ამბები

12:06 | 12.08.2014 | ნანახია 7195 - ჯერ

“ლელო-სარასენსი” თბილისი

 

თბილისის “ლელო” ბოლო ორი წელია “ბზის თასს” არავის უთმობს და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ღირსეულად ატარებს. გუნდის წარმატება მორაგბეების, მწვრთნელების და კლუბის ხელმძღვანელობის ერთობლივი, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია და ეს უცხოელებმაც დაინახეს.

ინგლისის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა “სარასენსმა” “ლელოს” საქართველოში ბოლო ათწლეულის ყველაზე პროგრესირებად გუნდად მიიჩნია, მასთან თანამშრომლობა გააფორმა და ახალ სეზონსაც გუნდი ახალი სახელით ხვდება - “ლელო-სარასენს” თბილისი. სიახლეები სხვა კუთხითაც მრავლადაა. დიდ დიღომში თითქმის დასრულდა კლუბის ბაზის მშენებლობა და როგორც კი მინდვრის საფარი მომაგრდება, “ლელოს” საკუთარი, კომფორტული სტადიონი ექნება.

ჩემპიონმა მზადება ყველაზე გვიან, 1 აგვისტოს დაიწყო, მაგრამ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი მიიჩნევს, რომ ეს გვიანი სულაც არაა. გუნდმა ძირძველი ლელოელებიც დაიბრუნა - წელს ჩვენს ჩემპიონატში ითამაშებენ საფრანგეთიდან დაბრუნებული გამოცდილი “ბორჯღალოსნები” სანდრო თოდუა და ოთარ ბარკალაია. “მსოფლიო სპორტი” “ლელოს” დიდი დიღმის ბაზაზე ეწვია, სადაც გუნდი შეკრებაზე გამგზავრებამდე, 50-მეტრიან ხელოვნურსაფარიან მოედანზე ემზადებოდა და უწინარესად, ახალი მოედნის მდგომარეობით დაინტერესდა.

ლევან მაისაშვილი: თითქმის ყველა სამუშაო დასრულებულია. ცენტრალურ მოედანზე მინდვრის საფარი დაგებულია, მაგრამ მას რეაბილიტაცია სჭირდება და ალბათ, წელს აქ თამაშს ვერ ჩავატარებთ. ინფრასტრუქტურა გამართულია, ტრიბუნები 2 ათას მაყურებელს იტევს, ტრენაჟორები შეკვეთილია და ველოდებით. ამ მომენტისთვის ვარკეთილში მდებარე ჩვენი მინდორიც გადათხრილია, იქ ხელოვნური საფარი უნდა დაიგოს და ამიტომ, ჯერჯერობით ამ მომცრო მოედანზე გვიწევს ვარჯიში.

-       ბოლო ორი წელიწადია “ლელო” ჩემპიონობას არ თმობს. რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

-       რეგულარულ ჩემპიონატში რომელ თამაშს მოვიგებთ და რომელს წავაგებთ, განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევ. ჩვენ ფართოდ ვუყურებთ სურათს და მთავარია პირველ-მეორე ადგილზე გავიდეთ, რათა ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა გავიადვილოთ. არ მივეკუთნებით იმ გუნდებს, რომელთაც ერთ პოზიციაზე 4-5 მოთამაშე ჰყავთ, გრძელი სათადარიგოთა სკამით გამოირჩევიან და რეგულარული პირველობის მსვლელობისას საჭიროა შანსი ყველას მიეცეს, ეს კი, შემადგენლობაში როტაციას მოითხოვს და მარცხის მიზეზიც ხშირად ეს ხდება. გასული სეზონის დასკვნით ტურში ცოტა გაგვიმართლა, რადგანაც ჩვენი თამაში წავაგეთ და “ლოკომოტივს” რომ მოეგო, მეორე ადგილს ვეღარ ვინარჩუნებდით, თუმცა, მანამდე თამაშები იმის გამო წავაგეთ, რომ არ გაგვიმართლა და ამ შემთხვევამ სიტუაცია დააბალანსა. ჯამში, წარმატების ფორმულა გამუდმებული მუშაობა, ფიქრი შეცდომებზე და მათი აღმოფხვრა და შეკრული გუნდია. “ლელოს” ძირითადი ბირთვი ბავშვობიდან ერთად იზრდება, ლხინშიც და ჭირშიც სულ ერთად ვართ და ეს უმნიშვნელოვანესია. არის კიდევ რაღაცეები, რასაც ჩემთვის დავიტოვებ.

-       თქვენ ყველაზე გვიან, 1 აგვისტოს დაიწყეთ ახალი სეზონისთვის მზადება და ხომ არ ფიქრობთ, რომ ცოტა დაგვიანებულია?

-       არა. კარგი იქნებოდა ცოტა ადრე დაგვეწყო მზადება, მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო, ეს ვერ მოხერხდა. ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, რომ “ჩელენჯ ქაფიდან” გამომდინარე ჩემპიონატის დაწყების ვადა 15 აგვისტოსთვის გადმოიწევდა. ეს რომ წინდაწინ გვცოდნოდა, ვარჯიშს ივლისის შუა რიცხვებში დავიწყებდით. ასე კი, წინასწარ გაწერილი გეგმა აღარ შევცვალეთ, რადგან ბიჭებსაც ჰქონდათ თავიანთი გეგმები. თუმცა, მათი ნაწილი ინდივიდუალურად ემზადებოდა და ისინი ფორმაში არიან - ზოგმა ეროვნულ ნაკრებთან ერთად ივარჯიშა, ზოგმა 7-კაცა ნაკრებთან და ზოგმაც დამოუკიდებლად. თანაც, ჩვენ ყველაზე გვიან დავასრულეთ ჩემპიონატი და მოთამაშეებს უფრო მეტი დასვენების საშუალება მივეცი. 7 აგვისტოდან პანტიანში მივდივართ ერთკვირიან შეკრებაზე. იქ არის ჩოგბურთელების ბაზა და ძალიან კარგი საცხოვრებელი პირობები. შარშანაც მანდ გავიარეთ ზაფხულის შეკრება და ჩემპიონები გავხდით. ვნახოთ წელს რა იქნება.

-       რა ცვლილებები განხორციელდა გუნდის შემადგენლობაში?

-       შერკინების პირველი ხაზიდან სკამაოდ ძლიერი მოთამაშეები წავიდნენ - რევაზ ბელქანია და ნიკა პატარაია. ისინი საფრანგეთში გაემგზავრნენ და ეს ჩვენთვის სერიოზული დანაკლისია. როლანდ კვაჭაძე კარიერას “კლერმონში” გააგრძელებს. მას წარმატებას ვუსურვებ. სასიხარულოა, ჩვენი კლუბის აღზრდილით ასეთი დონის კლუბი რომ ინტერესდება. ერთია ის, რომ კვაჭაძე გუნდს დააკლდა, მაგრამ მისი წინსვლისათვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. წავიდნენ უჩა მჭედლიშვილი, გოდერძი ჯოგლიძე და გიგა კორკელია.

რაც შეეხება შენაძენს, წელს მაქსიმალურად შევიკავეთ თავი სხვა კლუბებიდან მოთამაშეების დამატებისგან, რადგან დუბლებშიც წარმატებული სეზონი გვქონდა, ბევრმა ახალგაზრდამ გამოიჩინა თავი და გვინდა მათ შანსი მივცეთ. ასეთი 12 მორაგბეა და თუ ამ შანსს გამოიყენებენ, მოხარული ვიქნები. გარდა ამისა, დავიმატეთ “ხულიგანას” აღზრდილი გიორგი ტალახაძე, რომელმაც ბოლო სეზონი “აკადემიაში” ითამაშა. ამავე გუნდიდან ავიყვანეთ ახალგაზრდული ნაკრების კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი. “ალბიდან” დაგვიბრუნდა ჩვენი აღზრდილი სანდრო თოდუა, რომელიც ელიტ დივიზიონის კლუბებიდან ელოდა კონტრაქტს, მაგრამ რეალური შეთავაზებები მხოლოდ ნაციონალ ლიგებიდან მიიღო და შინ დაბრუნება არჩია. ვთვლი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ჩვენთან ითამაშებს გამოცდილი მესამეხაზელი ზვიად მაისურაძე და ოქტომბრიდან დაგვიბრუნდება ასევე ჩვენი აღზრდილი ოთარ ბარკალაია, რომელიც წლებია საფრანგეთში თამაშობს და ერთი პერიოდი ეროვნულ გუნდშიც რეგულარულად ხვდებოდა.

