ბორჯღალოსნები

16:11 | 25.09.2018 | ნანახია 2519 - ჯერ

გრეემ როუნთრი - ბორჯღალოსნების შერკინების ახალი მწვრთნელი

ინგლისელი სპეციალისტი გრეემ როუნთრი, რომელიც 2007-2015 წლებში ინგლისის ნაკრების შერკინების მწვრთნელი იყო, 2019 წლის მსოფლიო თასის ბოლომდე მილთონ ჰეიგის ასისტენტი იქნება და ბორჯღალოსნების შერკინებას გაწვრთნის.

რაგბის კავშირის გამგეობამ როუნთრი აღნიშნულ თანამდებობაზე დღეს დაამტკიცა, რის შემდეგაც სრკ-ს პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, ბორჯღალოსნების თავკაცმა მილთონ ჰეიგმა და რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორმა, ბაჩო ხურციძემ, გრეემ როუნთრი ჟურნალისტებს წარუდგინეს.

გოჩა სვანიძე: „წარმოგიდგენთ ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბის ახალ წევრს, ინგლისელ შერკინების სპეციალისტს გრეემ როუნთრის. ის არის მაღალი რეპუტაციისა და კვალიფიკაციის მორაგბე და მწვრთნელი, რაზეც მისი ბიოგრაფიაც მეტყველებს.

„ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხში ბოლო დროს გარკვეული რეგრესი შეინიშნებოდა, რასაც ზაფხულში ავსტრალიელ მწვრთნელებთან განშორება მოყვა და ნაკრები შერკინების მწვრთნელის გარეშე დარჩა. ახლა ამ პოზიციას როუნთრი დაიკავებს, რომელსაც ქართული რაგბის მიმართ დიდი პატივისცემა და სიყვარული გააჩნია. გრეემა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და ამბობს, რომ მისთვის საინტერესოა ჩვენი შერკინების თამაში, რის გამოც მზადაა ეს გამოწვევა მიიღოს. მასთან კონტრაქტი 2019 წლის დასრულებამდე გაფორმდა“.

მილთონ ჰეიგი: „გრეემ როუნთრის დიდი დახასიათება არ ჭირდება, მისი სარაგბო და საერთაშორისო გამოცდილება შთამბეჭდავად გამოიყურება. 2019 წლის მსოფლიო თასი მისთვის მეოთხე იქნება მწვრთნელის რანგში. ვფიქრობ, გაგვიმართლა ასეთი გამოცდილებისა და კალიბრის მწვრთნელის დაკონტრაქტების შესაძლებლობა რომ მოგვეცა, განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვან პერიოდში, მსოფლიო თასამდე ერთი წლით ადრე.

„პრეზიდენტმაც აღნიშნა და მეც გავიმეორებ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის ენთუზიაზმი და დამოკიდებულება, რომელიც მან ოთხი კვირის წინ, ჩვენი პირველი შეხვედრისას გამოავლინა. მას დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ჩვენი თამაშის გაუმჯობესებაში. კმაყოფილი ვარ, რადგან ჩვენი საუბრიდან გაირკვა, რომ გუნდის წინსვლასთან დაკავშირებით ერთნაირი ფილოსოფია გვაქვს და ეს უმნიშვნელოვანესია. მოუთმენლად ველოდები უშუალოდ პროცესის დაწყებას“.

გრეემ როუნთრი მედიასთან ქართულად მისალმების შემდეგ: „გადამეტების გარეშე - ახლა უფრო აღელვებული ვარ, ვიდრე სხვა ნებისმიერი თანამდებობის დაკავებისას. დიდი ხანია საქართველოს ნაკრების, განსაკუთრებით მისი შერკინების თამაშის გულშემატკივარი ვარ. მსოფლიოში ცნობილი შერკინების მწვრთნელობის და მსოფლიო თასის წელიწადში მისი კიდევ უფრო გაუმჯობესების შანსის ხელიდან გაშვება დანაშაული იქნებოდა“ აღნიშნა მან და დაამატა: „განსაკუთრებულად თბილმა დახვედრამ, როგორც მილთონისგან და გოჩასგან, ასევე სხვა ადამიანებისგან, ჩემი ენთუზიაზმი კიდევ უფრო გაზარდა და მოუთმენლად ველოდები უშუალოდ საწვრთნელ პროცესში ჩართვას“.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რის გაუმჯობესებას გეგმავს როუნთრი მომავალ მსოფლიო თასამდე, რაზეც გრეემა უპასუხა:

„საქართველოს ნაკრების თამაშები რა თქმა უნდა ნანახი მაქვს, მაგრამ დეტალური ანალიზი ჯერ არ ჩაგვიტარებია. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ აუცილებლად გასათვალისწინებელია ტრავმები და სელექცია. ის ბიჭები, რომლებსაც ტრავმირებული მორაგბეების შეცვლა მოუწევთ, მზად უნდა იყვნენ საერთაშორისო რაგბისთვის.

„28 სექტემბერს მე და მილთონი საფრანგეთში მივემგზავრებით, სადაც შევხვდებით მოთამაშეებს და მათ მწვრთნელებს. ბიჭებთან მუდმივი კონტაქტი მექნება სანაკრებო თამაშებს შორის არსებული პაუზისას. ფორვარდების თამაში მხოლოდ სტატიკა და მიწოლა არაა. მნიშვნელოვანია, რომ ისინი სწრაფად დაბრუნდნენ თამაშში პოზიციების მიხედვით“.

