შიდა რაგბი

17:17 | 21.09.2018 | ნანახია 783 - ჯერ

დიდი 10 | მეოთხე ტური: "ჯიქი" - "ლელო-სარასენსი"

დიდი 10-ის მეოთხე ტურის მეორე დღე რეგიონებში გაგრძელდება. ბათუმის შემდეგ ესტაფეტას გორი გადაიბარებს და „ჭალის სტადიონზე“ ადგილობრივი ‘ჯიქი’ ‘ლელო-სარასენსს’ დაუხვდება.

გადახალისებულ გორელებს სეზონის სტარტზე გაუჭირდათ - პირველ და მესამე ტურში გასვლითი თამაშები დათმეს. ‘ჯიქი’ ორივე შემთხვევაში მეორე ტაიმის შუაში გატყდა და მარნეულის ‘არმაზთან’ 15:38, ხოლო რუსთავის ‘ხარებთან’ 6:30 დამარცხდა. შიდა ქართლელებმა ქულის აღება ვერც საშინაო შეხვედრის მეორე ტაიმში შეძლეს, თუმცა არც თავად მიიღეს და პირველ ნახევარში მიღებული უპირატესობით წყალობით, თბილისის ‘აკადემიასთან’ ბონუსით, 21:6 მოიგეს. ამრიგად, ‘ჯიქს’ მხოლოდ 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.

რუსთავში განცდილი მარცხის შემდეგ, მწვრთნელებმა ‘ჯიქის’ სასტარტო 15-ში რამდენიმე ცვლილება განახორციელეს. კვაჭად თამაშს რობერტ სუთიძე იწყებს, ბურჯები და მეორე ხაზის წყვილი უცვლელია, მესამე ხაზში კი ერთი ცვლილებაა. ამჯერად ნიკა სუხაშვილი და ნიკა ჩხიკვაძე მოედანზე ერთდროულად იქნებიან პირველი ფლანკერი, ხოლო მეორე შერკინების შემკვრელი იქნება. მეორე ფლანკერი გუნდის კაპიტანი გიორგი მჭედლიშვილია. უკანა ხაზში ორი ცვლილებაა. ნიკა სამხარაძემ ფრთაზე გადაინაცვლა და ცენტრში მის ადგილს რატი ხუციშვილი დაიკავებს. მეორე ფრთაზე თეიმურაზ ჭიჭინაძე დადგება, რომელიც ერთი კვირის წინ ფულბეკი იყო, 15 ნომრად კი დიტო კიკნაძეს ვიხილავთ.

‘ლელო-სარასენსმა’ ახალი სეზონი მძიმედ დაიწყო, თუმცა პირველ ორ ტურში ორი გამარჯვება მოიპოვა და ეს მნიშვნელოვანია, მათ 3 ქულით ჯერ რუსთავში ‘ხარებს’ სძლიეს (29:26), მერე პატარძეულის ‘ვეფხვებს’ სენსაცია არ დაანებეს და დიდ დიღომში მატჩის მიწურულს გატანილი ლელო-გარდასახვით 28:25 მოუგეს. ერთი კვირის წინ თბილისელებმა ‘ბათუმს’ უმასპინძლეს და სეზონის პირველი მარცხი იგემეს - 13:26.

მიუხედავად მარცხისა ‘ლელო-სარასენსის’ პირველი და მეორე ხაზი უცვლელი დარჩა, მესამე ხაზში კი არჩილ აბესაძე და თორნიკე ბუბუტეიშვილი გამოჩნდნენ. სამაგიეროდ, მრავლადაა ცვლილება ხაზში და ცენტრში თამაშს ბექა მამუკაშვილი იწყებს, ფულბეკად ირაკლი ყიასაშვილი ბრუნდება, ხოლო ფრთებზე დემე თაფლაძე და სოსო მათიაშვილი (ერთი კვირის წინ ფულბეკი იყო) იდგებიან.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.069739