შიდა რაგბი

17:03 | 13.09.2018 | ნანახია 1256 - ჯერ

დიდი 10 | მესამე ტური

დიდი 10-ის მესამე ტური ხვალ (14 სექტემბერი) თბილისში, „ლელო არენაზე“ ცენტრალური შეხვედრით იხსნება. ‘ლელო-სარასენსი’ მშობლიურ დიდ დიღომში სატურნირო ცხრილის მეზობელს, ‘ბათუმს’ დაუხვდება და რევანშის აღებას ეცდება.

გასულ ჩემპიონატში ეს გუნდები მოწინავე ექვსეულში მოხვდნენ და ერთმანეთს ფლეი ოფის პირველ ეტაპზე დაუპირისპირდნენ. ზღვისპირელები მასპინძლის სტატუსით სარგებლობდნენ და მეტოქე 30:8 დაამარცხეს. შედეგად, ‘ლელო-სარასენსი’ მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა, ‘ბათუმი’ კი მომდევნო წრეში დამარცხდა და მეოთხეზე გავიდა.

‘ლელო-სარასენსი’ და ‘ბათუმი’ ახლაც მეზობლად არიან - თბილისელები 8 ქულით მესამე, ხოლო ბათუმელები 6 ქულით მეოთხე ადგილს იკავებენ. შემადგენლობებს თუ გადავხედავთ, ორივე ეს გუნდი ჩემპიონობის პრეტენდენტია და თავისი უპირატესობის დამტკიცება მოედანზე მოუწევთ.

თბილისელებმა ორივე განვლილი მატჩი ბრძოლაში, 3-ქულიანი უპირატესობით მოიგეს. პირველ ტურში ისინი ‘ხარებს’ რუსთავში ეწვივნენ, უპირატესობა დასკვნით 10-12 წუთში მოიპოვეს და მეტოქეს 29:26 სძლიეს, ხოლო ერთი კვირის წინ დებიუტანტი, პატარძეულის ‘ვეფხვები’ მიიღეს და გამარჯვების ლელო 78-ე წუთზე გაიტანეს - 28:25.

მას შემდეგ ‘ლელო-სარასენსს’ 7-კაცა ნაკრებში მივლინებული ნიკო აფციაური, თენგიზ პერანიძე და სოსო მათიაშვილი დაუბრუნდა და ორი უკანასკნელი სასტარტო შემადგენლობაში, პირველი კი მარქაფაშია.

მასპინძელთა შერკინების ხაზში სამი ცვლილებაა. ხელუხლებელი დარჩა პირველი ხაზი, მეორე ხაზში გრიგორ ქერდიყოშვილის ადგილს როლანდ კვაჭაძე დაიკავებს, მესამე ხაზში კი ადგილი მხოლოდ სანდრო მამამთავრიშვილმა შეინარჩუნა, მეორე ფლანკერი ცისკარა ბერიაშვილია, ხოლო შემკვრელი რატი ჟორჟოლიანი.

ძირითადში ბრუნდება 9 ნომერი პერანიძე, ფულბეკის პოზიციაზე ირაკლი ყიასაშვილს მათიაშვილის შეცვლის, ხოლო ცენტრში რეზო ჯინჯიხაძეს დემე თაფლაძე შეუწყვილდება.

ბათუმელებმა ჩემპიონატი რიხიანად დაიწყეს და პირველ ტურში თბილისში ‘აკადემია’ 46:7 დაამარცხეს, რითაც ბონუსიც აიღეს. მეორე ტურში მათ ‘ხარებს’ ფავორიტის სტატუსით უმასპინძლეს, თუმცა რუსთაველებმა მეტოქეს ტოლი არ დაუდეს, სამი ლელო გაუტანეს, აქედან ორი დასკვნით 20 წუთში და სტუმრებმა 15:8 იმარჯვეს. ‘ბათუმმა’ 7 ქულით მარცხისთვის მხოლოდ ბონუსი მიიღო.

წაგებული მატჩის შემდეგ, ზღვისპირელებმა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელეს, ორ მოთამაშეს კი პოზიცია შეუცვალეს. შერკინების პირველ ხაზში კვაჭი გიორგი თედორაძე, ხოლო მარჯვენა ბურჯი მიხეილ წიკლაური იქნება. უცვლელია მეორე ხაზი, ბექა მამრიკიშვილი, რომელმაც ერთი კვირის წინ კვაჭად ითამაშა, ამჯერად მესამე ხაზში იქნება. სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება მგეზავი ლაშა ხმალაძე, ხოლო მამუკა ნინიძე ფულბეკად გადაინაცვლებს. ცენტრში ‘ლელოს’ ყოფილ მორაგბე სანდრო თოდუას ბექა ურჯუკაშვილი შეუწყვილდება.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
1.522154