ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის მეორე ტურმაც სენსაციების გარეშე განვლო. ფავორიტებმა დამაჯერებელ გამარჯვებებთან ერთად პრემიალური ქულებიც მიითვალეს და თან მოწინავე რვეულში თამაში ამთავითვე დაიბევეს.
‘ა’ ჯგუფის უპირობო ფავორიტმა ‘ლელომ’ ‘შევარდენზე’ ‘არმიას’ 11 ლელო გაუტანა და მეტოქეს 71:3 სძლია. მგეზავმა ლუკა ხეხელაშვილმა და ფრთების მოთამაშეებმა: ნიკა ბაგაშვილმა და პაატა ღარიბაშვილმა-‘დუბლი’ შეასრულეს. ჩემპიონი მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა, რაც გუნდის დამრიგებელ ოთარ ბარკალაიას შემადგენლობის როტაციასთან ერთად სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის განხორციელების შესაძლებლობას აძლევდა. ‘ჯარი’ ბოლომდე იბრძოდა და მშრალი ანგარიშით მარცხისაგან თავის დაღწევა ფულბეკ ოთარ ბიბილაშვილის ლამის ცენტრიდან გატანილი ეფექტურის არეკნის წყალობით მოახერხა. ‘ლელომ’ აღნიშნული გამარჯვებით ჯგუფში პირველი ადგილთან ერთად, ‘ოქროს’ ქულებიც გაინაღდა. პირველ-მეორე ადგილზე გასულ გუნდებს მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე ურთიერთ შეხვედრის შედეგიც გადაჰყვებათ.
ამავე ჯგუფში ხაშურის ‘ლეგიონმა’ მეორე საშინაო შეხვედრა დათმო. გავერანებულ და პრაქტიკულად გაქვავებულ მოედანზე ვარჯიშსა და შეხვედრებში ‘ლეგიონის’ მთავარმა მწვრთნელმა დათო სტეფანოვმა ტრავმების გამო ძირითადის ერთბაშად 9 მორაგბე მოისაკლისა (მათ შორის-წამყვანი მგეზავი და ჰავბეკი). ‘არესთან’ მატჩში შიდაქართლელებს საუცხოოდ მოთამაშე მარბიელ საბა მესხიშვილის ‘ჰეთ-თრიკმაც’ ვერ უშველა. რიონისპირელებმა 5 ლელოს გატანა მოახერხეს, მასპინძლებს 41:22 სძლიეს და მოწინავე ორეულში მოხვედრის შანსიც შეინარჩუნეს. გიორგი მინაძის გუნდში განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მგეზავ ბაკურ კუხალაშვილისა და მარბიელ ბექა თათიბაძის კარგი თამაში. ‘არესი’ პირველი ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში ‘არმიას’ ქუთაისში დაუხვდება.
‘ბ’ ჯგუფის გამორჩეული შეხვედრაში, მარნეულის ‘არმაზმა’ ‘აიას’ ‘შევარდენზე’ უმასპინძლა და 0:29 წააგო. რიონისპირელები კარგ ფიზიკურ მომზადებასთან ერთად, მაღალი ხარისხის ბოჭვებითა და სათამაშო დისციპლინითაც გამოირჩნენ. გაგა გურეშიძის შეგირდები ხაზს იოლად ჭრიდნენ, მეტოქეს კი ხეირიანი იერიშის განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. ვიცე-ჩემპიონმა ქვემოქართლელებს ტაიმებში 2-2 ლელო გაუნაწილა. შუამარბმა თემურ კოხოძემ ‘დუბლი’ შეასრულა. მარცხის მიუხედავად,’არმაზს’ მოწინავე ჯგუფში მოხვედრის კარგი შანსი დარჩა. საწადელის მისაღწევად დავით კიკნაძის შეგირდებს ბოლო ტურში ჯგუფის აუტსაიდერ ზესტაფონის ‘არწივების’ ძლევა მართებთ.
