შიდა რაგბი

23:03 | 29.09.2018 | ნანახია 943 - ჯერ

დიდი 10: უშანსოდ "არმაზთან"

მარნეულის ‘არმაზმა’ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ 8 ლელო გაუტანა და დიდი 10-ის დებიუტანტი აქამდე ჩატარებულ მატჩებში ყველაზე დიდი სხვაობით დაამარცხა - 55:15.

გამარჯვებულის ვინაობა ეჭვქვეშ ერთხელაც არ დამდგარა. ‘არმაზი’ თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და პირველი ლელო მე-7 წუთზე გაიტანა. მასპინძლებმა რაქიდან მოკლე ფრთაზე შეუტიეს, ბადრი ლიპარტელიანმა ილია სპანდერაშვილს გადაცემა არ დაუგვიანა და მანაც მიზნამდე დარჩენილი 8-10 მეტრი დაფარა. რეზი ჯინჭველაშვილს გარდასახვა გაუფუჭდა, მე-16 წუთზე კი ჯარიმა გაიტანა. ‘ვეფხვებმა’ ამის შემდეგღა მოახერხა მეტოქის ნახევარზე გადასვლა და ჯარიმაც გამოიმუშავა, მაგრამ ლაშა გურგენიძეს დარტყმა კარის წინ 20 მეტრიდან გაუცუდდა.

გარკვეული დროით მოედანზე თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, 32-ე წუთზე ‘არმაზი’ კვლავ დაჯარიმდა, ამჯერად დარტყმა რეზი ბროძელმა ითავა და სხვაობა შეამცირა. საპასუხოდ სპანდერაშვილმა და ლიპარტელიანმა კვლავ მარჯვენა ფრთიდან შეუტიეს, ორივემ ცალი ხელით მბოჭავი მოიშორა და მეორეთი პასი გააკეთა, ლელოში კი კოტე მარჯანიშვილი შევიდა. ზედ შესვენების წინ მასპინძლებმა მოლი დააყენეს და ის ლელოთი გოგა ხუროშვილმა დაასრულა, ჯინჭველაშვილმა ერთი გარდასახა და ტაიმი 20:3 დასრულდა.

თამაში რომ განახლდა სპანდერაშვილმა მოკლე, მარჯვენა ფრთაზე კიდევ ერთხელ შეუტია და თავისი მეორე ლელო გაიტანა. ‘ვეფხვებმა’ 47-ე წუთზე უპასუხეს, გიორგი ბებიაშვილმა გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე ირბინა. 55-ე წუთზე, ლაშა შალიკაშვილმა დერეფნის შემდეგ მოკლე ფრთაზე შეუტია და თითქოს კახელები თამაშში დაბრუნდნენ (27:15), მაგრამ ‘არმაზმა’ ტემპს უმატა და დასკვნით 4 წუთში კიდევ 4 ლელო გაიტანა.

ჯერ ჯინჭველაშვილმა რაქის გვერდზე გაჭრა ხაზი და ბურთი ლუკა დვალიშვილს ამოუგდო, მერე მასპინძლებმა მარცხენა ფრთაზე სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს და ლელო ოთარ მინაშვილმა გაიტანა. 76-ე წუთზე ‘არმაზის’ 95-მეტრიანი შეტევა საბა კურატიშვილმა წამოიწყო, ლიპარტელიანმა ფეხით ითამაშა და ლელო იოანე იაშაღაშვილმა გაიფორმა, ხოლო სულ ბოლოს დუბლი მარჯანიშვილმა გაიფორმა - 55:15 და ბონუსი მარნეულის ‘არმაზს’.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.070701