6 ერი

18:08 | 13.02.2016 | ნანახია 1736 - ჯერ

ედი ჯონსი: „იტალიელებს წარღვნას მოვუწყობთ“

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი იტალიელებს „სტადიო ოლიმპიკოზე „ქულების წარღვნას“ პირდება.

ექვსი ერის მეორე ტურში ინგლისი 14 თებერვალს, რომში იტალიას სტუმრობს და მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტურში „აძურამ“ ფრანგები ლამის პარიზში შეარცხვინა (21:23), ავსტრალიელი სპეციალისტი მეტოქის მხრიდან განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ხედავს. მისმა გამონათქვამმა იტალიელები გააღიზიანეს და უპასუხეს - მაგ სიტყვებს ერთიანად ამოგადენთო, ჰოდა არც ჯონსი ჩამორჩა და „ქულების წარღვნასთან“ ერთად მათ აღუთქვა, ამ თამაშის შემდეგ „ხის კოვზის“ ფავორიტების სათავეში აღმოჩნდებითო.

ედი ჯონსი: „მსურს, რომ მეტოქეს ჩვენი ეშინოდეს.14 თებერვალს ყველაზე სასტიკ თამაშს გაჩვენებთ, რაც კი ოდესმე გინახავთ. ჩემს შეგირდებს უკვე ვუთხარი, რომ ნამატჩევს არც ერთი იტალიელი არ უნდა დარჩეს მოედანზე. ჩვენ უკეთეს პოზიციაზე ვდგავართ, ვიდრე „აძურა“ და ამას კვირას ყველას დავუმტკიცებთ!“.

„მარიფილდზე“ შოტლანდიასთან 15:9 მოგების შემდეგ, ინგლისელთა თავკაცმა სასტარტო შემადგენლობაში 3 ცვლილება განახორციელა. დენი ქეარის, ჯო მარლერისა და ჯო ლონჩბრის მაგივრად, მოედანზე მაკო ვუნიპოლა, ბენ იანგსი და ქორთნი ლოუსი გავლენ. რაც შეეხება მარო იტოჯეს, ის ისევ სათადარიგო სკამზე დარჩება. იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ბრუნელმა მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ტრამვირებული დევიდ ოდიეტეს ადგილს ლუქ მაკლეინი დაიკავებს.

PlanetRugby.ge-ს პროგნოზი: სტუმრებს უფრო დიდი უპირატესობა აქვთ,ვიდრე მასპინძლებს. ინგლისმა 25 ქულის სხვაობით უნდა დაამარცხოს იტალია!

ბოლო 10 დაპირისპირების შედეგები:

2015: ინგლისი - იტალია 47:17 (,,ტვიკენჰემის’’ სტადიონი)

2014:იტალია -ინგლისი 11:52 (რომი)

2013: ინგლისი - იტალია 18:11 (,,ტვიკენჰემის’’ სტადიონი)

2012:იტალია- ინგლისი 15:19 (რომი)

2011: ინგლისი- იტალია 59:13 (,,ტვიტენჰემის’’ სტადიონი)

2010: იტალია- ინგლისი 12:17 (რომი)

2009: ინგლისი-იტალია 36:11 (,,ტვიტენჰემის’’ სტადიონი)

2008: იტალია-ინგლისი 19:23 (რომი)

2007: ინგლისი-იტალია 20:7 (,,ტვიტენჰემის’’ სტადიონი)

2006:იტალია -ინგლისი 16:31 (რომი)

როგორც ვნახეთ,იტალიას 6 ერის ჩემპიონატში ინგლისი არასდროს დაუმარცხებია, თუმცა ახლანდელი რეალობა ჟაკ ბრუნელისთვის იმედისმომცემია. სპეციალისტები იტალიას საფრანგეთთან მატჩში მინიმუმ 20 ქულის სხვაობით დამარცხებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ „აძურას“ ისტორიული გამარჯვების მოპოვებამდე სულ რაღაც 2 ქულა დააკლდა. გასულ მატჩში იტალიელმა დებიუტანტებმა კრიტიკოსებს ღირსეული პასუხი გასცეს და ამას მომავალ შეხვედრაშიც ეცდებიან. იტალიისა და ინგლისის დაპირისპირება 14 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ელენე ლომსაძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076064