16:53 | 13.10.2018 | ნანახია 2448 - ჯერ

“ლოკომოტივმა” ევროპული სეზონი მარცხით გახსნა

საქართველოს ჩემპიონმა თბილისის “ლოკომოტივმა” კონტინენტის ფარის 2018-19 წლების გათამაშებაში პირველი მატჩი ჩაატარა და ავჭალის სარაგბო სტადიონზე იტალიურ “კალვიზანოსთან” 6:17 (სრული სტატისტიკა) დამარცხდა.
შეხვედრის ერთადერთი ლელო პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გავიდა, როდესაც იტალიელებმა ფლანგიდან ფლანგზე მორიგი შეტევა გაშალეს და გარემარბმა მარკო სუზიომ გაინავარდა.
მანამდე, მეტოქეებს ორ-ორი ჯარიმა ჰქონდათ გაცვლილი: ბექა წიკლაურის შედეგიან დარტყმებს წარსულში საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ავსტრალიელი თიმ ლეინის ვაჟმა სემ ლეინმა უპასუხა.
საერთო ჯამში, “ლოკომოტივი” სუსტად გამოიყურებოდა. მასპინძლები ბევრ შეცდომას უშვებდნენ, განსაკუთრებით დერეფანში სცოდავდნენ და ბოლომდე ვერც შერკინებაში არსებული უპიარატესობის გამოყენება შესძლეს.
ყველაფერს “რკინიგზელთა” უდისციპლინობაც ემატებოდა. შედეგად, მე-20 წუთზე შოტლანდიელმა რეფერი სემ გროუვ-უაითმა იოანე ხელაია ბურთზე ხელის ჩარტყმისთვის გაასინბინა, 35-ეზე კი, გიორგი ბეგაძეს მეტოქის ჩაწიხვლა დააბრალა და მასაც ყვითელი ბარათი უჩვენა.
უხეშობა არც მე-2 ტაიმს დაჰკლებია. თამაშის სტარტიდან ხუთიოდ წუთი იყო გასული, როდესაც “კალვიზანოს” ფიჯელი ლეგიონერი სამუელა ვუნისა და ფარნავაზ გასვიანი წაკინკლავდნენ, მუშტები სხვებმაც იქნიეს, თუმცა, მსაჯმა მხოლოდ შუღლის წამომწყებები გაასინბინა.
აღნიშნულ ეპიზოდში ჯარიმა აპენინელებს ერგოთ, მათი შეტევა დერეფნიდან გაგრძელდა და მართალია, ლელომდე ცოტა დააკლდათ, ქართველ მორაგბეთა მორიგ წესების დარღვევას, ლეინის მიერ ახლო მანძილიდან გატანილი ჯარიმა მოჰყვა. მანვე 57-ე წუთზე თბილისელებს კიდევ 1 შეცდომა არ აპატია და სტუმრები უკვე 11 ქულით დააწინაურა – 6:17.
“ლოკომოტივს” უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა, თუმცა, შეცდომები მონაგარის გაზრდის შანსს არ გვაძლევდა. თავდაპირველად, მეტოქის ოცდაორში მიჯრით 2 აუტი წავაგეთ, მალევე კი, ხუთმეტრიან ზოლში ვუტევდით, მაგრამ ბოლო მიძალება ვერ განვახორციელეთ და “კალვიზანომ” ბურთის მოგერიება მოახერხა.
საქართველოს ჩემპიონმა დასკვნითი წუთებიც შეტევაში გაატარა, თუმცა, იტალიელებს მასპინძელთა ერთფეროვანი და საკმაოდ ნელი კომბინაციების გაშიფვრა არ უჭირდათ. ამას ჩვენებურთა გაუთავებელი შეცდომებიც ემატებოდა და საბოლოოდ, სრულიად ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა.
მართალია, ეს არაფერს ცვლიდა, თუმცა, ბოლო წუთზე დასანანი ეპიზოდიც დაფიქსირდა. სტუმართა არგენტინელი შუამარბის ფაკუნდო პანსეირა გარიდოს სინბინს (მან უხეში ბოჭვა განახორციელა) ქართველთა მძლავრი იერიში მოჰყვა, “კალვიზანო” დაჯარიმა, ბურთი შეცვლაზე შესულმა გიორგი გეგიამ სწრაფად გაათამაშა, 4 მეტოქე გადათელა და ალალი ლელოც დადო, თუმცა, “დაბრმავებულმა” მსაჯმა დამიწება ვერ დაინახა და თამაშიც დაასრულა...
“ლოკომოტივი” A ჯგუფის მე-2 ტურის მატჩს 8 დეკემბერს იტალიაში “ფიამე ორო რომასთან” ჩაატარებს, 15 დეკემბერს “კალვიზანოსთან” გასვლითი შეხვედრაა დაგეგმილი, 12 იანვარს კი, თბილისელები შინ რომაელებს მიიღებენ.
ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში, “ლოკომოტივი” ფინალში B ჯგუფის გამარჯვებულს 30 მარტს შინ მიიღებს, ხოლო 20 აპრილს სტუმრად შეხვდება. ვთქვათ ისიც, რომ B ჯგუფი ასე გახლავთ დაკომპლექტებული: “პეტრარკა პადოვა” (იტალია), “როვიგო დელტა” (იტალია) და ბელგიური კლუბების ნაკრები (“ბარბაროსები”).
შეგახსენებთ, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, წელს კონტინენტის ფარზე 8-ის ნაცვლად 6 კლუბი თამაშობს. ისინი ორ სამგუნდა ჯგუფში განაწილდნენ და თითოეულს თანაჯგუფელებთან შინ და გარეთ ორ-ორი თამაშის გამართვა მოუწევს. ჯგუფის გამარჯვებულები ერთმანეთს 2-მატჩა ფინალში, ასევე შინ და გარეთ შეხვდებიან, მოგებული კი 2019/2020 წლების “ჩელენჯ ქაფის“ საგზურს მიიღებს.
აღნიშნული ტურნირის მე-2 საგზურს ასევე ორმატჩიან დუელში რუსული “ენისეი” და რუმინეთის საუკეთესო გუნდი “ტიმიშოარა-სარასენსი” გაითამაშებენ, რომლებმაც წლევანდელი ჩელენჯ ქაფის საგზური 2017/2018 წლების კონტინენტის ფარზე წარმატებული თამაშით მოიპოვეს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:43 | 14.10.2018
beeq.777 (63)

ლოკომოტივმა დათმო თითქმის ყელა სათამაშო კომპონენტი "გარდა შერკინებისა და ადგილ-ადგილ ინდივიდუალური ჯანის ხარჯზე მოგებული მეტრებისა" და შედეგიც ლოგიკურია, მარცხი რამ გამოიწვია ეს ცალკე საკითხი და განხილვის თემაა, თუმცა ვთვლი რომ ეს გუნდი არგვჯობია ისე როგორც გუშინ ჩანდა.

11:19 | 14.10.2018
ogafa (407)

მსაჯობა დდდდდდდდდდდდდ

20:39 | 13.10.2018
dominici99 (94)

Saintereso iqneboda kvalificiuri ganxilvis mosmena, ratom.gamoiyureboda lokomotivi erti tavit upro sustad, vidre realurad aris.

0.259292