მილთონ ჰეიგმა და გოჩა სვანიძემ განაცხადეს, რომ ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბში გრძელვადიანი კონტრაქტით არავის დამატება აღარ მოხდება. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს კონკრეტული მიმართულების სპეციალისტების დამატება:

მილთონ ჰეიგი: „ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ სხვა მწვრთნელების დამატების საჭიროება არ გვაქვს. შეტევის მწვრთნელად მე დავბრუნდები და თამაშის ამ ასპექტის გაუმჯობესებაზე ვიმუშავებ. ტაქტიკური და ტექნიკური თვალსაზრისით, თუ ვინმე დაგვჭირდება, შესაძლოა მოკლევადიან კონტრაქტზე ვინმე დავიმატოთ“.

გოჩა სვანიძე: „ჩვენი პოლიტიკა ასეთია - წინასწარ არ იგეგმება მწვრთნელების რაოდენობა. საჭიროების მიხედვით, რა აუცილებლობაც გვექნება, ამის მიხედვით მოვახდენთ დროებით თუ გრძელვადიან პერსპექტივაში საჭირო სპეციალისტის დამატებას“.

გრეემ როუნთრის შესახებ

გრეემ როუნთრი უდიდესი გამოცდილების მქონე, მაღალი დონის სპეციალისტია, რაზეც მისი წარმატებული კარიერაც მეტყველებს - 17 წელი მოთამაშე და 11 წელი შერკინების მწვრთნელი უმაღლეს, მათ შორის საერთაშორისო დონეზე!

მოთამაშე

47 წლის სპეციალისტი 1971 წლის 18 აპრილს სტოკტონში დაიბადა. მარცხენა ბურჯმა პროფესიული კარიერა ‘ლესთერ თაიგერსში’ 1990 წელს დაიწყო და 2007 წლამდე კლუბის მაისურით 398 მატჩი ჩაატარა. კლუბთან ერთად გრეემი ორჯერ გახდა ჩემპიონთა თასის გამარჯვებული (2001 და 2002 წლებში), 4-ჯერ კი ინგლისის ჩემპიონატი მოიგო.

როუნთრის ინგლისის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 1995 წელს ჰქონდა და 2006 წლამდე 54 კეპი მოიხვეჭა. ითამაშა ორ მსოფლიო თასზე - 1995 და 1999 წლებში. 2003 წელს მან ინგლისის ნაკრებთან ერთად ექვსი ერი „დიდი სლემით“ მოიგო. 2005 წელს გრეემ როუნთრი 2005 წელს ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებში მიიწვიეს, რომლის შემადგენლობაში არგენტინისა და ახალი ზელანდიის (ორჯერ) ნაკრებების წინააღმდეგ სამი თამაში ჩაატარა.

მწვრთნელი

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ როუნთრიმ ‘ლესთერ თაიგერსის’ სამწვრთნელო შტაბში გადაინაცვლა და ერთი სეზონი მთავარი მწვრთნელის ასისტენტად იმუშავა. იმავე წელს ის ინგლისის ეროვნული აკადემიის წევრი გახდა და 2007 წლიდან ინგლისის ეროვნული ნაკრების შერკინების მწვრთნელად დაინიშნა.

ეროვნულ გუნდში როუნთრიმ 2015 წლამდე იმუშავა. პარალელურად, ის ორჯერ მიიწვიეს შერკინების მწვრთნელად ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნესთვის.

2016 წლიდან 2018 წლამდე გრემი ინგლისის პრემიერშიფის ‘ჰარლექუინზში’ მუშაობდა, დღეიდან კი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბის წევრია.

www.rugby.ge


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:18 | 29.09.2018
BEERTRANCE (1073)

იმედია დინამიკაში მოამატებინებს ჩვენს მორკინალებს.

საფეხბურთო ერთა ლიგის მსგავსი იქნება რაგბშიო და რას ფიქრობთ?

20:31 | 26.09.2018
თორღვა პანკელი (387)

ჰოო შერკინება რომ კარგად ესმის ეს ყურებზეც ეტყობა ჯიგარს DDDD, მაგრამ ვნახოდ რა იქნება, პირადად მე იმედი მაქვს რომ გაამართლებს, რაგბი ჩვენი თამაშია!

11:32 | 26.09.2018
geogoli (367)

ძალიან კარგი ამბავია. იმედია ჩვენი შერკინება სტატიკაში გამოსწორდება და ღია თამაშშიც მოუმატებს, ჯერ კიდევ გვაქვს დრო მსოფლიო ჩემპიონატამდე

10:17 | 26.09.2018
kakhaberry (30)

ისე ჩვენი შერკინება რომ ერთ-ერთი საუკეტესოა მსოფლიოში (ნუ საუკეთესო თუ არა ) ეგ ხომ ისევ ჩვენი რაგბის ტრადიციაა და ჩვენი მწვრთნელები არიან მაგაში ძლიერები და ვითომ ეს რამეს გაგვიუმჯობესებს?
ბოლო ტესტებში აშკარად ვერარ იყო ჩვენი შერკინება ისეთი, როგორსაც მიჩვეულები ვართ და რავიცი, ვნახოთ აბა ეს ინგლისელი რას იზამს, რაც ვიცით ის არ დაგვავიწყოს და ისე არ გამოვიდეს ახალიც ვერ ავითვისოთ..

14:58 | 26.09.2018
jora84 (183)

ძალიან ჩამორჩენილხარ მოვლენებს

20:07 | 25.09.2018
jikha (22)

სერიოზული ამბავია

0.08568