შიდა რაგბი

16:23 | 26.09.2018 | ნანახია 623 - ჯერ

მოწინავე რვეული ლოგიკურად შეივსო

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის დასკვნითი ტური ტიტულისა და საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლ 8 წარმატებულ გუნდს არკვევდა. მოქმედი ჩემპიონი ‘ლელო’, საკუთარ არენაზე, მესამე მასივში ხაშურის ‘ლეგიონს’, ’ა’ ჯგუფის გამარჯვებულის რანგში დაუხვდა.

შიდაქართლელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოძალებული ტრავმებით შესუსტებული შემადგენლობის მიუხედავად, დათო სტეფანოვის ბიჭები უპირობო ფავორიტს მედგრად ებრძოდნენ და მასპინძლები პირველ ტაიმში მხოლოდ დავით ცაგარეიშვილის ლელოს დააჯერეს. ‘ლელოს’ დამრიგებელმა ოთარ ბარკალაიამ შესვენების შემდეგ 12 ცვლილება განახორციელა, რამაც ჩემპიონისთვის სასურველი შედეგი გამოიღო. ფავორიტმა კიდევ 7 უპასუხო ლელო გაიტანა და მეტოქე ‘მშრალი’ ანგარიშით 52:0 დაამარცხა. მიმდინარე სეზონში ‘ლელომ’ აქცენტი ხაზის მოთამაშეთა თამაშის ხარისხის დახვეწაზე აიღო და გამოჩენილი ბორჯღალოსანი შეგირდთა გარჯითა და სათამაშო დისციპლინით ამ ეტაპზე კმაყოფილი დარჩა.

ამავე ჯგუფში მეორე ადგილოსანის ბედს ქუთაისში, ‘არესისა’ და ‘არმიას’ დაპირისპირება არკვევდა. ‘ჯარმა’ მაქსიმუმი გაიღო, თუმცა მასპინძელთა საიმედოდ მოთამაშე უკანა ხაზს ვერაფერი დააკლო და ოდენ ნიკა პაპუნაშვილის ჯარიმას დასჯერდა. გიორგი მინაძისა და ირაკლი დგებუაძის გუნდში კი გატანილი ლელოებით ბურჯი ალეკო ვაშაკიძე და ფრთა გელა დანელია გამოირჩნენ. ‘არესს’, ჩვეულ სტილში უნარიანად უძღვებოდა მგეზავი ბაკურ კუხალაშვილი. ქუთათურებმა შეხვედრა 12:3 მოიგეს და მოწინავე ჯგუფში თამაშის უფლებაც მოიპოვეს.

‘ლელოს’ მსგავსად, ჩემპიონატის კიდევ ერთმა ფავორიტმა ‘აიამ’ მეორე ეტაპზე მაქსიმალური, 5 ‘ოქროს’ ქულით გადაინაცვლა. ვიცე-ჩემპიონმა ქუთაისში ‘აკადემიას 15 ლელო დაუდო და 89:5 იმარჯვა. გაგა გურეშიძისა და სერგო ფრუიძის გუნდში შუამარბმა თემურ კოხოძემ ‘ჰეთ-თრიკი’ შეასრულა. ‘მხატვართა’ შუამარბმა დინო არაბიძემ კი მატჩის მიწურულს გატანილი ლელოთი რიონისპირელებს გაშვებულ ქულათა გრაფაში პირველი ქულები დაუფიქსირა.

ამავე ჯგუფში, მარნეულის ‘არმაზმა’ მეორე დამაჯერებელი გამარჯვებით მოწინავე რვეულს უწია. პირველობის აუტსაიდერ ზესტაფონის ‘არწივებმა’ ქვემოქართლელებს ქუთაისში უმასპინძლეს. მარგველებს მოთამაშეთა სათანადო რესურსის უქონლობასთან ერთად, სტადიონის პრობლემაც მოსაგვარებელი აქვთ. დავით კიკნაძის შეგირდებმა 13 ლელო გაიტანეს და იმერლები 97:0 დაამარცხეს. მარბიელმა გიორგი ზირაქიშვილმა ‘ჰეთ-თრიკი’ შეასრულა. ‘არმაზის’ რიგებში იმედისმომცემი ჰავბეკი ლუკა მატკავა მოედანზე შესვენების შემდეგ მგეზავის პოზიციაზე გამოჩნდა. უჩვეულო ამპლუის მიუხედავად უნარიანად გაისარჯა, ჩვეული სიზუსტითაც გამოირჩა და გატანილ ლელოს, 7 გარდასახვაც დაურთო.

‘გ’ ჯგუფის გამარჯვებულმა ‘ხვამლმა’ ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ყველაზე მეტი-238 სათამაშო ქულა მიითვალა და თან არცერთ მეტოქეს ქულის აღების შესაძლებლობა არ მისცა. გუნდის მთავარი მწვრთნელის რატი ურუშაძის შეგირდები, მკაცრი დამრიგებლის მაღალ მოთხოვნებს პირნათლად ასრულებენ და სანიმუშო სათამაშო დისციპლინითაც გამოირჩევიან. გუნდში მძაფრი კონკურენციაა და განთქმული ბორჯღალოსანის თქმით, ძირითად შემადგენლობაში ადგილის გარანტია არცერთ მუხიანელს არ გააჩნია. ‘ხვამლმა’ დასკვნით ტურში, პირველობაზე ჯერჯერობით ყველაზე სოლიდური სხვაობით, მუხიანში ქობულეთის ‘პონტოს’ 158:0 მოუგო. მასპინძელთა მარბიელმა ბაჩანა ბაიხოძემ პირად აქტივში ‘ჰეთ-თრიკი’ მიითვალა.

