7-კაცა

17:15 | 15.10.2018 | ნანახია 1046 - ჯერ

17 წლამდელები: "თბილისის მერიის თასი" "ხვამლმა" მოიგო

‘ხვამლის’ 17-წლამდე მორაგბეთა 7-კაცა გუნდი „თბილისის მერიის თასი 2018“-ის გამარჯვებული გახდა.

ტურნირი 17-წლამდე მორაგბეთა შორის 7-კაცა რაგბში გაიმართა და 12-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა: 10 მოწინავე კლუბი საქართველოს ჩემპიონატის შედეგების მიხედვით და ორი წვეული - ეროვნული აკადემიის ისნისა და მუხიანის ფილიალების გუნდები. გუშინ ჯგუგური ეტაპი გაიმართა, რომლის მიხედვითაც 8 უძლიერესი გამოვლინდა და მათ დღეს თასისთვის ბრძოლა მეოთხედფინალიდან გააგრძელეს.

‘ხვამლმა’ პირველი დღის „მშრალი“ სერია გააგრძელა და ‘ხარებს’ 29:0, ხოლო მოგვიანებით, ნახევარფინალში შევარდენის აკადემიას 24:0 მოუგო. ‘ლელომ’ ‘კოლხი რაინდების’ მებრძოლ გუნდს 28:10 აჯობა და ნახევარფინალში მუხიანის აკადემიას 40:5 სძლია.

ფინალი დაძაბული და საინტერესო საყურებელი გამოდგა. ორივე გუნდის ქომაგები ტრიბუნებზე მრავლად იყვნენ და მთელი 20 წუთი ოვაციები და შეძახილები არ შემწყდარა. 17 წლის ბიჭებმა მოედანზე ნამდვილი ბრძოლა გამართეს და ‘ხვამლი’ პირველი ტაიმის შემდეგ გარდასახვით დაწინაურდა - 7:5. მეორე ტაიმში მათ მეორე ლელო გაიტანეს, მაგრამ სინბინის გამო კაცნაკლულები დარჩნენ და ‘ლელომ’ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა - 12:12. დამატებულ დროზე ფრთაზე დავით ნინიაშვილი გაიქცა, რომელმაც ამ მატჩის პირველი ორი ლელოც გაიტანა და ‘ხვამლმა’ 19:12 იმარჯვა.

გამარჯვებულებს ჯილდო თბილისის მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ გადასცა. ტურნირის და ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშე, ასევე ტურნირის საუკეთესო მელელოვე დავით ნინიაშვილი (ხვამლი) გახდა და მას კუთვნილი ჯილდოები ბორჯღალოსანმა სოსო მათიაშვილმა გადასცა.

სინი მე-5 ადგილოსანმა ‘აიამ’ დაისაკუთრა, რომელმაც ‘არმაზი’ დაამარცხა; მე-9 ადგილი და ფიალა ‘ლოკომოტივს’ ხვდა წილად, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში შევარდენის (ისნის) გუნდმა მუხიანისას მხოლოდ გარდასახვით მოუგო - 14:12. სპეციალური სიგელი გადაეცა ‘თბილისის მერიის თასის’ ყველა მონაწილეს.

თბილისის მერიის თასი 2018

14 ოქტომბერი

თასის მეოთხედფინალები

არმაზი - მუხიანის აკადემია 7:10

ლელო - კოლხი რაინდები 28:10

აია - შევარდენის აკადემია 12:38

ხვამლი - ხარები 29:0

მე-9 ადგილის ნახევარფინალები

აკადემია - ლოკომოტივი 17:24

თბილისი - ლეგიონი 47:7

მე-5 ადგილის ნახევარფინალები

არმაზი - კოლხი რაინდები 25:10

აია - ხარები 36:0

თასის ნახევარფინალები

მუხიანის აკადემია - ლელო 5:40

შევარდენის აკადემია - ხვამლი 0:24

მე-11 ადგილისთვის

აკადემია - ლეგიონი 26:7

მე-9 ადგილისთვის

ლოკომოტივი - თბილისი 26:5

მე-7 ადგილისთვის

კოლხი რაინდები - ხარები 33:12

მე-5 ადგილისთვის

არმაზი - აია 5:28

მე-3 ადგილისთვის

მუხიანი აკადემია - შევარდენის აკადემია 12:14

ფინალი

ლელო - ხვამლი 12:12 (12:19 დ.დ.)

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.124789