საერთაშორისო

14:17 | 20.09.2018 | ნანახია 1350 - ჯერ

მსოფლიო თასი ზუსტად 1 წელიწადში იწყება!

#1YTG | ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2019 წლის 20 სექტემბერს რაგბის რიგით მეცხრე მსოფლიო თასი იღებს სტარტს იაპონიაში. ეს იქნება პირველი მსოფლიო თასი, რომელიც აზიაში გაიმართება და რომელშიც მიჯრით მეხუთე იქნება ბორჯღალოსნებისთვის.

ამასობაში 2019 წლის მსოფლიო თასის მატჩების ბილეთებზე წინასწარი განაცხადების მიღება უკვე დაიწყო! 19 სექტემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით, მსოფლიო თასის მატჩებზე დასწრების მსურველები უნდა შევიდნენ გვერდზე www.tickets.rugbyworldcup.com, დარეგისტრირდნენ და გააკეთონ განაცხადი სასურველი მატჩების ბილეთებზე!

ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, გაისად ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე მიჯრით მეხუთედ ითამაშებენ. ნათლობა 2003 წელს ავსტრალიაში შედგა, სადაც ჯგუფურ ეტაპზე ოთხივე თამაში დავთმეთ (ინგლისთან 6:84, სამოასთან 9:46, სამხრეთ აფრიკასთან 19:46 და ურუგვაისთან 12:24). საქართველოდან მსოფლიო თასზე პირველი ქულები მალხაზ ურჯუკაშვილმა აიღო, ხოლო პირველი ლელო დავით დადუნაშვილმა გაიტანა.

2007 წელს, საფრანგეთში შედეგები ბევრად უკეთესი იყო: არგენტინამ ლელოები მხოლოდ მეორე ტაიმში გაიტანა და ბონუსი გაწითლებულ დროზეღა აიღო (3:33), ირლანდიასთან სენსაციამდე მცირედი დაგვაკლდა და მსოფლიო თასზე პირველი სატურნირო ქულა ავიღეთ (10:14), 26 სექტემბერს ტურნირზე პირველი გამარჯვება ვიზეიმეთ - ნამიბიასთან 30:0, მასპინძელმა საფრანგეთმა კი 64:7 მოიგო.

2011 წელს ახალ ზელანდიაშიც ერთი თამაში მოვიგეთ - რუმინეთს იმ დროისთვის სარეკორდო სხვაობით, 25:9 ვძლიეთ; შოტლანდიამ ლელო ვერ დაგვიდო და მხოლოდ 15:6 იმარჯვა, ინგლისმა მოგება დასკვნით 20 წუთში გაინაღდა - 41:10; ხოლო არგენტინამ მეოთხე, პრემიალური ლელო ვერ გაიტანა - 25:7.

2015 წელს, საქართველომ პირველად მსოფლიო თასზე მონაწილეობის ისტორიაში ორი თამაში მოიგო, 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა და 4 წლით ადრე დაიბევა იაპონიის საგზური: პირველ მატჩში ტონგას 17:10, ხოლო დასკვნით მატჩში ნამიბიას 17:16 მოვუგეთ. შუალედში არგენტინამ 54:9 იმარჯვა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონმა ახალმა ზელანდიამ 43:10. „ოლ ბლექსთან“ მატჩში ლელო ბექა წიკლაურმა გაიტანა, ქართველთა თამაშმა საყოველთაო აღიარება დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო მორაგბედ მამუკა გორგოძე დასახელდა.

იაპონია 2019

2019 წლის მსოფლიო თასზე, იაპონიაში „დ“ ჯგუფში ვითამაშებთ და 23 სექტემბერს ტოიოტაში უელსს შევხვდებით; 29 სექტემბერს ჩვენი მეტოქე კუმაგაიაში ამერიკის შესარჩევი ეტაპის მეორე გუნდი ურუგვაი იქნება; 3 ოქტომბერს წყნარი ოკეანის კუნძულების შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულ ფიჯის ოსაკაში ვეთამაშებით; 11 ოქტომბერს ავსტრალიას შიზუოკაში ვერკინებით.

ბორჯღალოსნების მატჩები ჯგუფურ ეტაპზე, "დ" ჯგუფი

(საათები მითითებულია საქ. დროით)

უელსი - საქართველო | 23/09/2019, 14:15 სთ, ტოიოტა

საქართველო - ურუგვაი | 29/09/2019, 09:15 სთ, კუმაგაია

საქართველო - ფიჯი | 3/10/2019, 09:15 სთ, ოსაკა

ავსტრალია - საქართველო | 11/10/2019, 14:15 სთ, შიზუოკა

2019 წლის მსოფლიო თასის განრიგი

ქართულად | საქართველოს დროით >> სრული | ჩვენი ჯგუფისა

ინგლისურად | იაპონიის დროით

www.rugby.ge


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:00 | 21.09.2018
ირაკლი1986 (18)

რა მაგარია მეცხრე მსოფლიო და მეხუთე მონაწილეობა ჩვენს ნაკრებს!წარმატებები ნაკრებს!

22:50 | 20.09.2018
ogafa (407)

წარმატებები ნაკრებს

0.11048