შიდა რაგბი

1:25 | 16.10.2018 | ნანახია 1379 - ჯერ

"პიკასოს ბიჭების" სენსაციური გამარჯვება

მეორე ტური ქუთაისში, ‘ბაგრატისა’ და ‘ივერია კოლხი რაინდების’ შეხვედრით დაიწყო. სპეციალისტები ფავორიტად გაზაფხულზე დიდი 10-დან დაქვეითებულ რიონისპირელებს მიიჩნევდნენ. კოლხების მდგომარეობას კი სეზონის წინ მოძალებული ფინანსური პრობლემები ართულებდა. მიუხედავად ამისა, ფოთელთა ახალგაზრდულმა კოლექტივმა ხასიათის შესაშური სიმტკიცე და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა. კოლხებზე დიდ გავლენას ახდენს გუნდის სულისჩამდგმელის, მენეჯერის „პიკასოს“ /ამირან შავგულიძე/ პიროვნების და დამრიგებლის ფაქტორი. ‘კოლხი რაინდების’ მოთამაშეთა დიდ ნაწილთან ერთად, გუნდის მთავარი მწვრთნელი ბაჩო უჩავაც ამირან შავგულიძის აღზრდილი გახლავთ.

შეხვედრას ქარიშხალმა სერიოზული დაღი დაასვა. არათუ ხელით თამაში, მოკლე მანძილზე ბურთის მიზანმიმართული გადაცემაც შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, ‘ბაგრატის’ მგეზავმა ზვიად ოდიშარიამ მაინც მოახერხა თითო გარდასხვისა და ჯარიმის გატანა, რამაც მასპინძლებს შესვენების წინ 5-ქულიანი უპირატესობა არგუნა 15:10. პირველ ტაიმში მეტოქეებმა 2-2 ლელოს გატანა მოახერხეს.მასპინძელთა მხრიდან-ჰავბეკი გიორგი აბაშიძე და კვაჭი ლაშა ჭოლაძე, ფოთელთაგან კი- ფულბეკი დავით შვანგირაძე და ფრთა ირაკლი სასანია გამოირჩნენ. მეორე ტაიმში, სტატიკაში კოლხთა უპირატესობა გამოიკვეთა. მასპინძლებს დაღლა დაეტყოთ. ქუთათურთა პირველმა და მეორე ხაზმა შეუცვლელად ითამაშა, ბაჩო ჩაჩავამ კი რამდენიმე სასარგებლო ცვლილება განახორციელა, რასაც სტუმართა მხრიდან 4 უპასუხო ლელო მოჰყვა(ნიკოლოზ ხარბედია, დემეტრე ჭურღულია, თემო ნიკოლაიჩუკი, როლანდ ჩაჩავა), შაკო კიკვაძის შეგირდები კი ოდიშარიას კინკილა ჯარიმას დასჯერდნენ. მატჩი კოლხებმა 32:18 პრემიის თანხლებით მოიგეს. ‘ივერია კოლხი რაინდებმა’ პირველ გამარჯვებასთან ერთად ნათლად ცხადჰყვეს, რომ გუნდი ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.

ტურის გამორჩეული შეხვედრა სამცხე-ჯავახეთში გაიმართა. ასპინძაში, ‘ტაო’ კიკეთელ ‘იუნკერებს’ დაუხვდა. მესხებმა პირველობის მთავარ ფავორიტს არათუ ტოლი არ დაუდეს, პირველი ტაიმის მოგებაც კი მოახერხეს. თავიდან ‘ტაო’ მაღალ სიჩქარეზე ოვალის სწრაფ გათამაშებას ეძალებოდა, რამაც ერთი ხანობა სასურველი შედეგი გამოიღო. მასპინძლები ფრთის მოთამაშე თემურ ხარაიშვილის ლელოთი(ოთარ ტალახაძემ გარდასახა) 7:0 დაწინაურდნენ, რასაც გიორგი ზაბახიძის გუნდის მხრიდან მღლეტელ ჯაბა კიკვიძის საპასუხო ლელო მოჰყვა(რეზი ხარაზიშვილმა გარდასახა). ტაიმის მიწურულს ‘ტაოს’ მგეზავმა ტალახაძემ ჯარიმით საკუთარი გუნდი კიდევ ერთხელ დააწინაურა 10:7. მესხები მთავარი მწვრთნელის მალხაზ ჭეიშვილის დავალებას პირნათლად ასრულებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში გადაღლილობამ იჩინა თავი. გამოცდილი, მაღალი კლასის მოთამაშეებით დაკომპლექტებულ კიკეთელებს გადამწყვეტ მომენტში სრულფასოვანი მარქაფაც დიდ სამსახურს უწევს. ‘იუნკერები’ სტატიკაში საგრძნობ უპირატესობას დაეფლნენ და თან მეტოქის დერეფანშიც ივარგეს. კიკეთელებმა კლასის ხარჯზე, მასპინძელთა თითქმის ყველა შეცდომით იხეირეს და მესხებს კიდევ 5 ლელო დაუდეს. ალექსანდრე ტუჩაშვილმა და ალექსანდრე ზაბახიძემ ‘დუბლი’ შეასრულეს. თავი კიკეთელთა ფულბეკმა რამაზ ხარაზიშვილმაც გამოიჩინა. ‘იუნკერებმა’ 36:15 მოიგეს და საშური პრემიაც აიღეს. მარცხის მიუხედავად, ‘ტაომ’ კარგი სთაბეჭდილება დატოვა. ექსპერტთა თქმით, გუნდს აშკარად ეტყობა ‘ბორჯღალოსანთა’ ყოფილი დამრიგებლის და მისი თანაშემწის სანდრო ესაკიას ხელი. დებიუტანტის სტატუსის მიუხედავად, ადგილობრივ მორაგბეთა რესურსზე დაფუძნებულ მესხებს პოდიუმისთვის ბრძოლა რეალურად ძალუძთ.

