შიდა რაგბი

13:43 | 16.09.2018 | ნანახია 1086 - ჯერ

დიდი 10 | მესამე ტური: არმაზი - ლოკომოტივი

ხვალ ნაშუადღევს დიდი 10-ის მესამე ტური მარნეულის ‘არმაზისა’ და თბილისის ‘ლოკომოტივის’ მატჩით განახლდება. შეხვედრა 15 საათზე „შევარდენის“ სტადიონზე დაიწყება.

‘არმაზმა’ მიმდინარე სეზონი მძლავრად დაიწყო და პირველ ტურში გორის ‘ჯიქი’ 38:15 დაამარცხა. მარნეულელებმა მეორე ტურში, ქუთაისშიც ხარისხიანი რაგბი ითამაშეს და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ბოლო წუთზე ლელო-გარდასახვა გაუშვეს და მხოლოდ ბონუსს დასჯერდნენ - 27:31.

იმ მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა პირველი ხაზი უცვლელი დატოვეს, მეორე ხაზში კი კობა ჯიმშელეიშვილს იოანე იაშაღაშვილი შეუწყვილდება, რომელიც ქუთაისში შერკინების შემკვრელი იყო. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნა საბა ბერაძემ, მეორე ფლანკერი თენგო გიგოლაშვილი იქნება, ხოლო 8 ნომრის პოზიციაზე 7-კაცა ნაკრებიდან დაბრუნებული ილია სპანდერაშვილი დადგება. უცვლელია ღერძი და შუამარბების წყვილი. ფრთაზე სანდრო სვანიძე გადაინაცვლებს, რომელიც ქუთაისში ფულბეკი იყო. ‘ლოკომოტივთან’ 15 ნომერი გივი ცინცაძე იქნება.

ქვეყნის ჩემპიონმა, თბილისის ‘ლოკომოტივმა’ სეზონის სტარტზე დებიუტანტი ‘ვეფხვები’ ბონუსით, 47:22 დაამარცხა. რკინიგზელებმა მეორე ტურში ‘არმიას’ სამი ლელო გაუტანეს და 21:8 იმარჯვეს, მაგრამ ერთი თავადაც გაუშვეს და ბონუსი ვერ აიღეს.

წინა მატჩის შემდეგ ‘ლოკომოტივმა’ მეორე ხაზი სრულად შეცვალა და თამაშს გაგა არაბულისა და გიორგი გეგიას წყვილი იწყებს. მეორედან მესამე ხაზში გადაინაცვლა დაჩი კოპაძემ, მეორე ფლანკერი ვასიკო ყველაიძე დარჩა, ხოლო ფარნავაზ გასვიანმა 8 ნომრად გადაინაცვლა. ცენტრში 7-კაცა ნაკრებიდან დაბრუნებული ზურაბ ძნელაძე ბრუნდება, ხოლო ფრთაზე ასევე 7-კაცას მოთამაშე ივანე ხელაიას ვიხილავთ. ფულბეკად გადაინაცვლებს და ბექა წიკლაურის ნაცვლად 15 ნომრად ითამაშებს ლევან გოგოლაშვილი.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079216