მეოთხე ტურის მეორე მატჩი ქუთაისში, „აია არენაზე“ 17:15 საათზე დაიწყება. დაუმარცხებელი ‘აია’ რუსთავის ‘ხარებს’ უმასპინძლებს, რომელმაც ქულა ყველა თამაშში აიღო, აქედან ორში გამარჯვება მოიპოვა.
ქუთაისელებმა პირველ ტურში თბილისში ‘არმია’ უპრობლემოდ, 57:14 დაამარცხეს და ბონუსიც აიღეს. მომდევნო ორ თამაშში ‘აიას’ დაძაბული თამაშები ჰქონდა. მათ ჯერ მარნეულის ‘არმაზს’ უმასპინძლეს და გამარჯვება ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით მოიპოვეს (31:27), გასულ კვირას კი თბილისში ‘აკადემიასთან’ ტაიმი 3:10 დათმეს, შესვენების შემდეგ ორი ლელოს გატანა მოახერხეს და 15:10 იმარჯვეს.
ბექა ყურაშვილმა შერკინების პირველი ხაზი უცვლელი დატოვა, გუნდის კაპიტანმა გელა შალამბერიძემ მესამედან მეორე ხაზში გადაინაცვლა, ხოლო ფლანკერად თამაშს გიორგი ნუცუბიძე იწყებს. 9 ნომრის პოზიციაზე ძირითადშია ზვიად ორმოცაძე, რომელიც წინა სამ მატჩში მარქაფიდან ჩაერთო. შეიცვალა ორივე ფრთის მოთამაშე და ძირითადში ნიკა წივწივაძე და თორნიკე მანაგაძე არიან, ხოლო გიორგი აბრამიძემ ფულბეკად გადაინაცვლა.
‘ხარებმა’ პირველ ტურში თბილისის ‘ლელო-სარასენსს’ უმასპინძლა, ბრძოლაში 26:29 დამარცხდა და ბონუს ქულას დასჯერდა. მეორე ტურში რუსთაველები ‘ბათუმს’ ზღვისპირეთში ეწვივნენ და 15:8 სძლიეს, ხოლო ერთი კვირის წინ გორის ‘ჯიქი’ მიიღეს, 30:6 დაამარცხეს და 4 უპასუხო ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღეს. ჯამში ‘ხარებმა’ 10 ქულა მოაგროვა და მესამე ადგილზეა.
მწვრთნელებმა ერთი კვირის წინანდელ შემადგენლობაში რამდენიმე მორაგბე შეცვალეს. პირველ ხაზში კვაჭი ნიკა კევლიშვილი, ხოლო მარჯვენა ბურჯი გიგა გულორდავა იქნება, ისინი ამ სეზონში სასტარტოში პირველად არიან. უცვლელია მეორე და მესამე ხაზი, ასევე ღერძი. ცენტრში თამაშს იწყებს ზურა ქავთარაძე, ფრთაზე ბექა ბებიაშვილს ვიხილავთ, ხოლო ფულბეკი ლევან ნარიმანიძე იქნება.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია