შიდა რაგბი

23:11 | 7.10.2018 | ნანახია 1013 - ჯერ

დიდი 10: "არმიამ" პირველი რუსთავში მოიგო

თბილისის ‘არმიამ’ დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. ლევან ცაბაძის (ლეონსიოს) გაწვრთნილი გუნდი მე-6 ტურამდე ერთადერთი იყო, რომელსაც ეს სიხარული არ განეცადა.

საგულისხმოა, რომ არმიელებმა ‘ხარები’ დაამარცხეს და თანაც რუსთავში. მანამდე მასპინძლებს მხოლოდ ერთი თამაში ჰქონდათ წაგებული, პირველ ტურში ‘ლელო-სარასენსთან’ და 4-მოგებიანი სერიისას ჩემპიონი, ვიცე-ჩემპიონი და ბრინჯაოს მედალოსანი დაამარცხეს. ‘ხარებმა’ დასავლეთ საქართველოდან (ბათუმიდან და ქუთაისიდან) 8 ქულა წამოიღეს, რაც იოლი საქმე არავისთვისაა და აუტსაიდერთან ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა.

‘არმიამ’ თამაში ძალიან კარგად დაიწყო, ბურთზე კონტროლი დაამყარა, მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდა და სამჯერ მოიპოვა ჯარიმის შესრულების უფლება, საიდანაც ერთი ბახვა კობახიძემ 3 ქულად აქცია. 23-ე წუთზე სტუმრებმა მაღალ ტემპში შეუტიეს, მცველი რომ ამოვარდა ალექსანდრე კალმახელიძემ ხაზი გაჭრა, ბოლო მცველი აიყვანა და ლელოში დავით მესხი შეუშვა. კობახიძეს გარდასახვა გაუცუდდა.

მიუხედავად იმისა, რომ ‘ხარებმა’ გიგა ქვლივიძე სინბინით დაკარგა, მასპინძლებმა შეძლეს მეტოქის ნახევარზე გადასვლა და რამდენჯერმე ლელოსაც მიუახლოვდნენ. ‘არმიამ’ თავი დაიცვა, მაგრამ ჯარიმების ხარჯზე და კობა ბუჯიაშვილმა ჩამორჩენა შეამცირა. ტაიმის ბოლოს დაჩი პაპუნაშვილი მარცხენა ფრთაზე გაიქცა, ის რომ შეაჩერეს კარის წინიდან ბახვა კობახიძემ შეუტია, სამი მბოჭავი აისხლიტა და ძელებსშუა გატანილი ლელო თავადვე გარდასახა - 15:3.

მეორე ტაიმის დებიუტში სტუმრებმა უპირატესობა გაზარდეს. ფეხით გადაკიდებულ ბურთს მიხეილ მასხარაშვილი დაეუფლა, დაუცველ ფრთაზე თავადვე შეუტია და მისი ლელო კობახიძემ რთული პოზიციიდან გარდასახა. მასპინძლებმა ორ წუთში უპასუხეს, თბილისელებმა ფეხით გადაკიდებული ბურთი ცენტრალურ ხაზთან ვერ აიღეს, ის ლექსო მელიქიშვილს მიუვიდა და ბოლომდე ირბინა, ხოლო ბუჯიაშვილმა გარდასახა.

48-ე წუთზე კობახიძემ კარის წინიდან მორიგი ჯარიმა გაიტანა, რაზეც ‘ხარებმა’ 5 წუთში მორიგი ლელოთი უპასუხა: ზურა ქავთარაძემ კარის წინ ოფლოუდი შეირგო და ბუჯიაშვილმა გარდასახვით სხვაობა 8 ქულამდე დაიყვანა - 17:25. მოედანზე სიტუაცია დაიძაბა და გუნდები მოედანზე 13-13 კაცის ამარა დარჩნენ, მერე კი თბილისელებს საბა ნიკოლავაც გამოაკლდათ.

უმცირესობაში მოთამაშე ‘არმიამ’ ჯარიმის გამომუშავება მოახერხა და კობახიძემ 40 მეტრიდან გაიტანა. ‘ხარებმა’ კვლავ ქავთარაძის ლელოთი უპასუხა - მოლის ჩაქცევის შემდეგ ბურთი ხაზზე გაიტანა და შებოჭილი რუსთაველი ლელოს მიწვდა, თუმცა გარდასახვა არაზუსტი იყო და სხვაობა 6 ქულა დარჩა. შავლეგ მახარაშვილმა კარის წინიდან ჯარიმა რომ გაიტანა, სტუმრები გამარჯვებას დააახლოვა, მით უმეტეს რომ ბუჯიაშვილს გასატანი პოზიციიდან დარტყმა გაუცუდდა. რუსთაველებმა პასუხის გაცემა მოგვიანებით, პაატა ბურჭულაძის ლელოთი მოახერხეს და ბუჯიაშვილმაც გარდასახა, მაგრამ ამით მასპინძლებს მხოლოდ ბონუსი ერგოთ, ‘არმიამ’ კი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა - 31:29.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082273