შიდა რაგბი

20:59 | 8.09.2018 | ნანახია 1091 - ჯერ

დიდი 10 | ლელო-სარასენსი 28:25 ვეფხვები

მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, ‘ლელო-სარასენსმა’ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ გამარჯვების ლელო გაუტანა და დიდი 10-ის დებიუტანტს ზეიმი არ დააცალა.

28:25 - ასე დასრულდა დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ გამართული მატჩი და მასპინძლებმა ზედიზედ მეორედ იმარჯვეს 3 ქულის სხვაობით, ხოლო ‘ვეფხვებმა’ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უძლიერესებში ხელწამოსაკრავი გუნდი არავისთვის იქნება და დიდ 10-ში პირველი ქულა ჩაიწერა.

თამაში მაღალ ტემპში წარიმართა და კარგი საყურებელი გამოდგა. ამაში დიდი წვლილი სწორედ კახელებს მიუძღვით, რომლებმაც საკუთარი ძალების ირწმუნეს, ნაადრევად მიღებული 2 ლელოს მიუხედავად ფარ-ხმალი არ დაყარეს და მცირედი მარცხისთვის ბონუსიც ალალად დაიმსახურეს.

სტუმრების მთავარ პრობლემას დერეფანში არაზუსტი თამაში წარმოადგენდა, რასაც პირველი ლელოც მოყვა. მე-7 წუთზე პატარძეულელები საკუთარ 22-ში შეცდნენ, მერაბ კვირიკაშვილი ორ მცველს შორის გაძვრა, შებოჭილმა ბურთი ბექა მამუკაშვილს ამოუგდო და მისი ლელო გარდასახა. მე-14 წუთზე რევაზ ჯინჯიხაძემ კარის წინ გაჭრა ხაზი და ლელომდე 20 მეტრი ირბინა, ხოლო კვირიკაშვილის დარტყმა ამჯერადაც ზუსტი იყო - 14:0.

‘ვეფხვებმა’ 2 წუთში 70-მეტრიანი შეტევით და ლამაზი ლელოთი უპასუხა. იერიში გიორგი ბებიაშვილმა წამოიწყო, რომელმაც ხაზი გაჭრა და ბურთი საკუთარი 22-იდან მეტოქის 22-მდე ჩაიტანა, რამდენიმე დარტყმის შემდეგ ხაზი ერთხელაც გაიჭრა და ბექა არველაძის ლელო ლაშა გურგენიძემ გარდასახა. სტუმრები ინიციატივას დაეუფლნენ, 22-ე წუთზე დერეფნიდან კიდევ ერთი კარგი შეტევა წამოიწყეს, მორკინალებმა ყველა ჯერზე შეძლეს უპირატესობის ხაზის გადალახვა ზედ ლელოსთან მურაზ გიორგაძის მიძალება 5 ქულის მომტანი აღმოჩნდა, ხოლო გურგენიძემ წონასწორობა აღადგინა - 14:14.

29-ე წუთზე ‘ვეფხვები’ წინ გაიჭრა: გურგენიძემ ფეხით გადაკიდებული ბურთი თავის 22-თან აიღო, მოკლეზე გადაიკიდა და სიჩქარე აკრიფა, მას კარგად მიყვნენ თანაგუნდელები, ბურთიც საპირისპირო ფრთამდე ჩათამაშდა და რეზი ბროძელმა პატარძეულელები წინ გაიყვანა. ‘ლელო-სარასენსი’ მოვლენების ასეთ განვითარებას არ შეეგუა, მაღალ ტემპში შეუტია, კვირიკაშვილმა მოშიშვლებულ ზურგში ბურთი ფეხით შაცურა და მას ჯინჯიხაძე მიყვა, ხოლო მეკომ გარდასახვით ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 21:19.

მეორე ტაიმი სტუმრების იერიშებით დაიწყო და გურგენიძეს ჯერ არეკნი გაუცუდდა, მაგრამ მერე ჯარიმა გაიტანა. 53-ე წუთზე ლაშამ თითქმის 40 მეტრიდან არეკნიც ზუსტად შეასრულა და ‘ვეფხვები’ 25:21 დაწინაურდა. ეს ანგარიში დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდა, კახელები ლელოს საგულდაგულოდ იცავდნენ, მაგრამ 78-ე წუთზე ‘ლელო-სარასენსმა’ 5-მეტრიანი დერეფის შემდეგ მოლი დააყენა, მოკლე ფრთაზე თორნიკე ახობაძემ შეუტია და მისი ლელო ირაკლი ყიასაშვილმა ურთულესი პოზიციიდან გარდასახა და მატჩი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა - 28:25.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.074901