ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ჩემპიონშიპის გათამაშება ზედიზედ მესამედ მოიგო. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც “ოლ ბლექსმა” “ესტადიო ველეზ სარსფილდზე” მასპინძელ არგენტინას 35:17 სძლია, 21 ქულა მოაგროვა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა.
ბუენოს აირესში გამართულიუ მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც სტივ ჰანსენის მიერ გაწვრთნილმა ზელანდიელებმა 21:3 მოიგეს.
შესვენების შემდეგ, სტუმრებმა თამაშის საშუალება “პუმებსაც” მისცეს, რაც კუბელისა და ბოფელოს ლელოებში აისახა, აწ უკვე ჩემპიონთა მხრიდან კი თავი იოანემ (2-ჯერ), ნაჰოლომ, ტუიპოლოტუმა და ლინერტ-ბრაუნმა გამოიჩინეს.
ვთქვათ ისიც, რომ ახალი ზელანდიის ნაკრებს მიჯრით 3 ტიტული ერთხელ უკვე მოგებული აქვს. ეს 2012-14 წლებში მოხდა.
რაგბი ჩემპიონშიპის 2018 წლის გათამაშებაში მე-2 ადგილი გაინაღდა სამხრეთ აფრიკის ეროვნულმა გუნდმა, რომელიც პორტ ელიზაბეთში “ნელსონ მანდელა ბეი სთედიუმზე” ავსტრალიას დაუხვდა და 41 332 მაყურებლის თვალწინ 23:12 სძლია.
მატჩის ყველაზე საინტერესო ამბები პირველ ტაიმში მოხდა, როდესაც მეტოქეებმა ორ-ორი ლელო გაცვალეს, ანდრე პოლარდის ფეხჩუბინობის წყალობით კი, “ქურციკები” 20:12 დაწინაურდნენ.
ამ ფონზე, გადამწყვეტი ბრძოლა შესვენების მერე უნდა წარმართულიყო, თუმცა, გუნდებმა ქომაგები ვერაფრით გაახარეს. პოლარდმა აქტივს მხოლოდ 1 ჯარიმა შემატა, მაიკლ ჩეიკას შეგირდებმა კი მონაგარი ვეღარაფრით გაზარდეს და “ვოლაბების” დამრიგებლის მაიკლ ჩეიკას თანამდებობიდან წასვლა კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
რაგბი ჩემპიონშიპის დასკვნითი ტურის წინ, ავსტრალია 5 ქულით ბოლო ადგილზეა და მდგომარეობის მცირედით გამოსწორების შანსი 6 ოქტომბერს ექნება, როდესაც სალტაში არგენტინას ესტუმრება. ამავე დღეს, სამხრეთ აფრიკა პრეტორიაში ახალ ზელანდიას დაუხვდება და სახელოვანი მეტოქის კიდევ ერთხელ დამარცხებას ეცდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უძლეველები