ქართული რაგბის გულშემატკივრებისთვის კარგადაა ცნობილი, თუ რატომაა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტური ტრაგიკული - 45 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა თბილისის “არმაზისა” და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი დავით ვართანიანი...
პირადად ჩემთვის ძალიან ძნელია იმის გათვითცნობიერება, რომ ადამიანი, რომლის გვერდითაც პარასკევის თამაშზე ვიჯექი, დღეს ჩვენს შორის აღარაა. დათო “შევარდენის” ბაზაზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს კლერმონის ტურნირისთვის ამზადებდა, როდესაც ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა და მთელი “მსოფლიო სპორტის” სახელით ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და ქართული რაგბის სამყაროს. ამის შემდეგ ძალიან ძნელია უშუალოდ სპორტულ მხარეზე საუბარი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და სხვა გზა უბრალოდ არ რჩება.
გასაგებია, რომ შაბათს, 23 აგვისტოს, “არმაზისა” და “ლოკომოტივის” შეხვედრა აღარ შედგება და პირველი დღის ორივე თამაში რეგიონებში გაიმართება. ქუთაისში “აია” უმაღლესი ლიგის დებიუტანტ “თიბიეს უნივერსიტეტს” მასპინძლობს, რომელმაც პირველ ტურში ჩემპიონ “ლელოს” დიდი ბრძოლა გაუმართა და ყველას აჩვენა, რომ მასთან იოლი გასეირნება არავის ექნება. თავის მხრივ, ქუთაისელებმა ახალი სტადიონის გახსნაზე 3 ათასამდე გულშემატკივარს ლამაზი სანახაობა შესთავაზეს, ორი ლელოც გაიტანეს, მაგრამ “ჯიქებისგან” ხუთი ჯარიმის შემდეგ არეკნი მიიღეს, დარჩენილ 10 წუთში ქულა ვერ აიღეს და 15:18 დამარცხდნენ. “აია” დაკარგულის ანაზღაურებას შაბათს ეცდება და “თიბიეს უნივერსიტეტსაც” მორიგი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. შეხვედრა 20:00 საათზე იწყება.
20:00 საათზე იწყება რუსთავში “ხარებისა” და “არმიას” დაპირისპირება. მოძლიერებულმა რუსთაველებმა ამბიცია პირველსავე ტურში დაამტკიცეს. დებიუტში მათ “ლოკომოტივისგან” ორი ლელო მიიღეს, მაგრამ სასტარტო მღელვარება დაძლიეს და შესვენებამდე ოთხი ლელოთი უპასუხეს (26:10). მეორე ტაიმი თბილისელების იყო და კიდევ ორი ლელო გაიტანეს. ამრიგად, ლელოებით ანგარიში რომ გათანაბრდა, ყველაფერი ფეხჩუბინობამ გადაწყვიტა, ბექა წიკლაურის ორ გარდასახვას ვაჟა ხუციშვილმა სამი ზუსტი დარტყმით უპასუხა და “ხარებმა” 26:22 იმარჯვა.
“არმიამ” ზაფხულში ყველაზე მეტი მორაგბე დაკარგა და მზადების დაწყებაც დაუგვიანდა, მაგრამ შარშანდელმა ფინალისტმა სეზონი მაინც გამარჯვებით გახსნა. თბილისელებმა გაძლიერებული “ბათუმი” (მათ შორის “არმიას” რამდენიმე მოთამაშით) 25:15 დაამარცხეს. შეხვედრის ერთადერთი ლელო თბილისელმა ლევან დარასელიამ გაიტანა, რატი ნუცუბიძემ (6 ჯარიმა და 1 გარდასახვა) დარტყმებით არმიელთა ყოფილ სნაიპერ ბახვა კობახიძეს (5 ჯარიმა) აჯობა და ვიცე ჩემპიონმა მეტოქე უქულოდ დატოვა.
ბათუმელები 24 აგვისტოს, 17:30 საათზე მალთაყვაში “ლელო სარასენსს” მასპინძლობენ და სიტუაციის გამოსწორებას იქ უნდა ეცადნონ. საქართველოს ჩემპიონმა მზადება ყველაზე გვიან, 1 აგვისტოს დაიწყო, თუმცა, როგორც ჩანს, გუნდს ფიზმომზადებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არა აქვს. დებიუტანტ “თიბიეს ინივერსიტეტთან” შეხვედრაში “ლელო” პირველი ტაიმის შუაში ჩამორჩა, ტაიმი 7:12 დათმო, ხოლო 68-ე წუთისთვის 10:19 აგებდა. დარჩენილ დროში ჩემპიონმა ორი ლელო გაიტანა (მაისურაძემ კოლელიშვილმა, ხოლო პირველი ლელო გუგავას ანგარიშზეა) და 24:19 იმარჯვა. მოკლედ, პირველი გამარჯვება მძიმე ბრძოლით მოვიდა და რა მოხდება მალთაყვაში კვირას გამოჩნდება.
კვირას, 20:00 საათზე, “შევარდენზე” “ჯიქები” ბოლნისის “ყოჩებს” დაუხვდება. “ჯიქები” მოძლიერდა და ეს პირველივე თამაშში შედეგში აისახა. მართალია გუნდმა ლელოს გატანა ვერ შეძლო, მაგრამ მეტოქეზე მეტი ქულა მაინც დააგროვა, ქუთაისში გამარჯვება კი, იოლი არცერთი გუნდისათვის არაა. “ყოჩებმა” ბოლნისში “არმაზთან” იმარჯვა, მაგრამ ბოლო წუთის მოდუნება ერთი ქულის დაკარგვად დაუჯდა. 70-ე წუთისთვის მასპინძლები 27:6 იგებდნენ და სამი უპასუხო ლელო ჰქონდათ გატანილი, თუმცა, დასკვნით 5 წუთში თავად ორი მიიღეს და საბოლოოდ 27:16 მოიგეს.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი
II ტური
23 აგვისტო
ქუთაისი. “ახალი”. 20:00 საათი
აია (ქუთაისი) - თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი)
რუსთავი. “ახალი”. 20:00 საათი
ხარები (რუსთავი) - არმია (თბილისი)
არმაზი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) (გადაიდო)
24 აგვისტო
ფოთი. მალთაყვა. 17:30 საათი
ბათუმი (ბათუმი) - ლელო სარასენსი (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი”. 20:00 საათი
ჯიქები (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი)
1. | ყოჩები | 1 | 1 | 0 | 0 | 27-16 | 4 |
2. | არმია | 1 | 1 | 0 | 0 | 25-15 | 4 |
3. | ლელო სარ. | 1 | 1 | 0 | 0 | 24-19 | 4 |
4. | ხარები | 1 | 1 | 0 | 0 | 26-22 | 4 |
5. | ჯიქები | 1 | 1 | 0 | 0 | 18-15 | 4 |
6. | აია | 1 | 0 | 0 | 1 | 15-18 | 1 |
7. | ლოკომოტივი | 1 | 0 | 0 | 1 | 22-26 | 1 |
8. | თიბიეს უნივ. | 1 | 0 | 0 | 1 | 19-24 | 1 |
9. | ბათუმი | 1 | 0 | 0 | 1 | 15-25 | 0 |
10. | არმაზი | 1 | 0 | 0 | 1 | 16-27 | 0 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია