14 აგვისტოს ევროპული პროფესიული საკლუბო რაგბის ორგანიზაციამ - EPCR რაგბიმ (European Professional Club Rugby) გამოაქვეყნა წლევანდელი ჩელენჯ ქაფის (European Rugby Challenge Cup 2014-15) ფინალური ეტაპის საკვალიფიკაციო პლეი ოფების მატჩების განრიგი.
საპლეიოფო მატჩებში საქართველოს რაგბის კავშირის სახელით მონაწილეობას მიიღებს ამ გათამაშებისათვის შექმნილი ქართული გუნდი “თბილისის კავკასიელები” (Tbilisi Caucasians).
თბილისის კავკასიელების ოფიციალური პრეზენტაცია მოხდება პრესს-კონფერენციაზე, რომელიც ოთხშაბათს, 20 აგვისტოს “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე 13:00 საათზე გაიმართება.
EPCRUGBY - ახალი ევროპული საკლუბო ტურნირები
ევროპული პროფესიონალური საკლუბო რაგბის ორგანიზაცია 2014 წლის აპრილში დაარსდა, რომელიც ორგანიზებას უწევს ორ ახალ ევროპულ საკლუბო ტურნირს. ესენია “ჩემპიონთა თასი” (European Rugby Champions Cup, ყოფილი “ჰაინეკენის თასი”) და “ჩელენჯ თასი” (European Rugby Challenge Cup).
ორივე ტურნირში 20-20 კლუბი მიიღებს მონაწილეობას.
“ჩელენჯ ქაფზე” მოსახვედრად რაგბი ევროპის (ყოფილი ფირა აერ-ი) ორმა კლუბმა უნდა გაიაროს საკვალიფიკაციო-საპლეიოფო ეტაპი, რომელიც ორ მატჩიანი რაუნდისაგან შედგება. საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული კლუბები ტურნირზე რაგბი ევროპა ერთის და რაგბი ევროპა 2-ის ქვოტას დაიკავებენ.
რაგბი ევროპა ერთის მოსაპოვებლად ერთმანეთს “თბილისის კავკასიელები” და იტალიური “რაგბი როვიგო დელტა” შეერკინებიან. პირველი შეხვედრა იტალიაში 20 სექტემბერს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩი თბილისში 27 სექტემბერს ჩატარდება.
წყვილში გამარჯვებული კლუბი “ჩელენჯ ქაფზე” პირველ ჯგუფში “კარდიფ ბლუზის”, “ლონდონ აირიშისა” და “გრენობლის” წინააღმდეგ იასპარეზებს.
რაგბი ევროპა 2-ის ქვოტის მოსაპოვებლად კი ერთმანეთს “ბუქარესტის მგლები” და იტალიური “კამმი რაგბი კალვიზანო” დაუპირსპირდებიან. წყვილში გამარჯვებული კლუბი “ჩელენჯ ქაფზე” მე-3 ჯგუფში “სტად ფრანსეს”, “ნიუპორტ დრაგონსისა” და “ნიუქასთლ ფალკონსის” წინააღმდეგ იასპარეზებს.
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია