ლეგიონერები

12:42 | 3.09.2018 | ნანახია 1266 - ჯერ

ლეგიონერები | გიორგაძემ ‘ბრივისთვის’ პირველად გაიტანა

გასულ კვირაში ევროპის წამყვან ჩემპიონატებში რამდენიმე საინტერესო ფაქტი მოხდა. ოთარ გიორგაძე ‘ბრივის’ სასტარტო შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა და ახალი გუნდის მაისურით პირველი ლელოც გაიტანა. ახალ კლუბში პირველად ითამაშა რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა.

ერთ-ერთი ასეთი ზურაბ ჟვანიაა, რომელმაც ინგლისის პრემიერშიფის ‘ვოსფსის’ შემადგენლობაში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. მანამდე ჟვანიამ გასახურებულ მატჩში ლელოც გაიტანა, თუმცა პრემიერშიფში თამაშს სხვა დატვირთვა აქვს.

ქართველი ბურჯი მარქაფაში იყო და მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროს მისი გუნდი ‘ვუსტერთან’ სტუმრად მარცხდებოდა (13:20), თუმცა დარჩენილ დროში მატჩის ბედის შემობრუნება მოახერხა და 21:20 იმარჯვა.

ტოპ 14

ტოპ 14-ის მეორე ტურის ცენტრალურ მატჩში ‘რასინგ 92’-მა ‘კლერმონს’ უმასპინძლა და შეხვედრას ქართველი ბურჯების დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. მასპინძელთა რიგებში თამაშში 35-ე წუთიდან ჩაერთო ვასილ კაკოვინი, ხოლო დავით ზირაქაშვილი მოედანზე 57-ე წუთზე გამოჩნდა. გასული სეზონის ჩაგდების შემდეგ, წელს ‘კლერმონი’ მძლავრად დაბრუნდა და პარიზში 40:17 იმარჯვა.

ახალ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა ტოპ 14-ის ყველაზე ქართულმა კლუბმა ‘მონპელიემ’ – ‘ლა როშელი’ 36:14 დაამარცხა. მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 57 წუთი გაატარა. მარქაფაში იყო ბურჯი ლევან ჩილაჩავა, რომელსაც სამჯერ მოუწია თამაშში ჩართვა.

ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა ‘სტად ფრანსემ’, რომელმაც ‘ბორდოს’ ქართველების გარეშე უმასპინძლა და 20:8 დაამარცხა. სტუმართა შორის 56 წუთი ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა, რომელიც პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

‘აჟენმა’ ‘პერპინიენი’ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 25:23 სძლია. შეცვლაზე დასკვნითი 7 წუთი ითამაშა ბორჯღალოსანმა უკანახაზელმა თამაზ მჭედლიძემ.

‘გრენობლმა’ ‘ტულუზს’ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა - 20:23. დავით ქუბრიაშვილი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 52 წუთი გაატარა.

ტურის სხვა მატჩებში ‘პომ’ ‘ტულონი’ მიიღო და 20:10 დაამარცხა, ხოლო ‘კასტრმა’ ‘ლიონს’ 19:16 სძლია.

პრო დე2

ბორჯღალოსანი ოთარ გიორგაძე ოფიციალურ მატჩში ‘ბრივის’ სასტარტო შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა და ეს მოვლენა ლელოთი აღნიშნა. მე-20 წუთზე მან ბურთი კარის წინ დაახლოებით 4 მეტრში, რაქიდან აიტაცა და იქვე შეუტია, ზედ ხაზთან ის ორმა მბოჭავმა შეაჩერა, თუმცა ქართველი ფეხზე დარჩა, თანაგუნდელისგან საჭირო ბიძგი მიიღო და თავისიანები 8:7 დააწინაურა.

‘ბრივი’ ‘ბიარიცს’ სტუმრად ეთამაშა და გუნდებმა 2-2 ქულა გაიყვეს - 33:33. გიორგაძე შერკინების შემკვრელი (8) იყო, 50-ე წუთზე შეცვალეს და 64-ეზე მოედანს დაუბრუნდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს ბურჯი ლუკა გოგინავა. ‘ბიარიცის’ განაცხადში იყო და 54-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა ვახტანგ ახობაძემ.

‘ორიაკში’ ბორჯღალოსანი მესამეხაზელის, ლაშა ლომიძის დებიუტი შედგა, რომელიც ფრანგულ კლუბს „სამედიცინო ჯოკერის“ სტატუსით დაემატა. ‘მონპელიესა’ და ‘ბეზიეს’ ყოფილმა მოთამაშემ, გასული სეზონი ინგლისში, ‘ლონდონ აირიშში’ გაატარა, წელს კი საფრანგეთში დაბრუნდა, ოღონდ „ჯოკერის“ სტატუსით. ის მარქაფაში იყო და თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო. მარქაფაში იყო ‘ორიაკის’ კიდევ ერთი ქართველი „ჯოკერი“, ბურჯი გიორგი ვეფხვაძე, თუმცა მოედანზე გასვლა არ მოუწია.

მე-3 ტურში ‘ორიაკმა’ ‘კარკასონი’ მიიღო და 19:16 დაამარცხა. სტუმართა განაცხადში იყო ბურჯი მირიან ბურდული, რომელიც შეცვლაზე 29-ე წუთზე შევიდა და 71-ე წუთამდე ითამაშა.

მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა ‘ანგულემმა’, რომელმაც ‘მონტობანს’ 29:23 სძლია. ტრადიციულად, მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო შალვა სუთიაშვილი, რომელიც მე-60 წუთზე შეცვალეს და 77-ეზე კვლავ მოუწია მოედანზე დაბრუნება. ქართველმა მეორეხაზელმა ლელოც გაიტანა, თუმცა ის რეფერიმ არ ჩათვალა.

ჯერჯერობით კვლავ უქულოდაა ‘მასი’, რომელმაც ‘ბეიონს’ ტაიმი 9:8 მოუგო, თუმცა საბოლოოდ 12:21 დამარცხდა. მასპინძელი ‘მასის’ რიგებში პირველიდან 62-ე წუთამდე ითამაშა ბურჯმა ილია კაიკაციშვილმა.

ორმა ახალგაზრდა ბურჯმა ითამაშა ‘ვანისა’ და ‘ნევერის’ შეხვედრაში. ‘ვანი’ მასპინძელი იყო და 24:13 იმარჯვა. ამ მატჩში ნიკა ნეფარიძეს დებიუტი შედგა - ის შეცვლაზე 50-ე წუთზე შევიდა. სტუმართა შემადგენლობაში შეცვლაზე ორჯერ შევიდა გურამ პაპიძე, რომელიც ‘ნევერს’ წელს შეუერთდა და ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა. მან პირველ ტაიმში თანაგუნდელი 7 წუთით, „სისხლზე“ შეცვალა, 54-ე წუთიდან კი, სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა.

დაძაბულ ბრძოლაში სტუმრად ‘კოლომიეს’ 19:18 სძლია ‘ოიონამ’. სტუმართა შორის მეორე ტაიმში, 40 წუთი ითამაშა ბურჯმა ირაკლი მირცხულავამ. ‘ოიონამ’ გამარჯვების ლელო-გარდასახვა ბოლოსწინა წუთზე გაიტანა და ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077925