შიდა რაგბი

1:04 | 1.10.2018 | ნანახია 1119 - ჯერ

დიდი 10: ჩემპიონი "ხარებმა" შეაჩერა!

დიდი 10-ის მე-5 ტურში რუსთავის ‘ხარებმა’ თბილისის ‘ლოკომოტივს’ 13:7 სძლია და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი აგემა.

რუსთაველებმა მეტოქეს 4-მატჩიანი მოგებების სერია შეაწყვეტინეს და ამავდროულად, საკუთარი სერია ოთხამდე გაზარდეს. საგულისხმოა, რომ პირველ ტურში ‘ლელო-სარასენსთან’ მცირედით წაგების შემდეგ, ‘ხარებმა’ ერთი მეორეს მიყოლებით პირველი ოთხეულის გუნდები დაამარცხეს და აქედან ორი მათსავე მოედაზე, დასავლეთ საქართველოში - ბათუსა და ქუთაისში.

თბილისელებს ზედ თამაშის წინ ძირითადი 9 ნომერი გიორგი ბეგაძე ავადმყოფობის გამო გამოაკლდათ და ამან მათზე ძლიერ იმოქმედა. ‘ხარებმა’ თამაშის სადავეების დაუფლება მოახერხა, დროის უმეტესი მეტოქის ნახევარზე გაატარა და გამარჯვებაც ალალად დაიმსახურეს.

მატჩი მასპინძლების იერიშებით დაიწყო, შერკინებამ ჯარიმა გამოიმუშავა და დათო თაბუკაშვილმა მე-9 წუთზე ანგარიში გახსნა. მოგვიანებით მან ამავე პოზიციიდან კიდევ ერთი ჯარიმა შეასრულა, მაგრამ ამჯერად მიზანმა უმტყუნა. ნელ-ნელა თამაში გათანაბრდა და ‘ლოკომოტივს’ მიეცა ანგარიშის გათანაბრების შანსი, თუმცა ლელოზე თამაში არჩია და უქულოდ დარჩა.

ტაიმის მიწურულს ‘ხარებმა’ კარგი შეტევა განახორციელა და ლელომდე სულ ცოტა დააკლდა. ერთ წუთში მასპინძლებმა დერეფნიდან მოლი ააგორეს, ის ზედ ხაზთან შეაჩერეს, თუმცა შემდეგ დარტყმას გიორგი გოგოლაძის ლელო მოყვა და თაბუკაშვილმაც რთული პოზიციიდან გარდასახა.

მეორე ტაიმის პირველი 10 წუთი ‘ლოკომოტივმა’ შეტევებში გაატარა და წითელ ზოლშიც რამდენჯერმე შევიდა. ‘ხარები’ თავს კარგად იცავდა, ეპიზოდებში შემტევები სცოდავდნენ და ლელო მხოლოდ 51-ე წუთზე გავიდა. თბილისელთა მძიმე ფორვარდებმა მიძალებებით საქმე გააკეთეს, ფრთაზე სივრცეები გაჩნდა, იოანე ხელაიამ ამით ისარგებლა და მისი ლელო ბექა წიკლაურმა გარდასახა.

‘ხარებმა’ დასკვნით მეოთხედში შეძლო ინიციატივის დაბრუნება და ახლა მასპინძლებმა ითამაშეს ლელოზე. მათ მიზნის მიღწევა ვერ შეძლეს, თუმცა კარის წინ ჯარიმა გამოიმუშავეს და კობა ბუჯიაშვილმა 75-ე წუთზე ანგარიში 13:7 გახადა. ‘ლოკომოტივმა’ თამაშის გადარჩენა სცადა, თუმცა მეტოქის დაცვა არ გატყდა და რუსთაველმა გულშემატკივარმა საყვარელი გუნდის მორიგი დიდი გამარჯვებით გაიხარა.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084194