საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩამპიონატი წელს 25-ედ იწყება და ის მნიშვნელოვანი სიახლეებით აღინიშნება. უმთავრესი ისაა, რომ ქართული კლუბი (აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრები “თბილისი-ამერი”) ევროთასებში ერთვება და ცვლილებებიც დიდწილად ამან გამოიწვია.
დავაზუსტოთ და ვთქვათ, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული გუნდი ევროთასებზე გადის. წლების წინ თბილისისა და ბათუმის გუნდები აწ უკვე არარსებულ რეგიონთა თასზე გამოდიოდნენ და ნახევარფინალშიც უთამაშიათ, მაგრამ მისი მასშტაბები და დონე ახლოსაც ვერ მივა მეორე დონის “რაგბი ჩელენჯ ქაფთან” და მით უმეტეს “რაგბი ჩემპიონ ქაფთან”. შეგახსენებთ, რომ “თბილისი-ამერი” (გნებავთ “ამერი-თბილისი”) სექტემბრის მიწურულს “რაგბი ჩელენჯ ქაფის” საგზურისთვის ორრაუნდიან პლეი ოფში (შინ და გარეთ) იტალიურ “როვიგოს” ეთამაშება და წარმატების შემთხვევაში პირველ ჯგუფში უელსის “კარდიფ ბლუზთან”, ინგლისის “ლონდონ აირიშთან” და საფრანგეთის “გრენობლთან” მოხვდება.
იმედია ასე არ მოხდება, მაგრამ მაინც განვმარტოთ - “როვიგოსთან” ორრაუნდიან ბრძოლაში მარცხის შემთხვევაში, “თბილისი-ამერი” “რაგბი ჩელენჯ ქაფის” მომავალი გათამაშების საგზურისთვის ბრძოლაში ოქტომბრიდან ჩაერთვება კიდევ ექვსი თამაშის გამართვა მოუწევს. ფორმატი ჯერ შემუშავების პროცესშია, წინასწარი ინფორმაციით კი, ოთხგუნდა ჯგუფში ქართველების გარდა ერთი იტალიური კლუბი (ჩემპიონატის მესამე-მეხუთე ადგილოსნიდან ერთ-ერთი) და მეორე დონის სარაგბო ქვეყნების ორი წარმომადგენელი იქნება. შეიქმნება მეორე ასეთი ჯგუფი და მათი გამარჯვებულები, უკვე გაისად, მთავარ ტურნირში მოსახვედრად ორრაუნდიან პლეი ოფში წლევანდელი “რაგბი ჩელენჯ ქაფის” ორ უარეს გუნდს დაუპირისპირდებიან.
ვფიქრობ, ყველასთვის ცხადზე ცხადია, რომ ევროტურნირებში ჩართვა ქართულ საკლუბო რაგბის (და არა მარტო) სულ სხვა დონეზე გაიყვანს. კლუბებს და მათ მოთამაშეებს ეძლევათ შანსი იმისა, რომ საკუთარი ქვეყანა ასახელონ და ეს მათ მოტივაციას ერთი ორად გაზრდის. აღმოსავლეთ საქართველოს კლუბების ნაკრების შემადგენლობა (“ლელო-სარასენსი”, “არმია”, “ლოკომოტივი”, “ყოჩები”, “ჯიქები”, “არმაზი”, “ხარები”, “თიბიეს უნივერსიტეტი”) ჯერ შერჩეული არაა, გაფართოებულ შემადგენლობაში კი, რომელთა გვარებიც ოფიციალური განაცხადის სახით ტურნირის ორგანიზატორ რაგბი-ევროპაში (ყოფილი ფირა-აერ) გაიგზავნება, 38 კანდიდატი მოხვდება.
ეს უკვე არის იმის წინაპირობა, რომ წლევანდელი ჩემპიონატის დონე წინამორბედებზე ბევრად მაღალი იქნება. 38 კანდიდატის შერჩევამდე, საქართველოს ახალ ჩემპიონატში ოთხი ტური გაიმართება და “თბილისი-ამერის” მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი კანდიდატებს გულმოდგინედ დააკვირდება. “მსოფლიო სპორტთან” საუბარში მან აღნიშნა, რომ ასაკობრივი შეზღუდვა არ იქნება და შანსი როგორც საშუალო ასაკის, ასევე ახალგაზრდებსა და ვეტერანებსაც მიეცემათ, მთავარია, კონკრეტულ მომენტში ისინი საუკეთესო ფორმაში იყვნენ და მერე ეს ფორმა შეინარჩუნონ, თორემ მათი ჩანაცვლება ნებისმიერ დროს მოხდება.
ევროთასებში ჩართვამ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზატორებს კალენდარში რიგი ცვლილებების განხორციელება აიძულა. ისევე, როგორც მთელს ევროპაში, საერთაშორის თამაშებისთვის გამოყოფილ დღეებში შიდა გათამაშება შეწყდება და კლუბებიც საკუთარ ლიდერებს მშვიდად მიავლენენ “თბილისი-ამერში”. სამაგიეროდ, ეს იწვევს მნიშვნელოვან წყვეტებს ჩემპიონატში, რაც კლუბებს დისკომფორტს შეუქმნის, თუმცა, მიზეზიდან გამომდინარე საყვედური არავის დასცდენია. პირველი ასეთი წყვეტა ოთხი ტურის შემდეგ იქნება და 6-7 სექტემბრის შემდეგ, პაუზა თითქმის მთელი თვე - 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ორი ტურის შემდეგ (12 ოქტომბრიდან), მორიგი წყვეტის დრო დგება და შიდა ჩემპიონატი 1 ნოემბერს განახლდება, ხოლო მესამე წყვეტა პირველი წრის დასრულების შემდეგ უწევს.
ასეთმა იძულებითმა შესვენებებმა ჩემპიონატის დაწყების ვადების გადმოწევა განაპირობა და პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ჩემპიონატი უჩვეულოდ ადრე - 15 აგვისტოს იწყება. რადგან ევროტურნირებში ჩართვის ამბავი ნაჩქარევად (ტურნირის ორგანიზატორების მიზეზით), ზაფხულის შესვენების დროს გაირკვა, კლუბების უმეტესობას ახალი სეზონისთვის მზადება დაუგვიანდა და ამან, შესაძლოა, საწყის ტურებში მათ გარკვეული პრობლემები შეუქმნას. აგვისტოს ცხელ დღეებში თამაშების გამართვამ მათი დაწყების დროის განსაზღვრაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია და სადაც ამის საშუალებაა, რეგულარული პირველობის შეხვედრები უჩვეულოდ გვიან - 20 საათზე დაიწყება. საღამოს სიგრილეში, განათების ფონზე თამაშმა, მორაგბეებს და მაყურებელს ერთგვარი კომფორტი უნდა შეუქმნას და ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე, ისედაც მზარდი გულშემატკივრების რაოდენობა წელს კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, თუმცა, ეს ალბათ ზაფხულის შვებულებების დასრულების შემდეგ უფრო თვალნათელი გახდება.
ახლა უშუალოდ პირველი ტურის შეხვედრებს გადავხედოთ. 25-ე ჩემპიონატი ოფიციალურად ბოლნისში გაიხსნება, სადაც “ყოჩები” თბილისის “არმაზს” დაუხვდება. თამაში 17:30 საათზე იწყება და მიზეზი მარტივია - ბოლნისის ცენტრალურ სტადიონ “თამაზ სტეფანიაზე” ხელოვნური განათება არაა. ალბათ, სიცხე თამაშს გარკვეულ დაღს დაასვამს, თუმცა, ამ მხრივ უპირატესობა არცერთ გუნდს არ ექნება, რადგან მზე ყველასთვის თანაბრად ანათებს.
გასული გათამაშების მეოთხეადგილოსანმა “ყოჩებმა”, ახალი სეზონისთვის მზადება ყველაზე ადრე, ივნისის დასაწყისში დაიწყო და აგვისტოში ასპინძაში ერთკვირიანი შეკრება გაიარა. გუნდიდან წავიდა რატი ხუციშცვილი, მაგრამ ბოლნისელებმა უფრო სოლიდური შევსება მიიღეს. მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა მიხელ არჩუაშვილი, “ყოჩებში” ითამაშებენ ალექსანდრე ხუციშვილი, ჯაბა კიკვიძე, გიორგი მელაძე და გიორგი ილიაევი. “არმიადან” “შინ” ბრუნდებოდა საქართველოს ეროვნული კვაჭი შალვა მამუკაშვილი, მაგრამ მან ინგლისის პრემიერლიგის “სეილ შარქსიდან” მიიღო მიწვევა, კლუბმაც ასეთი დონის გუნდში გადასვლაში ხელი არ შეუშალა და მის ნაცვლად ირაკლი სვანიძე დაიმატა. ქვემოქართლელებს წელს საჩემპიონო ამბიცია აქვთ, მაგრამ ამ ამბიციას მოედანზე ჭირდება გამტკიცება და ბევრი რამ პირველ შეხვედრაში გამოჩნდება.
“არმაზი” შარშან საპლეიოფო ექვსეულს მიღმა დარჩა, რაც დიდწილად მთავარი მწვრთნელის - დავით ვართანიანის და რიგი მოთამაშეთა არყოფნამ გამოიწვია. ეს იმიტომ, რომ მწვრთნელი და 7 მორაგბე ახალგაზრდულ ნაკრებში მოღვაწეობდა და მეორე წრის ჩაგდებამ პრობლემა თვალსაჩინო გახადა. წელს სიტუაცია კიდევ უფრო რთულადაა, რადგან გუნდი დატოვეს ზვიად ესართიამ, ვაჟა თაგაურმა, მიხეილ არჩუაშვილმა, ალექსანდრე ხუციშვილმა, აჩიკო ბეჟიაშვილმა და საბა ნიკოლავამ. აქედან ორს - არჩუაშვილსა და ხუციშვილს ხვალ ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ მოუწევთ თამაში. თბილისელები უმეტესად ახალგაზრდებით შეივსნენ, რომელთაგან გამოსარჩევი მურაზ გიორგაძეა. მან ივნისში ეროვნული გუნდის მაისური მოირგო და “მზარდ იტალიას” ლელოც გაუტანა.
თბილისელებმა ათდღიანი შეკრება ყაზბეგში გაიარა და მწვრთნელთა თქმით, წელს მათი უმთავრესი მიზანი უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება იქნება, დანარჩენს კი, ჩემპიონატის მსვლელობისას შეხედავენ. ალბათ, ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამმაინც ვთქვათ, რომ გასული ჩემპიონატის პირველ წრეში “არმაზმა” “ყოჩები” “შევარდენზე” 23:17 დაამარცხა, ხოლო მეორე წრეში “ყოჩებმა” ბოლნისში რევანში აიღეს - 15:9.
პირველ ტურში ერთი მეტად ღირშესანიშნავი მოვლენა მოხდება - ქუთაისის ახალ სტადიონზე, რომელიც 5 ათასამდე მაყურებელს იტევს, პირველი თამაში ჩატარდება. კომპლექსის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ მზადაა ძირითადი მოედანი, დამონტაჟებულია განათების სიტემა და ეს თამაშის 20 საათზე დაწყების საშუალებას იძლევა. ამრიგად, ქუთაისელ გულშემატკივარს პირველად ეძლევა შესაძლებლობა, საყვარელი გუნდის თამაშს ხელოვნური განათების ფონზე უცქიროს და ისინი ახალი არენის გამარჯვებით გახსნის იმედად არიან, თუმცა, მიზნის მიღწევა იოლი როდი იქნება.
საქმე ისაა, რომ “ჯიქებმა” სეზონთაშორისის შესვენებისას ნაყოფიერი სამუშაო ჩაატარა და წელს ფინალის საგზურისთვის აპირებს ბრძოლას, ასეთ დროს კი, ერთ-ერთ პოტენციურ მეტოქე “აიას” დიდ ბრძოლას გაუმართავს. ეს ახლადდაარსებული კლუბი ბრძოლისუნარიანობით მუდამ გამოირჩეოდა და ზაფხულის შესვენებისას მძლავრი შერკინების ფონზე ხაზის გაძლიერებაზეც იზრუნა. უმთავრესი ამ რგოლის მწვრთნელის - პალიკო ჯიმშელაძის დამატებაა, რომელმაც გუნდში ვანო გაბროშვილი, მამუკა ნინიძე და რატი ხუციშვილი მიიყვანა. მნიშვნელოვანი ნამატია შერკინებაშიც - საბა შუბითიძე, გია ტვილდიანი, ზაალ რუხაძე (სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებული პირველხაზელი), კორნე ნიუვენჰეიზენი, ილია კაიკაციშვილი, ვასილ კვერნაძე - ეს ის მორაგბეები არიან, რომელთა გვარებიც საქართველოს ჩემპიონატის მიმდევრებისთვის კარგადაა ნაცნობი.
თბილისელებს დანაკლისიც აქვთ - ნიკა ხატიაშვილი კარიერას საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონ “ორიაკში” გააგრძელებს, ხოლო აჩიკო გაგნიძე, დიტო კალანდაძე და ნიკოლოზ ბერძული სხვა ქართულ გუნდებში გადავიდნენ. მნიშვნელოვანი ცვლილებებია “აიაშიც”, რომელიც რამდენიმე ლიდერმა დატოვა და მათ ნაცვლად ახალგაზრდები დაწინაურდნენ. ასეთი ცვლილებები ქუთაისურ გუნდში ერთგვარ წესად იქცა, მაგრამ ბესიკ ხამაშურიძის შეგირდები ყოველ სეზონს მძლავრად ატარებენ და ახლა, ახალი სტადიონით ფრთაშესხმულებიც საკუთარ მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.
