ლეგიონერები

14:10 | 17.09.2018 | ნანახია 1311 - ჯერ

ლეგიონერები | გორგაძის ელიტური დებიუტი

ბორჯღალოსანი ბექა გორგაძე, ერთწლიანი ტრავმის შემდეგ ელიტურ რაგბს დაუბრუნდა და თავისი ახალი გუნდის, ტოპ 14-ის ‘ბორდოს’ მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

ხანგრძლივი ტრავმის მიუხედავად, ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესში მყოფ 22 წლის მესამეხაზელს ‘ბორდომ’ კონტრაქტი გაუფორმა და ტოპ 14-ის მეოთხე ტურში, ‘აჟენთან’ სტუმრად გასამართ მატჩში განაცხადში შეიყვანა. ბექა თამაშში 31-ე წუთზე ჩაერთო და ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად 7 წუთი იბურთავა, 67-ე წუთზე კი სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა. ‘ბორდოს’ მოლმა ბოლო წუთზე საჯარიმო ლელო გამოიმუშავა, თამაში ‘აჟენმა’ 22:17 მოიგო და სტუმრებს მცირედით მარცხისთვის ბონუსი შეხვდათ.

მატჩში მონაწილეობა კიდევ ორმა ქართველმა მიიღო. ‘ბორდოს’ რიგებში პირველიდან 76-ე წუთამდე ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა, ხოლო ‘აჟენის’ განაცხადში გიორგი თეთრაშვილი იყო და ის თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო.

მიმდინარე სეზონში ‘კლერმონის’ რიგებში პირველად ითამაშა მესამეხაზელმა ვიტო კოლელიშვილმა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 52 წუთი გაატარა. ‘კლერმონი’ სტუმრად ‘პოს’ შეხვდა და 27:23 დაამარცხა. „ვულკანები“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც ოთხივე თამაში მოიგო.

ტოპ 14-ში დებიუტი ჰქონდა ‘გრენობლის’ ბურჯ ბექა გიგაშვილს. ის ამ გუნდში გასულ სეზონში, პრო დე2-ში თამაშობდა და ტოპ 14-ის საგზური მოიპოვა, მეოთხე ტურში კი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 50 წუთი გაატარა. ‘გრენობლი’ სტუმრად ‘კასტრს’ შეხვდა და 13:29 დამარცხდა.

‘რასინგ 92’ ‘ტულუზს’ ეწვია და 17:30 დამარცხდა. პარიზელთა შორის მოედანზე პირველივე წუთებიდან იყო ვასილ კაკოვინი, რომელიც 52-ე წუთზე გურამ გოგიჩაშვილმა შეცვალა. გოგიჩაშვილმა ტოპ 14-ში ზედიზედ მეორე თამაში ჩაატარა.

მეოთხე ტურის სხვა შეხვედრებში ‘ლიონმა’ ‘მონპელიეს’ 55:13 მოუგო, ‘სტად ფრანსემ’ ‘ტულონს’ 37:10 სძლია, ხოლო ‘ლა როშელმა’ ‘პერპინიენს’ ასევე 37:10 სძლია.

პრო 14-ის მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა ბორჯღალოსნების კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ. მისი ‘ოსფრეიზი’ ირლანდიაში ‘მანსთერს’ ეწვია და 13:49 დამარცხდა. ნემსაძემ მეორე ხაზში შუცვლელად ითამაშა, მე-17 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და შესაბამისად, მოედანზე 70 წუთი გაატარა.

ინგლისის პრემიერშიფში ზურაბ ჟვანიას ‘უოსფსმა’ ‘ლესთერს’ უმასპინძლა და 41:35 სძლია. ქართველი ბურჯი თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო.

www.rugby.ge


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:27 | 19.09.2018
გუგა80 (155)

10 ნოემბერი არის ქართული რაგბის "ჭეშმარიტების წამი".
ძალიან ვუფრთხი ამ თარიღს! უკვე ვნერვიულობ!
უეჭველი ვიცი რომ პირდაპირ ეთერში ვერ შევძლებ ყურებას რადგანაც შეიძლება წნევამ დამარტყას!

21:27 | 17.09.2018
თორღვა პანკელი (384)

ბევრი გაუცდა ბექას და რაც შეიძლება დიდი დრო უნდა ძირითადში, რასაც იმედია დაიმსახურებს მისი კლასიდან გამომდინარე, იტალიასთან მატჩის წინ ნაკრებში ამდენი სამწუხარო ტრავმების შემდეგ, ჰაერივით გვჭირდება ბექასნაირი ჭკვიანი და უნივერსალური მორაგბეები, განსაკუთრებით კარგია ჰაერში დაკიდებულ ბურთებზე. ვიტოს ძირითადში გამოჩენაც ძალიან კარგია, არახალია ვიტო უდიდესი ძალაა ნაკრებისთვის, იმედია თაზო მალე ათამაშდება ჩვეულ სტილში, მორკინალებზე კი რა უნდა ვთქვა, ძალიან იმედიანად ვარ, განსაკუთრებით მომავალი თაობის მეიმედება, ყველას წარმატებები ჩვენს ბიჭებს, რაგბი ჩვენი თამაშია!

0.115002