თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ გორში ადგილობრივ ‘ჯიქს’ დაძაბულ ბრძოლაში 16:14 აჯობა და მიმდინარე სეზონში მცირე სხვაობით მესამე თამაში მოიგო.
‘ჯიქს’ შეეძლო, რომ თამაში არ წაეგო, მაგრამ ფეხით თამაშში, როგორც კარში ასევე ტაქტიკური დარტყმებისას შეცდომები დაუშვა, დისციპლინაშიც მოიკოჭლა და ჯერჯერობით კვლავ ერთი მოგების ამარაა.
„ჭალის სტადიონზე“ ის გუნდები თამაშობდნენ, რომლებმაც წინა ტურში მარცხი განიცადეს და რეაბილიტაცია ორივეს სურდა. მეტოქის შეცდომების გამო, ბურთს თავიდანვე სტუმრები დაეუფლნენ და მერაბ კვირიკაშვილს ჯარიმით ანგარიშის გახსნის შანსი ჰქონდა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი ძელს გაარტყა. მე-8 წუთზე რატი ხუციშვილი და ცისკარა ბერიაშვილი წაკინკლავდნენ და რეფერიმ ორივე გაასინბინა, კვირიკაშვილმა კი ამჯერად ჯარიმა ზუსტად შეასრულა.
მალე ‘ჯიქს’ კვაჭი რობერტ სუთიძე გაუსინბინეს და გორელები 13 კაცი დარჩნენ, მაგრამ თავის დაცვა მოახერხეს, მერე მეტოქის ნახევარზე გადავიდნენ და 28-ე წუთზე ირაკლი სვანიძემ საპასუხო ჯარიმა გაიტანა. ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა შეძლეს ბურთზე კონტროლის დამყარება და სვანიძემ ზედ შესვენების წინ მეორე ჯარიმა გაიტანა, მაგრამ გაწითლებულ დროზე კვირიკაშვილმა იოლად გაჭრა ხაზი, თავისივე გატანილი ლელო გარდასახა და ‘ლელო-სარასენსი’ 10:6 დაწინაურდა.
მეორე ტაიმი ‘ჯიქის’ აქტიურობით დაიწყო, თუმცა ქულის აღება ვერ მოახერხა. 52-ე და 54-ე წუთებზე კვირიკაშვილმა და ნინიძემ ჯარიმები გაცვალეს. საათის თავზე თბილისელები კაცნაკლული დარჩნენ, ყვითელი ბარათი ბურჯმა არჩილ ბეჟიაშვილმა მიიღო, მაგრამ ‘ლელო-სარასენსმა’ მეტოქის მრავალფაზიანი შეტევა უჯარმოდ მოიგერია.
74-ე წუთზე მასპინძლები მაინც დაწინაურდნენ. მათ 22-ში საკუთარი დერეფანი ვერ მოიგეს, თუმცა კვირიკაშვილმა ბურთი ვერ აიღო, ის ერთი წუთის წინ შეცვლაზე შესული სანდრო ფურცხვანიძეს ნადავლი გახდა და ლელო მარტივად გაიტანა. სვანიძემ კარის წინიდან გარდასახვა ძელს გაარტყა და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა. საპასუხო შეტევისას კვირიკაშვილმა ჯარიმით სტუმრებს ლიდერობა დაუბრუნა, საფინალო სასტვენამდე კი ‘ჯიქი’ მოედანზე კვლავ 13 კაცის ამარა დარჩა - ნიკა სუხაშვილი ყვითელი, ხოლო დავით კლდიაშვილი წითელი ბარათით დაისაჯა.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია