შიდა რაგბი

0:11 | 17.09.2018 | ნანახია 914 - ჯერ

დიდი 10 | აკადემია 10:15 აია

ქუთაისის ‘აიამ’ მეორე ტაიმში თამაშის ბედის შემობრუნება მოახერხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. თბილისის ‘აკადემიამ’ ვერცხლის პრიზიორს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და 70-ე წუთამდე ლიდერობდა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ბონუსს დასჯერდა და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ქულა ჩაიწერა.

თამაშის ხარისხზე დიდი გავლენა იქონია ძლიერმა ქარმა. გარდა ამისა, შერკინებების მოწყობაში დიდი დრო იხარჯებოდა, რამაც სანახაობრივი მხარე დააზარალა.

ქუთაისელებმა მატჩის დებიუტში შეცდომა დაუშვეს და დავით მოძღვრიშვილმა ჯარიმით ანგარიში გახსნა. ‘აიამ’ ბურთზე კონტროლი დაამყარა, ჯარიმის უფლება თავადაც მოიპოვა და მე-13 წუთზე თედო აბჟანდაძემ წონასწორობა აღადგინა.

25 წუთის შემდეგ, ‘აკადემიამ’ შეძლო მეტოქის ნახევარზე გადასვლა და შესვენებამდე დარჩენილი დრო შეტევებში გაატარა. ქუთაისელები ხშირად ჯარიმდებოდნენ და გიორგი აბრამიძე სინბინით დაკარგეს. თბილისელებმა შერკინება ირჩიეს და ეს ეპიზოდი 8 წუთი გაგრძელდა. მესამედ დაჯარიმების გამო რეფერიმ ყვითელი ბარათი ჟორჟ სალდაძესაც უჩვენა, რის შემდეგაც ‘აკადემიამ’ ბურთი ხაზზე გაიტანა, 13-კაციან მეტოქესთან უპირატესობის შექმნა არ გაჭირვებია და საბა ილურიძემ ლელო გაიტანა, ხოლო მოძღვრიშვილმა ქარის საწინააღმდეგოდ რთული პოზიციიდან გარდასახა - 10:3.

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა უპირატესობის გაზრდა ცენტრიდან სცადეს, მაგრამ ჯარიმიდან დარტყმული არაზუსტი იყო. 47-ე წუთზე ‘აიამ’ მაღალ ტემპში შეუტია, ლაშა ლომიძემ ფეხით გადაკიდა, მას უსწრაფესი აბრამიძე მიყვა და ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო და თბილისელებმა ლიდერობა შეინარჩუნეს.

‘აკადემიამ’ კიდევ ერთხელ სცადა ძალისმიერ სტილში ლელოს გატანა, მაგრამ ‘აიამ’ თავი დაიცვა და დასკვნით წუთებში იერიშზე თავად გადავიდა. ამან შედეგი 70-ე წუთზე გამოიღო, ლომიძემ წითელ ზოლში თამაში გაამწვავა, ოთარ ძაგნიძე ლელოდან 2 მეტრში შეაჩერეს, მაგრამ გელა შალამბერიძეს ვეღარაფერი მოუხერხეს და აბჟანდაძემაც გარდასახა - 15:10 ‘აიას’ სასარგებლოდ და ის ‘ლოკომოტივთან’ ერთად დაუმარცხებელ გუნდად რჩება.

www.rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:53 | 17.09.2018
ირაკლი1986 (18)

აია ვაშა!ვაშა!ვაშა!

0.09199