შიდა რაგბი

22:40 | 1.09.2018 | ნანახია 1187 - ჯერ

დიდი 10 | ხარები 26:29 ლელო-სარასენსი

რუსთავში გამართულ დაძაბულ მატჩში, თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ ‘ხარებს’ 29:26 აჯობა და 4 ქულა ჩაიწერა, მასპინძლებმა კი, ახალ სეზონში პირველი დაცვის ბონუსი აიღეს.

სტუმართა ორი ლელო აკაკი ტაბუცაძის ანგარიშზეა, ხოლო დემე თაფლაძემ და მათე დარძულიძემ თითოჯერ გამოიჩინეს თავი. ‘ლელო-სარასენსს’ 3 გარდასახვითა და 1 ჯარიმით 9 ქულა შესძინა მერაბ კვირიკაშვილმა.

‘ხარებმა’ საინტერესო თამაში აჩვენა და ბოლომდე იბრძოლა, რის შედეგადაც თამაშში ბოლომდე დარჩა, მაგრამ გიორგი ნათელაშვილის, თორნიკე აქუბარდიასა და კობა ბუჯიაშვილის ლელოები, გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

დიდი 10-ის ახალ სეზონში ეს იყო მესამე ბრწყინვალე მატჩი. გუნდები აქაც მაღალ ტემპში, ხელდახელ თამაშს ცდილობდნენ და მაყურებელმაც რამდენიმე შესანიშნავი ეპიზოდი იხილა.

საწყის წუთებში ‘ლელო-სარასენსს’ თამაშის დალაგება გაუჭირდა, განსაკუთრებით დერეფანში და ‘ხარები’ ინიციატივას დაეუფლა. მასპინძლებმა მე-12 წუთზე გასატან პოზიციაში ჯარიმა გამოიმუშავეს, თუმცა დათო თაბუკაშვილის დარტყმა ძელმა აისხლიტა. ტაიმის შუაში ტაბუცაძემ პირველად გაიბრწყინა, როდესაც მარჯვენა ფლანგზე ფეხით ითამაშა და მიყვა, სისწრაფეშიც ყველას აჯობა, მაგრამ ლელოში შესულმა ბურთი ვერ დაიმორჩილა. სამაგიეროდ, მისმა გუნდმა 5-მეტრიან წყვეტილთან დანიშნულ მეტოქის შერკინებაში ჯარიმა გამოიმუშავა და კვირიკაშვილმა ანგარიში გახსნა.

‘ხარები’ ამას არ შეეგუა და თამაშის განახლებისთანავე უპასუხა. შესანიშნავად ითამაშა მგეზავმა გიორგი ბასილაიამ, რომელმაც 22-ში ხაზი გაჭრა, საჭირო დროით ფეხზე დარჩა და შებოჭილმა გიორგი ნათელაშვილს ოფლოუდი გაუხერხა, რომლის ლელო თაბუკაშვილმა გარდასახა. ამან ‘ლელო-სარასენსი’ გაახელა და 30-ე წუთზე მათი პირველი ლელო გავიდა. მარჯვენა ფრთაზე შექმნილი მეტობით თაფლაძემ ისარგებლა, შიდა მხარეს წავიდა, ხაზიც სუფთად გაჭრა და ძელებსშუა გატანილი ლელო კვირიკაშვილმა გარდასახა - 7:10.

შესვენებამდე თითქოს აღარაფერი რჩებოდა, მაგრამ დასკვნით 5 წუთში ლიდერი ორჯერ შეიცვალა. ‘ხარებმა’ სტუმრებს ძალების ცენტრისკენ გადასროლა აიძულეს, ტაბუცაძემ გადაცემა ვერ ჩაჭრა და თორნიკე აქუბარდიამ ლელო გაიტანა. თამაში რომ განახლდა ‘ლელო-სარასენსმა’ ბურთი მოიპოვა, კარის წინიდან თენგო პერანიძემ ფეხით მარჯვნივ, პირდაპირ ლელოში ჩაკიდა და იქ მას ტაბუცაძე დაეწია, კვირიკაშვილი კი გარდასახვიდან არ შეცდა - 12:17.

მეორე ტაიმის დასაწყისში თბილისელებმა სინბინით მეორეხაზელი, გრიგორ ქერდიყოშვილი დაკარგეს, ‘ხარებმა’ მეტობით ისარგებლა და ლიდერობა ერთხელაც დაიბრუნა. დიდი ძალისხმევის ხარჯზე, სტუმრებმა ორჯერ შეძლეს ლელოსგან თავის დაღწევა, მაგრამ მესამე 5-მეტრიან ბიძგს ვეღარ გაუმკლავდნენ და კობა ბუჯიაშვილმა ლელო გაიტანა, თავადვე გარდასახა და მასპინძლები 2 ქულით დააწინაურა.

დაძაბულობის ფონზე ტექნიკურმა წუნმა იმატა, თუმცა საკუთარ ძალებში დარწმუნებულმა ‘ლელომ’ ჯარიმის დარტყმა არ იკადრა, დერეფნიდან შეუტია და 66-ე წუთზე მიზანს დარძეული მიწვდა. გარდასახვა არაზუსტი იყო. 72-ე წუთზე სტუმრებმა საკუთარი 5-მეტრიანის წყვეტილიდან, შერკინებიდან წამოიწყეს შეტევა, რეზო ჯინჯიხაძის შესანიშნავი თამაშის შემდეგ ტაბუცაძეს სივრცე გაუჩნდა, მერე ბურთი ფეხით გადაკიდა, მაღალ სისწრაფეში მიყვა, ამჯერად არც მისი აღებისას შეცდა და თავისი მეორე ლელო გაიტანა, ხოლო კვირიკაშვილმა სტუმართა უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა.

‘ხარებმა’ გააფთრებით შეუტია და თაბუკაშვილს ლელოს გატანა ტაბუცაძემ არ დაანება. ვიდეო-რეფერიმ განსაჯა, რომ ‘ლელოს’ გარემარბი უბურთო მეტოქეს ეთამაშა, რის გამოც ის სინბინით, ხოლო მისი გუნდი საჯარიმო ლელოთი დაისაჯა და სხვაობა კვლავ 3 ქულამდე დავიდა. მაგრამ რუსთაველებს გადამწყვეტი შტურმისთვის ძალა აღარ ეყო, ‘ლელო-სარასენსმა’ დარჩენილი დროის მეტოქის ნახევარზე გატარება მოახერხა და უმძიმეს ბრძოლაში პირველი 4 ქულა ჩაიწერა - 29:26 სტუმართა სასარგებლოდ.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:00 | 02.09.2018
პანტელეიმონი (1218)

მართლაც მაღალი დონის თამაში იყო, აშკარად მოიმატა "დიდი 10"-ს დონემ ! ! !

12:34 | 02.09.2018
temuchin (431)

აბა ვნახოთ ამ სეზონში როგორ შენარჩუნდება ასეთი ბრწყინვალე თამაშები და დინამიკა.

01:44 | 02.09.2018
test (124)

სასწაული თამაში იყო

0.083339