვის. იმ გოგონებს, რომლებიც საქართველოში თამაშობენ, ვერ ხვდებიან ეროვნულ ნაკრებში და არ აქვთ უცხოურ გუნდებთან თამაშის საშუალება, ეს გამოცდილება შეიძინეს“.

წმინდა სპორტული თვალსაზრისის გარდა, მალაღურაძე საორგანიზაციო კუთხითაც კმაყოფილია:

„არაერთ ტურნირზე ვყოფილვართ და საორგანიზაციო კუთხით, ეს ტურნირი საუკეთესოდ იყო მომზადებული. რომ მქონოდა შესაძლებლობა, ყველა კრიტერიუმში უმაღლეს ქულას დავწერდი. იყო კარგი განწყობა, საუკეთესო სათამაშო გარემო და აქტივობები, რაც მოთამაშეთა დაახლოვებას უწყობს ხელს. ეს ყველაფერი ჩვენი ნაკრების მენეჯერის, ია ხურცილავას დამსახურებაა. დიდი მხარდაჭერა გვქონდა საქართველოს რაგბის კავშირიდან და ყველა პრობლემის აღმოფხვრა უმოკლეს დროში ხდებოდა“.

7-ქალას დიდი მიზნები

საქართველოში ქალთა რაგბის განვითარება ზურაბ დუგლაძემ 2007 წელს დაიწყო. პირველი ნაკრებიც სწორედ მან ჩამოაყალიბა, თუმცა არ არსებობდა კლუბები საერთაშორისო ტურნირების წინ, ნაკრებს სხვა სპორტში მოღვაწე გოგონები ავსებდნენ. რაგბის კავშირმა ამ წამოწყებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და მოგვიანებით, როდესაც ნაკრები პალიკო ჯიმშელაძემ ჩაიბარა, გუნდმა პირველად მოიპოვა „ალაფის“ საგზური.

მალაღურაძე ქალთა რაგბის განვითარებაში 2013 წლიდან ჩაერთო:

„პალიკო ჯიმშელაძის ხელში ნაკრებმა სტაბილური სახე მიიღო, თუმცა კვლავ გვქონდა პრობლემები. იმ პერიოდში ქალთა გუნდები ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ, სულ 40-მდე გოგონა ვარჯიშობდა და ისინიც ხშირად პარალელურად სხვა სპორტითაც იყვნენ დაკავებული. შევიმუშავეთ პროექტი და დავიწყეთ გოგონებს შორის ფესტივალების ჩატარება, რამაც რაგბში ჩართული გოგონების რაოდენობა გაზარდა“.

„დღესდღეისობით ჩვენ გვყავს სტაბილური გუნდები, რომლებიც რეგულარულად მონაწილეობენ ჩვენს მიერ ორგანიზებულ ტურნირებში. ისინი სისტემატურად გვაწვდიან მოთამაშეებს და უკვე გვყავს 18-წლამდელთა ნაკრები, რომელიც მეორე წელია ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობს. გვყავს 160-ზე მეტი მოთამაშე და ყველა მწვრთნელი, რომელიც მათთან მუშაობს, ლიცენზირებულია“.

გრძელვადიანი, მოთამაშეთა რაოდენობის გაზრდაზე ორიენტირებული პროექტის გარდა, მალაღურაძემ ორი წლის წინ შეიმუშავა გეგმა, რომელიც წელს „ალაფის“ საგზურის მოპოვებით დაგვირგვინდა:

„ჩემი მუშაობის პირველ წლებში, ევროპის ჩემპიონატის „ა“ დივიზიონში ორი წელი ვითამაშეთ, 2016 წლის ჩემპიონატის წინ კი, ნაკრებში დიდი რეფორმები განვახორციელეთ, გავაკეთეთ ახალი გუნდი და იმ წელს „კონფერენც დივიზიონში“ დავეშვით, რაც მოსალოდნელი იყო. შევიმუშავეთ ორწლიანი გეგმა, რამაც შედეგი გამოიღო და წელს „ა“ დივიზიონში, „ალაფაზე“ დავბრუნდით. სასიხარულოა, რომ ნაკრები ახალგაზრდა გოგონებითაა დაკომპლექტებული, რომელთა საშუალო ასაკი 20 წელია და გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ეს ძალიან კარგია“.

ჯაბა ფიქრობს, რომ გარემო პირობების გათვალისწინებით, საქართველოში ქალთა რაგბის განვითარებას ბევრად უფრო ცოტა დრო დაჭირდება, ვიდრე თავის დროზე კაცთა რაგბის აღზევებას დაჭირდა, რომელიც გასული საუკუნის მიწურულს პრაქტიკულად ინფრაქსტრუქტურისა და ხელშეწყობის გარეშე მიიწევდა წინ:

„გარემოებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია სწრაფი პროგრესი განვიცადოთ. გასული საუკუნის 90-იანი წლებისგან განსხვავებით, როდესაც ქართული რაგბი დამოუკიდებლად პირველ ნაბიჯებს დგამდა, გვაქვს გამართული ინფრასტრუქტურა, საუკეთესო სამედიცინო მომსახურება, მწვრთნელებისთვის წვდომა ყველანაირ ინფორმაციაზე, გვყავს მაღალი დონის ფიზმომზადების სპეციალისტები. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის წინაპირობას, რომ ის პროგრესი, რომელსაც კაცთა რაგბმა 20 წელი მოანდომა, ბევრად ნაკლებ დროში გავიაროთ და დავიმკვიდროთ ადგილი მოწინავე 15 გუნდში“.

მსოფლიოს მოწინავე 15 გუნდში მოხვედრამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი და უახლოეს მიზანს ევროპის მოწინავე 12 გუნდში მოხვედრა, ანუ „გრან პრიზე“ აღზევება წარმოადგენს:

„2019 წელს ჩვენი მიზანი „ა“ დივიზიონში დარჩენაა და გვაქვს ორწლიანი გეგმა, რომლის შემდეგაც ევროპის ელიტურ დივიზიონში უნდა ავიდეთ. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს მენეჯმენტი. გიორგი მაისურაძე გოგონებს ფიზიკურად ამზადებს და სარაგბო კუთხით ჩემი დამხმარეა, ია ხურცილავა მოთამაშეებს საუკეთესო პირობებს უქმნის და თავად მორაგბეებსაც შესანიშნავი განწყობა აქვთ. ახალი მიზნების შესრულებას და სიმაღლეებზე ასვლას მეტი პროფესიონალიზმი ჭირდება, რისთვისაც მზად არიან გოგონები და რაგბის კავშირიც მხარში გვიდგას“.

გოგონები: „რაგბი ჭკუის და აზროვნების, უმაგრესი გუნდური თამაშია“

ქალთა რაგბის ბოლო პერიოდის წარმატებებსა და პროგრესზე საქართველოს 7-ქალა ნაკრების კაპიტან ქეთევან მოდებაძეს და მორაგბეებს - სალომე მაკასარაშვილსა და ირმა გულიაშვილს ვესაუბრეთ. სამივე მათგანი რაგბში სპორტის სხვადასხვა სახეობიდან მოვიდა და ამბობენ, რომ თავისი თამაში აღმოაჩინეს.

ქეთევან მოდებაძე: „რაგბი უფრო ჭკუის, აზროვნების და არიდების თამაშია, ვიდრე ძალის, როგორც ბევრს გონია. გუნდში ისეთი სიტუაციაა, რომ ერთად ყოფნა გვიხარია. წელს ორწლიანი მუშაობის შედეგიც მივიღეთ და „კონფერენც დივიზიონი“ მოვიგეთ. ფინალში გასვლის შემდეგ „ალაფის“ საგზური განაღდებული გვქონდა და ამ თამაშის მოგებით ჩვენი სიხარული გაორმაგდა. წელს ოცნებაც აგვიხდა და თბილისში საერთაშორისო ტურნირი ვითამაშეთ“.

„მთლიანობაში, ბოლო პერიოდში დიდი პროგრესი განვიცადეთ. ახლა ჩვენი უახლოესი მიზანი „ა“ დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა, თუმცა მიღწეულზე შეჩერებას არ ვაპირებთ და სამომავლოდ ელიტას ვუმიზნებთ“.

სალომე მაკასარაშვილი: „ბევრ სპორტზე მივლია და რაგბი ძალიან მაგარი, გუნდური თამაშია, რომლისგანაც უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. თბილისის ტურნირი საუკეთესო იყო, რადგან ახლობლებისა და მეგობრების თვალწინ ვითამაშეთ. ტრიბუნებიდან შეძახილები სხვა დროსაც გვესმის, თუმცა ქართველ ქომაგს ვერავინ შეედრება. ჩვენს წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით მწვრთნელებს და ჩვენს მენეჯერ ია ხურცილავას, რომელიც ჩვენთვის დედასავითაა“.

ირმა გულიაშვილი: „ყველა პროფესია სიყვარულს და თავდადებას მოითხოვს და ასეა ჩემთვისაც - რაგბი უზომოდ მიყვარს. თბილისის ტურნირზე ყველანი ვგრძნობდით გაორმაგებულ პასუხისმგებლობას, რადგან საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობდით. ვნერვიულობდით, კარგად გვესმოდა, რომ წაგების უფლება არ გვქონდა და ერთმანეთის გვერდში დგომით საწადელს მივაღწიეთ“.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08829