შიდა რაგბი

23:04 | 9.09.2018 | ნანახია 815 - ჯერ

დიდი 10 | ჯიქი 21:6 აკადემია

გორის ‘ჯიქმა’ თბილისის ‘აკადემიას’ პირველ ტაიმში 3 ლელო გაუტანა და 21:6 დაწინაურდა. შესვენების შემდეგ ქულის აღება ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და ‘ჯიქმა’ დიდი 10-ის ახალ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო და ‘ჯიქი’ სწრაფი ლელოთი დაწინაურდა. გორელებმა შეტევის ტემპს მკვეთრად მოუმატეს, დევი დევსურაშვილმა ხაზი გაჭრა, დიტო კიკნაძემ დავით კლდიაშვილს უპასა და ის ძელებსშუა შევიდა, ხოლო თეიმურაზ ჭიჭინაძემ გარდასახა.

გარკვეული დროით ინიციატივას ‘აკადემია’ დაეუფლა, მე-11-დან მე-15 წუთამდე სამი ჯარიმა გამოიმუშავა და დავით მოძღვრიშვილმა პირველი ორი 40 და 46 მეტრიდან გაიტანა, მესამე კი ცენტრიდან ძელმა აისხლიტა - 7:6. ამის შემდეგ იყო ეპიზოდი, როდესაც თბილისელებს ლელოს გატანის შანსი ჰქონდათ, მაგრამ ‘ჯიქმა’ თავი დაიცვა და დასკვნით 10 წუთში უპირატესობაც დაიბრუნა.

32-ე წუთზე გორელებმა შეტევა კიდევ ერთხელ ააჩქარეს, დევსურაშვილმა ბოლო მცველი აიყვანა და გიორგი წიკლაური ლელოში შეუშვა. ნელ-ნელა შერკინებაში მასპინძლების უპირატესობა გამოიკვეთა, ტაიმის მიწურულს ნიკა ჩხიკვაძემ გიორგი მჭედლიშვილს კარის წინ 5 მეტრში ამოუგდო ბურთი და მანაც მესამე ლელო მიითვალა. ჭიჭინაძემ ორივე გარდასახა და ტაიმი 21:6 დასრულდა.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ დაახლოებით 20 წუთი უქულოდ უტიეს. მერე მასპინძლებმა დაიბრუნეს ინიციატივა, თუმცა ლელოს გატანა ვერც მათ შეძლეს და მატჩის საბოლოო შედეგი 21:6 დარჩა. ამ მოგებით ‘ჯიქმა’ 5 სატურნირო ქულა მიიღო, ხოლო ‘აკადემია’ ორი ტურის შემდეგ ჯერაც უქულოდაა.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078675