-       როგორ ფიქრობთ, წელსაც შეძლებს “ლელო” ჩემპიონობის შენარჩუნებას?

-       მიზანი რა თქმა უნდა ისევ ჩემპიონობაა. ჩვენთვის საინტერესოა, შევძლებთ თუ არა ტიტულის მესამედ დაცვას და მოტივაცია გაორმაგებულია. წელს განსაკუთრებით რთული ჩემპიონატი გვექნება, რადგან არა მგონია გამოკვეთილი აუტსაიდერები იყვნენ. ჩემპიონს ყველა გაათმაგებული მონდომებით ეთამაშება და ეს ჩვენთვის საინტერესოა. რაც შეეხება კალენდარს და სამკვირიან პაუზებს, ყველაზე მეტად მე გამიჭირდება. როდესაც “ჩელენჯ ქაფზე” გასვლითი თამაშები გვექნება, იძულებული გავხდები გუნდი მენეჯერისა და ფიზმომზადების მწვრთნელების ამარა დავტოვო, რაც უდავოდ დისკომფორტი იქნება. თუმცა, ჩვენს გუნდში პროფესიონალები არიან და არ მგონია გაგვიჭირდეს.

-       “ჩელენჯ ქაფი” ახსენეთ, სადაც თქვენ “თბილისი-ამერი” უნდა გაიყვანოთ და თუ ხართ ჩამოყალიბებული რა შემადგენლობით ითამაშებთ? როგორც ჩემპიონი “ლელოს” მწვრთნელი, თქვენს შეგირდებს ხომ არ მისცემთ უფრო მეტ შანსს?

-       ამ შემთხვევაში ჩემპიონობა არაფერ შუაშია. ვინც გასული სეზონის მიწურულს თავი წარმოაჩინა, მათ მეტი შანსი მიეცემათ. გადაწყვეტილია, რომ ამ ტურნირზე ჩემპიონატის ნაკრებმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ რომ კლუბის სახელით გავსულიყავით, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა “ლელოს” მოთამაშეებს უპირატესობა ექნებოდათ. ახლა კი, გუნდში ისინი მოხვდებიან, რომლებიც კონკრეტულ მომენტში უკეთ იქნებიან მომზადებული. ეს “მზარდი ნაკრები” არაა და აქცენტი გაკეთდება გამოცდილი და ძლიერი მორაგბეების ნაზავზე.

თუმცა, ზოგი ახალგაზრდა ისეთია, რომ ბევრ ასაკოვან მოთამაშეს ჯობია. ასაკობრივი შეზღუდვა არ გვექნება და ყველას ექნება შანსი. კარგია პირველ თამაშამდე ჩემპიონატის ოთხი ტური რომ გაიმართება, რადგან საშუალება მომეცემა კანდიდატები უკეთ შევარჩიო. გარდა ამისა, გაფართოებული შემადგენლობით შეკრებაც გვექნება. “ჩელენჯ ქაფზე” მონაწილეობისთვის 38-კაციანი განაცხადი უნდა გავაგზავნოთ და ეს ცვლილებების საშუალებას იძლევა. კარგია ბირთვი მალევე თუ გამოიკვეთება და ბიჭები შეთამაშდებიან, მაგრამ ვინმე თუ ვერ გაამართლებს, ნებისმიერ დროს შეგვეძლება მისი ჩანაცვლება.

-       შესარჩევ ეტაპზე მეტოქე იტალიური “როვიგოა” და რა იცით ამ გუნდის შესახებ?

-       “როვიგოს” საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს. ბრძოლისუნარიანი და იტალიის ჩემპიონატში მუდამ ანგარიშგასაწევი გუნდია. ის მუდამ ლიდერებს შორისაა და არასდროს დამდგარა გავარდნის საფრთხის წინაშე. არის შარშანდელი იტალიის ჩემპიონატის ფინალისტი და გადამწყვეტ მატჩში “კალვიზანოს” ბოლო 5 წუთამდე ყველა კომპონენტში სჯობდა, ანგარიშიც მიყავდა, მაგრამ მერე ყურადღება გაეფანტათ და ერთი ქულით დამარცხდნენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ის არაფრით ჩამოუვარდება ჩემპიონ “კალვიზანოს”. გამოცდილი, ასაკოვანი და შეთამაშებული კოლექტივია, მაგრამ ვეცდებით მაქსიმუმი გავიღოთ და არაფერი დავუთმოთ. კარგია, რომ პირველი თამაში იტალიაში გვიწევს და იმედია, ორი მატჩის ჯამში “ჩელენჯ ქაფზე” ჩვენ გავალთ.

-       თუ “ჩელენჯ ქაფზე” ვერ მოვხვდით, შედარებით სუსტ ტურნირში ახალგაზრდებზე გააკეთებთ აქცენტს?

-       ასეც რომ მოხდეს, ახალ შესარჩევ ტურნირში არანაკლებ ძლიერ მეტოქეებთან მოგვიწევს თამაში. ჩემი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ერთი მეტოქე იტალიის ჩემპიონატის მესამე-მეხუთე ადგილოსანი გუნდებიდან შეირჩევა და არც სხვები იქნებიან სუსტები. ასე, რომ ექსპერიმენტები გამორიცხულია და ითამაშებს ყოველთვის ის მორაგბე, რომელიც უკეთეს მდგომარეობაში იქნება.

-       ისევ “ლელოს” დავუბრუნდეთ. როგორ მოხდა ინგლისურ “სარასენსთან” ურთიერთობის დამყარება?

-       ლონდონის “სარასენსი” თვითონ გამოვიდა ჩვენთან კონტაქტზე. როგორც გავიგეთ, მათ კვლევა ჩაუტარებიათ და რადგან ბოლო 10 წელიწადში ყველაზე წარმატებული გუნდი ვართ, არჩევანი “ლელოზე” შეაჩერეს. მათ გლობალური დაგეგმარება აქვთ და ჩვენს გარდა კიდევ 8 ქვეყნის გუნდებთან აქვთ ურთიერთობა - ტონგადან, რუსეთიდან, რუმინეთიდან, ბრაზილიიდან, კენიიდან, კანადიდან და აშშ-დან.

შეთანხმების თანახმად, ისინი ყველა სახის სიახლეს გაგვიზიარებენ, მოავლენენ სხვადასხვა რგოლის მწვრთნელებს და ტრენინგებს ჩაგვიტარებენ. ჩვენც წავალთ იქ სტაჟირებაზე. ამ ურთიერთობის თანახმად სახელი შეგვეცვალა და ახალ სეზონში “ლელო-სარასენს” თბილისი გვერქმევა. სათამაშო ეკიპირებით მოგვამარაგებენ და მათ მსგავსად NIKE-ს ჩავიცვამთ. არის სხვა, მთელი რიგი საინტერესო შეთავაზებებიც. ზაფხულში ჩვენი წარმატებული მორაგბე წავა კემპზე “სარასენსში” და თუ თავს წარმოაჩენს, იქაურ აკადემიაში სწავლას დაუფინანსებენ.  

იმ დღეს, როდესაც “მსოფლიო სპორტი” “ლელოს” ეწვია, სანდრო თოდუა არ ვარჯიშობდა და მიზეზიც მალე გაირკვა - “დღეს დილით ჩამოვფრინდი და ვისვენებ. გუნდს შეკრებაზე გავყვები და ვარჯიშსაც მაშინ განვაახლებ” - გვითხრა მან და მშობლიურ კლუბში დაბრუნების მიზეზებზეც მოგვიყვა:

“ალბისთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შევთანხმდით. ელიტარული დივიზიონის კლუბებიდან რაღაც ვარიანტებს ველოდი, მაგრამ საბოლოოდ რეალური წინადადებები მხოლოდ ნაციონალ ლიგის გუნდებიდან მივიღე და იქ თამაშს მშობლიურ “ლელოში” დაბრუნება ვარჩიე. მიმაჩნია, რომ აქ უკეთ მოვემზადები 2015 წლის მსოფლიო თასისთვის. შარშანდელ ჩემპიონატს თვალყურს ვადევნებდი და განვითარება აშკარად შეინიშნება. ვფიქრობ, მომავალი გათამაშება კიდევ უფრო საინტერესო და დაძაბული იქნება. აქ იზრდება კლუბების პროფესიონალიზმი და საბოლოოდ, ეს დონეზეც აისახება”. 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08067