ტურში ყველაზე დიდი სხვაობა ავჭალაში, ‘ყოჩებისა’ და ოზურგეთის ‘არწივების’ შეხვედრაში დაფიქსირდა. ქვეყნის 3-გზის ჩემპიონი გურულებს ყველა კომპონენტში ჯაბნიდა. აკა ცინცაძის შეგირდები, სტატიკაში დიდ უპირატესობასთან ერთად უმეტესად ხელდახელ თამაშს ეშურებოდნენ და მეტოქეს ტაიმებში 6-6 ლელო გაუნაწილეს. ‘ყოჩთა’ ჰავბეკმა ელგუჯა კიკვიძემ ‘ჰეთ-თრიკი’ შეასრულა. მარქაფადან ჩართულმა გარემარბმა მიხეილ რეხვიაშვილმა კი ‘დუბლი’ მიითვალა. კახა უჩავას შეგირდებმა ‘მშრალი’ ანგარიშით მარცხს თავი, მეორე ტაიმის შუაწელს ‘არწივების’ შუამარბ ნიკა ხურციძის გატანილი ლელოთი დააღწიეს. ‘ყოჩებმა 74:5 მოიგეს, პრემიაც აიღეს და 10 ქულით ‘იუნკერებთან’ ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ.

მეორე გამარჯვება მოიპოვა ქუთაისის ‘არესმაც’. რიონისპირელთა შეხვედრას ‘დინამოსთან’ ქომაგი და ინტრიგა არ მოკლებია. საწყის 5 წუთში მასპინძლებმა მარბიელების: რეზი არჩვაძისა და ნიკა სირაძის გატანილი ლელოებით 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. ‘დინამო’ არ შედრკა, მეტოქე შერკინებაში დაჯაბნა და კარგა ხნის მანძილზე თამაშის სადავეები ხელთ იგდო. ფრთის მოთამაშე ნუკრი სტეფანოვისა და მარბიელ თენგიზ ელიკაშვილის დადებულ ლელოებს, მგეზავმა ირაკლი გოდერძიშვილმა 2 გარდასახვა და 4 ჯარიმაც დაურთო. მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე უხნესი ქართული კლუბი 9-ქულიან უპირატესობას ფლობდა. ‘არესის’ მდგომარეობა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ბურჯ ბექა ბურჯალიანის ტრავმამაც დაამძიმა. მოედნის იძულებით დატოვებამდე ბურჯალიანმა ლელოს გატანაც მოახერხა. ქუთათურთა დამრიგებელმა სერგო ფრუიძემ რამდენიმე ცვლილება განახორციელა და თან ‘სერჟმა’ პირველი ხაზი სრულად შეცვალა. ‘ახალმა სისხლმა’ რიონისპირელებს უპირატესობა დაუბრუნა. ჯერ შუამარბმა ლაშა ძნელაძემ გაიტანა ლელო, რომელიც ფულბეკმა ბონდო აბაშიძემ გარდასახა. მატჩის ბოლო წუთზე კი ‘არესის’ მიძალებას, კარის პირდაპირ დანიშნული ჯარიმა მოჰყვა, რომლის გატანა აბაშიძეს არ გაჭირვებია. დრამატული შეხვედრა ‘არესმა’ 27:26 მოიგო და 9 ქულით ლიდერებს კვალში უდგას.

მორიგი, მესამე ტურის გამორჩეული შეხვედრა 21 ოქტომბერს დედაქალაქში გაიმართება. ‘შევარდენზე’ ‘იუნკერები’ არესს’ დაუხვდებიან. ინტერესმოკლებული არც ფოთში იმავე დღეს, კოლხი რაინდებისა’ და ‘ტაოს’ დაპირისპირება უნდა გამოდგეს.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082439