ამავე ჯგუფის მეორე ადგილოსანი კიკეთში, ‘სამთასა’ და გორის ‘ჯიქის’ შეხვედრაში გაირკვა. შიდაქართლელებმა გასული სეზონიდან მოყოლებული საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს და მეორე ტაიმის შუაწელამდე ფავორიტ მასპინძლებს ანგარიშში დაწინაურების შესაძლებლობა არ მისცეს. ‘სამთამ’ გადამწყვეტი უპირატესობა ‘ჯიქის’ ჰავბეკ ვახო ახვლედიანის სინბინის შემდეგ მოიპოვა. ფრთა გიორგი ვასაძისა და მარბიელ გიორგი ტყეშელაშვილის გატანილი ლელოებით გიორგი ენუქიძისა და ‘ტოლიკა’(სპირიდონ) ლიპარტელიანის გუნდმა 34:12 მოიგო.

დასკვნითი ტურის გამორჩეული შეხვედრა ნავთლუღში გაიმართა.’შევარდენზე’, ’დ’ ჯგუფის ლიდერების, ‘ლოკომოტივი ხულიგანასა’ და რუსთავის ‘ხარების’ დაპირისპირება ჯგუფის გამარჯვებულთან ერთად ‘ოქროს’ ქულების მფლობელსაც ავლენდა. მეტოქეებმა თითო ლელო გაცვალეს. ‘ხულიგანა რკინიგზელთა’ მხრიდან-გიორგი პიტიურაშვილი, ქვემოქართლელთაგან კი ბაქარ ზედგინიძე გამოირჩნენ. მატჩის ბედი ‘ხარების’ ფულბეკ ბესო გაგიშვილის ორმა გატანილმა ჯარიმამ გადაწყვიტა. დავით კაკაბაძისა და თემურ ლობჟანიძის შეგირდებმა 11:8 მოიგეს და მასპინძლები ნუგეშს დააჯერეს. ‘ხარების’ დამრიგებელ ‘შოროს’(დავით კაკაბაძე)ხშირი მოუცლელობის ჟამს, მისმა თანაშემწე თემურ ლობჟანიძემ დიდი, ნაყოფიერი სამუშაო ჩაატარა და არსებული რესურსით რუსთაველებს პოდიუმისთვის ბრძოლა რეალობად ექცათ.

‘დ’ ჯგუფის აუტსაიდერების ‘ტაოსა’ და ქუთაისის ‘სათაფლიას’ შეხვედრა მართალია პრესტიჟის ხასიათს ატარებდა, თუმცა გუნდებმა ბოლომდე იბრძოლეს და ასპინძაში ქომაგმა დიდი ბრძოლა იხილა. მასპინძლებმა, ჯემალ დოიჯაშვილისა და ლევან ხუციშვილის კარგი თამაშის წყალობით 10:3 მოიგეს. ‘ტაოს’ მგეზავ ლევან ხუციშვილის გატანილი ლელო, ფულბეკმა დოიჯაშვილმა გარდასახა და რთული პოზიციიდან გატანილი ჯარიმაც დაურთო.

გუნდებს მეორე ეტაპზე, ჯგუფში ერთურთში ნათამაშევი შედეგი გადაჰყვათ და ამად მოწინავე რვეულში მთლიანობაში 13 ტური გაიმართება. 2-კვირიანი პაუზის შემდეგ ტოპ ჯგუფში, მაქსიმალური 5-5 ქულით ასპარეზობას მთავარი ფავორიტები ‘ლელო’ და ’აია’ განაგრძობენ. ‘ხვამლი’ და ‘ხარები’ ლიდერებს 4-4 ქულით კვალში უდგანან. უქულოდ დარჩენილ ‘სამთას’, ‘არმაზსა’ და ‘არესს’, მეხუთე ადგილზე დამკვიდრებული ‘ლოკომოტივი ხულიგანა’ პირველ ეტაპზე ნუგეშით აღებული ქულით უსწრებს. ‘რკინიგზელთა’ სამწვრთნელო კვარტეტს (ფირუზ ბერიაშვილი, გიორგი კურატიშვილი, მამუკა ტყეშელაშვილი, გოშა შკინინი) გუნდის სათამაშო კონდიციების ასამაღლებლად გვარიანი ოფლისღვრა მოუწევს.

www.rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:42 | 27.09.2018
temuchin (431)

წარმატებები ქართული რაგბის სამჭედლოებს და გული მტკივა რეგიონების ასეთ ჩამორჩენაზე რაც მხოლოდდა მხოლოდ ფინანსებისა და ინფრასტრუქტირუს მოუწესრიგებლობის ბრალია.

0.078695