ლეგიონერები

16:55 | 10.09.2018 | ნანახია 1711 - ჯერ

ლეგიონერები - გოგიჩაშვილის ელიტური დებიუტი და მიქაუტაძის ტრავმა

ბორჯღალოსანთა მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ საფრანგეთის ტოპ 14-ის მესამე ტურში ხელი მოიტეხა და ნოემბრის ტესტებს გამოტოვებს.

27 წლის მორაგბე ‘ბორდოსთან’ სტუმრად გამართულ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა მე-2 წუთზე შესრულებული ბოჭვის შემდეგ ხელი დაიზიანა და შესაცვლელი შეიქმნა. რედგენმა აჩვენა, რომ კოტემ ხელი მოიტეხა. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და რეაბილიტაციას 3 თვე დაჭირდება. შედეგად, მიქაუტაძე ნოემბრის ტესტ-მატჩებს გამოტოვებს და უკეთეს შემთხვევაში მოედანს 2018 წლის მიწურულს დაუბრუნდება.

‘მონპელიეს’ ამ მატჩში ტრავმის გამო ორი ქართველი ბურჯი - მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავაც დააკლდა. შეხვედრა ფრედ - 9:9 დასრულდა. მასპინძელი ‘ბორდოს’ შემადგენლობაში 55-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა ლექსო ყაულაშვილმა.

მესამე ტურში სასიხარულო ამბავიც მოხდა - ახალგაზრდა გურამ გოგიჩაშვილს ტოპ 14-ში დებიუტი ჰქონდა და მისმა ‘რასინგმა’ ‘აჟენს’ ბონუსით, 59:7 აჯობა. პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში ვასილ კაკოვინი იყო, რომელიც გურამმა 53-ე წუთზე შეცვალა. სტუმართა შორის სრულად ითამაშა შუამარბმა თამაზ მჭედლიძემ, ხოლო გიორგი თეთრაშვილმა მოედანზე 48 წუთი გაატარა.

ლიდერთა ჯახში ‘კლერმონმა’ ‘სტად ფრანსე’ მიიღო და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი აგემა - 42:20. მასპინძელთა შორის 59-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა დავით ზირაქაშვილმა. ‘კლერმონი’ ერთადერთი გუნდია, რომელმაც ახალი სეზონის სტარტზე სამივე თამაში მოიგო.

ინგლისის პრემიერშიფში ზურაბ ჟვანიას ‘ვოსპსმა’ ‘ექსეთერს’ უმასპინძლა და 31:42 დამარცხდა. ქართველი ბურჯი თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო და ახალი გუნდის შემადგენლობაში მეორე ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

საფრანგეთის პრო დე2-ში მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა და ‘ანგულემისა’ და ‘ორიაკის’ მატჩში, შერკინების მეორე ხაზში ორმა ქართველმა ითამაშა. ტრადიციულად, ‘ანგულემის’ სასტარტოში იყო შალვა სუთიაშვილი, რომელმაც 77-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. 4 ნომრის პოზიციაზე ‘ორიაკის’ ძირითად შემადგენლობაში იყო ლაშა ლომიძე და მან მოედანზე 69 წუთი გაატარა. ის ახალი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში პირველად დააყენეს.

‘ბიარიცმა’ ‘ბურგ-ან-ბრესი’ მიიღო და ბონუსით, 46:9 დაამარცხა. საკუთარი გუნდის გამარჯვებაში წვლილი ვახტანგ ახობაძესაც მიუძღვის, რომელიც შეცვლაზე 50-ე წუთზე შევიდა.

მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა ‘კოლომიეს’ ბურჯმა ბექა შეყლაშვილმა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 48 წუთი გაატარა. ‘კოლომიე’ ‘კარკასონმა’ მიიღო და მატჩის მიწურულს გატანილი ლელო-გარდასახვით 25:20 დაამარცხა. მასპინძელთა შორის 48-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა მირიან ბურდული, თუმცა 62-ზე შესაცვლელი შეიქმნა.

‘მასი’ ‘ნევერს’ ეწვია და 6:17 დამარცხდა. ილია კაიკაციშვილი სტუმართა 15-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ მე-14 წუთზე დაშავდა და შეცვალეს.

შეცვლაზე 24 წუთი ითამაშა ‘ვანის’ ახალგაზრდა ბურჯმა ნიკა ნეფარიძემ. მისი გუნდი ‘პროვანსს’ ეწვია და 23:38 დამარცხდა.

მეორე გამარჯვება იზეიმა ‘ბრივმა’ - ‘ბეზიე’ 27:6 დაამარცხა.’ბრივის’ ძირითადში იყო და მოედანზე 75 წუთი გაატარა მესამეხაზელმა ოთარ გიორგაძემ. თამაშში 37-ე წუთიდან ჩაერთო 21 წლის ბურჯი ლუკა გოგინავა.

პრო დე2-ში ახლა ერთკვირიანი დასვენებაა და თამაშები 20 სექტემბრიდან განახლდება.

www.rugby.ge


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:25 | 12.09.2018
BEERTRANCE (1073)

ძალიან საწყენია, შეძლებისდაგვარად მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

19:57 | 11.09.2018
თორღვა პანკელი (387)

მეც ჯანმრთელობას გისურვებ კოტე, ძალიან დაგვაკლდები იტალიასთან.

17:56 | 11.09.2018
პანტელეიმონი (1218)

ძალიან სამწუხაროა, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ კოტე ! ! !

0.082279