‘არწივებმა’ სათამაშო ქულა ვერც მეორე შეხვედრაში აიღეს და ამჯერად ‘მშრალი’ ანგარიშით 0:73 მარცხი ‘აკადემიასთან’ იწვნიეს. ჭაბუკმა ‘მხატვრებმა 11 ლელო გაიტანეს. მარცხენა ფრთა გიორგი ქაჯაიამ კი ‘ჰეთ-თრიკი’ შეასრულა. გამარჯვების მიუხედავად, გიორგი ნებულიშვილისა და პაატა ნარიმანაშვილის შეგირდებს მოწინავე ჯგუფში მოხვედრის მხოლოდ თეორიული შანსი დარჩათ.
‘გ’ ჯგუფის ფავორიტმა ‘ხვამლმა’ გორში გაილაღა. რატი ურუშაძის ბიჭებმა ‘ჯიქს’ 10 უპასუხო ლელო გაუტანეს და მასპინძლები 62:0 დაამარცხეს. მღლეტელმა ნიკა მჭედლიშვილმა პირად აქტივს ‘ჰეთ-თრიკი’ შემატა. ხვამლი მეორე ეტაპზე ასპარეზობას ‘ოქროს’ ქულებით განაგრძობს.
ქობულეთის ‘პონტო’ ‘სამთასთან’ მატჩისთვის საგანგებოდ მოემზადა. ხუცუბანის სარაგბო არენის საფარიც კარგად გამოიყურებოდა და სტუმართა უპირატესობის ქონის მუხედავად, შეხვედრამ ქომაგზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გიორგი ენუქიძისა და ‘ტოლიკა’ ლიპარტელიანის შეგირდებმა უკეთესი სტატიკისა და კლასის ხარჯზე აჭარლებს 43:0 სძლის. განსაკუთრებული მოწონება ‘სამთას’ ჰუქერმა ანტონ ცილიკურმა დაიმსახურა. ‘სამთა’ მოწინავე ეტაპზე მოსახვედრად გადამწყვეტ შეხვედრაში ‘ჯიქს’ შინ, კიკეთში უმასპინძლებს.
‘დ’ ჯგუფის ფავორიტებმა, ‘ლოკომოტივი ხულიგანამ’ და რუსთავის ‘ხარებმა’ მორიგი, იოლი გამარჯვებებით მეორე ეტაპზე თამაში ვადამდე გაინაღდეს. ხოლო, თუ რომელი გუნდი განაგრძობს ‘ოქროს’ ქულებით ასპარეზობას, ამას პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის გამორჩეული შეხვედრა გაარკვევს. ფავორიტები ერთმანეთს 23 სექტემბერს, ‘შევარდენზე’ დაუპირისპირდებიან.
განვლილ ტურში, ‘ხულიგანა რკინიგზელებმა’ქუთაისში, ‘სათაფლიას’ 6 ლელო გაუტანეს, მასპინძლები კი ოდენ კინკილა ჯარიმას დააჯერეს და 37:3 იმარჯვეს. სტუმრები სწრაფად,ლაღად ბურთაობდნენ და მრავალ სათამაშო კომპონენტთან ერთად, რიონისპირელებს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებასაც ასწრებდნენ.
სამცხე-ჯავახეთის ‘ტაომ’ კი რუსთავში, ‘ხარებს’ ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. დავით კაკაბაძის ბიჭებმა 9 უპასუხო ლელო გაიტანეს და მატჩი, ‘მშრალი’ ანგარიშით 57:0 მოიგეს. ‘ხარები’ ხელდახელ თამაშს ეძალებოდნენ და სტუმრებს დიდ პრობლემებს უქმნიდნენ. ქვემოქართლელთა რიგებში ფულბეკმა ბესო გაგიშვილმა უნარიან თამაშთან ერთად წყვილი ლელო გაიტანა და 6 გარდასახვაც ზუსტად შეასრულა.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მეტი მაღალკვალიფიციური მწვრთნელი რეგიონებს და ეს მიზერული ფინანსებიც რა გახდა რა რომ ხაშურმა და მისნაირმა გუნდებმა გრუნტზე არ ითამაშონ და ნორმალურთან მიახლოებული მოედანი მაინც ჰქონდეთ.