გასულ სეზონში გუნდებმა ერთნაირი შედეგი აჩვენეს. “ჯიქები” პლეი ოფში მეექვსე ადგილიდან გავიდა, პირველ ეტაპზე “ლოკომოტივს” ფრედ ეთამაშა, მაგრამ ლელოებით 1:2 დამარცხდა, ხოლო “აიამ” მეხუთე ადგილი დაიკავა, მაგრამ პლეი ოფში “ყოჩებს” წინ ვეღარ აღუდგა. ქუთაისელთა მეორე წრეში გაცუდებული თამაში იმით იყო განპირობებული, რომ ამ გუნდის წევრთა უმეტესობა ახალგაზრდულ ნაკრებებში ურჯებოდა და ამით კლუბს დიდი ძალა მოაკლდა. ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, შარშან ქუთაისელებმა თბილისში 15:13, ხოლო საკუთარ მოედანზე 25:3 იმარჯვეს.
რაგბის თბილისელ გულშემატკივარს გახსნის დღეს “შევარდენზე”, ასევე 20 საათზე “ლოკომოტივისა” და რუსთავის “ხარების” დაპირისპირების ხილვა შეეძლება. ახალ სეზონს ორივე გუნდი გაძლიერებული ხვდება და თამაშიც დაძაბული და საინტერესო სანახავი უნდა გამოდგეს. მესამეადგილოსანმა “ლოკომოტივმა” ბექა ბიწაძის, გიორგი შკინინისა და ზურაბ ძნელაძის სახით, მნიშვნელოვანი შევსება მიიღეს და საქართველოს ყვალზე ტიტულოვანი კლუბი, ტრადიციულად, ამჯერადაც “ბზის თასის” დასაბრუნებლად იბრძოლებს.
მომავალ სეზონში მინიმუმ პლეი ოფის საგზურისთვის იბრძოლებს “ხარები”, რომელიც გასულ სეზონში მერვე ადგილს დასჯერდა. რუსთაველების მთავარი სიახლე მთავარი მწვრთნელია - ლევან მგელაძე, რომელიც გასულ სეზონში “ბათუმს” წვრთნიდა. გუნდს დაუბრუნდა მამუკა ცხადაძე და დაიმატა კიდევ რამდენიმე მოთამაშე, რაც წარმატებაზე ფიქრის საფუძველს იძლევა. გასულ სეზონში “რკინიგზელებს” უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ და სტუმრად 31:15, ხოლო თბილისში 33:17 იმარჯვეს.
ტური სამ დღეზეა გაწელილი და შაბათ-კვირას თბილისელ მაყურებელს კიდევ ორი თამაშის ხილვა შეუძლია. ორივე “ავჭალაზე” 20 საათზე იწყება და 16 აგვისტოს ჩემპიონი “ლელო-სარასენსი” დებიუტანტ “თიბიეს უნივერსიტეტს” ეთამაშება. ჩემპიონები სულ ორი კვირაა რაც ერთად ემზადებიან, თუმცა, ფიქრობენ, რომ ტიტულის ზედიზედ მესამე შენარჩუნებისთვის ბრძოლა არ გაუჭირდებათ და ამის საფუძველს შევსებაც იძლევა. სანდრო თოდუა, ოთარ ბარკალაია (ის გუნდს ოქტომბრიდან შეუერთდება) და ზვიად მაისურაძე ნებისმიერი გუნდისათვის სოლიდური შევსებაა. “თიბიეს უნივერსიტეტმა” პირველი ლიგის მოგების შემდეგ ლამის მთელი შემადგენლობა შეცვალა და ძნელი სათქმელია რამდენად მოხდება გუნდის შეკვრა, თუმცა, აქ რამდენიმე ისეთი მორაგბე მოხვდა, რომლებიც თავ-თავიან გუნდებში ლიდერებად მოაიზრებოდნენ და მათი ხილვა საინტერესო იქნება.
კვირას, 17 აგვისტოს, გადახალისებული “არმია” “ბათუმს” უმასპინძლებს. არმიელებმა 16 მორაგბე დაკარგეს და მათი ნაწილი სწორედ “ბათუმში” გადავიდა - ბახვა კობახიძეს, ლაშა აზალაძეს, გიგა გაგოშვილს, გიორგი თხილაიშვილს და გიორგი ჯიმშელაძეს ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში. ერთი შეხედვით, ზღვისპირელები გაძლიერდნენ და “არმია” დასუსტდა, მაგრამ ამ ორი ახალი გუნდიდან რომელი უკეთ შეხვდება ახალ სეზონს, უშუალოდ მოედანზე გადაწყდება. გასულ სეზონში ძალთა თანაფარდობა აშკარად არმიელთა მხარეს იყო და მათ მეტოქე 59:21 და 54:14 გაანადგურეს.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი
I ტური
15 აგვისტო
ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”. 17:30 საათი
ყოჩები (ბოლნისი) - არმაზი (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი”. 20:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
ქუთაისი. ახალი. 20:00 საათი
აია (ქუთაისი) - ჯიქი (თბილისი)
16 აგვისტო
თბილისი. “ავჭალა”. 20:00 საათი
ლელო-სარასენსი (თბილისი) - თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი)
17 აგვისტო
არმია (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია