7-კაცა

14:25 | 11.10.2018 | ნანახია 1099 - ჯერ

17 წლამდელები: "თბილისის მერიის თასი 2018" 7-კაცა რაგბში

13-14 ოქტომბერს მუხიანის სარაგბო კომპლექსში, „ხვამლი არენაზე“, 17-წლამდე (2001-2002 წლებში დაბადებულები) მორაგბეთა შორის თბილისის ღია პირველობა (7-კაცა რაგბში) - „თბილისის მერიის თასი 2018“ გაიმართება.

ტურნირში მონაწილოებას მიიღებენ საქართველოს 10 საუკეთესო გუნდი, რომლებიც 2018 წელს გამართული საქართველოს ჭაბუკთა 7-კაცა ჩემპიონატის რეიტინგის მიხედვით შეირჩა და 2 მოწვეული გუნდი: რაგბის ეროვნული აკადემიის მუხიანისა და ისნის ფილიალის გუნდები.

მონაწილეები სამ ოთხგუნდა ჯგუფში განაწილდნენ და პირველი დღე ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს დაეთმობა. თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი (ჯამში 8 გუნდი), 14 ოქტომბერს ფლეი ოფების სისტემით (მეოთხედფინალები, ნახევარფინალები და ფინალები) პირველი-მერვე ადგილებისთვის იბრძოლებენ, ხოლო დანარჩენები 9-12 ადგილებს გაითამაშებენ.

რეიტინგის მიხედვით „ა“ ჯგუფში ‘ლელო-სარასენსი’, ‘ლოკომოტივი’, ‘კოლხი რაინდები’ და „შევარდენის აკადემია“ მოხვდნენ, „ბ“ ჯგუფში ‘აკადემია’, ‘ხარები’, ‘არმაზი’ და „მუხიანის აკადემია“ ითამაშებენ, ხოლო „გ“ ჯგუფში ‘აია’, ‘ხვამლი’, ‘ლეგიონი’ და ‘თბილისი’ განაწილდნენ.

მნიშვნელოვანია, რომ თამაშები ბუნებრივსაფარიან მოედანზე გაიმართება და ისინი ორივე დღეს 11 საათიდან დაიწყება, კვირას კი ფინალი 18 საათზეა ჩანიშნული.

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა 7-კაცა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან ობოლაძე ამბობს, რომ მსგავსი ტურნირები ნაკრების დაკომპლექტებისთვის და 7-კაცა რაგბის პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია:

„დიდი მადლობა თბილისის მერიას, რომელიც მეორე წელია მხარში გვიდგას. მერიის ეგიდით, შარშან უფროს საფესტივალო ასაკში შემაჯამებელი ტურნირი ჩავატარეთ, წელს კი 17-წლამდელთა 7-კაცა ჩემპიონატი გაიმართება. ეს იქნება პირველი სასელექციო ტურნირი 18-წლამდელთა ნაკრებისთვის, რომელიც გაისად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. გვექნება სხვა ტურნირებიც რეგიონებში, რათა ყურადღების მიღმა არავინ დაგვრჩეს. პარალელურად, ნაკრების კანდიდატებს ექნებათ 7-კაცა რაგბის თამაშის მუდმივი პრაქტიკა, რაც მათ ევროპის ჩემპიონატზე ადაპტირებას გაუიოლებს“.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.131889