დიდი 10-ის მეხუთე ტური ხვალ დიდი დიღმის „ლელო არენაზე“ საინტერესო დაპირისპირებით გაიხსნება. ერთმანეთს ჩემპიონობისთვის მებრძოლი თბილისის ‘ლელო-სარასენსი’ და ქუთაისის ‘აია’ ხვდებიან, რომლებიც სწრაფი და ღია რაგბის მიმდევრები არიან.
განვლილ ოთხ ტურში გუნდებმა სამ-სამი გამარჯვება იზეიმეს და სატურნირო ცხრილში მეოთხე-მეხუთე ადგილებზე არიან - ‘აიამ’ ორი ბონუსიც აიღო და 14 ქულა მოაგროვა, ხოლო ‘ლელო-სარასენსს’ 12 ქულა აქვს.
თბილისელებმა სამივე გამარჯვება ბრძოლაში მოიპოვეს. მათ პირველ ტურში რუსთავში ‘ხარებს’ 29:26 სძლიეს, მეორე ტურში პატარძეულის ‘ვეფხვებს’ გამარჯვების ლელო დასკვნით წუთებში დაუდეს (28:25), ხოლო ერთი კვირის წინ ‘ჯიქს’ გორში გამარჯვების ჯარიმა 76-ე წუთზე გაუტანეს - 16:14. მესამე ტურში მათ დიდ დიღომში ‘ბათუმს’ უმასპინძლეს და 13:26 დამარცხდნენ.
გორში გადატანილი მძიმე ბრძოლის შემდეგ, მწვრთნელებმა სასტარტო 15-ში რამდენიმე მოთამაშე შეცვალეს. კვაჭად თამაშს გიორგი ჭყოიძე იწყებს, შეიცვალა ორი მესამეხაზელი და ფლანკერი სანდრო მამამთავრიშვილი, ხოლო შემკვრელი ბექა ყორიაულია. დემე თაფლაძემ ფრთიდან ცენტრში გადაინაცვლა და რევაზ ჯინჯიხაძეს შეუწყვილდება, გარემარბები კი აკაკი ტაბუცაძე და ალექსანდრე ხეცოიძე იქნებიან.
‘აიამ’ ჩემპიონატი კარგად დაიწყო და პირველ ტურში ‘არმიას’ ბონუსით სძლია (57:14), მერე მარნეულის ‘არმაზს’ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით იმარჯვა (31:17), ხოლო მესამე ტურში, თბილისში ‘აკადემიას’ მეორე ტაიმში ორი ლელო გაუტანა და 15:10 დაამარცხა. ერთი კვირის წინ ქუთაისელებმა ‘ხარებს’ უმასპინძლეს, მომხვდურთან ვერაფერს გახდნენ და სეზონის პირველი მარცხი იწვნიეს - 15:22.
იმ მარცხის შემდეგ მწვრთნელებმა შერკინებაში მხოლოდ ერთი მოთამაშე შეცვალეს და 8 ნომრად მოედანზე შოთა არეშიძე გავა. ძირითადში ბრუნდება 9 ნომერი თემურ თუთბერიძე. ფრთაზე ბრუნდება გიორგი აბრამიძე, რომელმაც წინა შეხვედრა ფულბეკად დაიწყო. ახლა ამ პოზიციაზე მირიან მოდებაძე ბრუნდება, რომელიც გუნდისთვის დიდი ძალაა და ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია