ამბები

2:07 | 24.08.2014 | ნანახია 2898 - ჯერ

აიამ თიბიესს მოუგო

საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურში ქუთაისის ,,აიასა“ და გათამაშების დებიუტანტის ,,თიბიეს უნივერსიტეტის შეხვედრა მეტად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მატჩის დაწყებას წინ წუთიერი დუმილი უძღვოდა. მორაგბეებმა და ქუთაისის ახალ სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა პატივი მიაგეს 45 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაცვლილი თბილისის ,,არმაზისა“ და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის დავით ვართანიანის ხსოვნას.

შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო. პირველ წარმატებას სტუმრებმა მიაღწიეს. მე-6 წუთზე მათ ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც გიორგი ჯოგლიძემ ზუსტად  შეასრულა და ანგარიში 0:3 გახადა.

სამ წუთში ქუთათურებმა საპასუხო შეტევა განახორციელეს. კარგი კომბინაციის შემდეგ იერიშში კიკვაძე ჩაერთო. მან სოლო რეიდით  მეტოქეს ხაზი გაუჭრა და ბურთი ჩათვლის მოედანზე დაამიწა. ხელსაყრელი პოზიციიდან სინაურიძეს გარდასახვა არ გასჭირვებია-7:3.

ამის შემდეგ თამაში ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა. მე-15 წუთზე ჯოგლიძის ზუსტად შესრულებული საჯარიმოს შემდეგ სტუმრებმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს - 7:6.

ხუთი წუთის შემდეგ ,,აიამ“ კიდევ ერთი სალელოვე შეტევა წამოიწყო, რომლის შეჩერება დედაქალაქელებმა მხოლოდ აკრძალული ილეთის ხარჯზე მოახერხეს.  არბიტრმა ქუთათურთა სასარგებლოდ ჯარიმა დანიშნა, ხოლო ,,თიბიესელი“ გოგლიძე მოედნიდან 10 წუთით გაასინბინა. რიონისპირელებმა ჯარიმის კარში დარტყმას, ბურთის აუტზე გადატანა არჩიეს, რომლის მოგების შემდეგ კაცნაკლულ მეტოქეს მძლავრად მიაწვნენ და მოედნის კიდესთან ჩათვლის მოედანში შეათრიეს. ლელო მიხეილ რატიაშვილმა მიითვალა. საკმაოდ რთული მდგომარეობიდან სინაურიძეს გარდასახვა გაუცუდდა - 12:6.

24-ე წუთზე მოედანზე სარაგბო შედევრი ვიხილეთ. ქუთათურები მეტოქის ნახევარზე დაჯარიმდნენ. დაახლოებით 65 მეტრიდან საჯარიმო ჯოგლიძემ შეასრულა და ბურთი მეტოქის კარის ძელებს შორის გაატარა - 12:9.

თითქმის მაშინვე მას სინაურიძემ უპასუხა და საკმაოდ შორიდან ასევე საჯარიმო დარტყმით  ექვსბურთიანი უპირატესობა აღადგინა- 15:9.

ტაიმის ბოლოს ,,აიამ“ კიდევ ერთხელ იძალა. ქუთათურებმა ხელსაყრელი ჯარიმის დარტყმაზე ამჯერადაც უარი თქვეს და ბურთი ჩათვლის მოედნის სიახლოვეს გვერდით ხაზს იქით გადაიტანეს. საკუთარი აუტი ქუთათურებმა უპრობლემოდ მოიგეს და შალამბერიძემ მისი ლელოში შეტანა მოახერხა. გარდასახვა სინაურიძეს ამჯერადაც გაუცუდდა -20:9.

ტაიმის უკანასკნელ წუთზე ჯოგლიძეს  კიდევ უნდოდა პატარა სარაგბო სასწაულის მოწყობა, მაგრამ 70 მეტრიდან მის შესრულებულ საჯარიმოს ძალა დააკლდა და ბურთმა კარამდე ვერ მიაღწია.

შეხვედრის მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა, თამაშის  განახლებისთანავე ზუსტად შესრულებული  საჯარიმოთი სინაურიძემ ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა - 23:9.

45-ე წუთზე სტუმართა შეტევა ქუთათურებმა წესის დარღვევით შეაჩერეს, რასაც მატკავას გასინბინება მოჰყვა. მეტოქის კაცნაკლულობა დედაქალაქელებმა კარგად გამოიყენეს და მჭედლიშვილმა არეკნით სხვაობა შეამცირა – 23:12.

ამის შემდეგ მეტოქეთა დამრტყმელებმა - ჯოგლიძემ და სინაურიძემ ზუსტი საჯარიმოები გაცვალეს - 26:15.

შეხვედრის უკანასკნელი ათწუთეული სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა. ეტყობა ქუთათურებმა გამარჯვება ნაადრევად ირწმუნეს და თავს მოდუნების საშუალება მისცეს, რითაც კარგად ისარგებლეს უმაღლესი ლიგის დებიუტანტებმა და მატჩის დარჩენილი დრო მეტოქის ნახევარზე გაატარეს, რომლის ლოგიკური გაგრძელება მჭედლიშვილის ზუსტი საჯარიმო და გოგლიძის ლელო გახლდათ, რის შედეგადაც ,,თიბიესი“ მეტოქეს სახიფათოდ დაუახლოვდა - 26:23, თუმცა ახალგაზრდა თბილისლებს მეტისთვის ძალა აღარ შერჩათ და არბიტრის საფინალო სასტვენმა ქუთათურთა ძნელი გამარჯვება დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტი’’ ორივე გუნდის მწვრთნელს გაესაუბრა:

კობა გიორგაძე (,,აია’’) - ,,ახალგაზრდული გუნდი გვყავს. გამოუცდელობის შედეგია, რომ ბიჭებმა გამარჯვება ნაადრევად ირწმუნეს და ამისთვის კინაღამ დავისაჯეთ. თითქმის მოგებული თამაშის შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლა დაგვჭირდა .“

ლაშა თავბერიძე (,,თიბიესი“) -  ,, ბიჭებმა დავალება ნაწილობრივ შეასრულეს. მათთვის აშკარა გახდა, თუ რამხელა სხვაობაა პირველ და უმაღლეს ლიგებს შორის.  ყველაფერი წინაა. ნელ-ნელა მოვუმატებთ და შედეგიც უკეთესი გვექნება.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი.  II ტური.
23 აგვისტო. შაბათი. ქუთაისი. ,,ახალი სტადიონი“. 20:0
0 საათი. 2 000 მაყურებელი.

,,აია“ (ქუთაისი) - ,,თიბიესი უნივერსიტეტი“ (თბილისი) 26:23 (20:9)

,,აია“: 15. ბაბუნაშვილი , 14. კიკვაძე (შაშიაშვილი),  13. ფრუიძე, 12. ირემაძე  11. მანაგაძე (აბრამიძე), 10. სინაურიძე (ჯინჭველაშვილი), 9. ლოსაბერიძე (თ.თუთბერიძე), 1. რატიაშვილი (ასათიანი) 2. მატკავა (გიორგი ტორაძე უმცროსი), 3. გიორგი ტორაძე (ლომსიანიძე), 4. გიორგაძე, 5. ჩიტეიშვილი (ჯავახია), 6. დანგაძე, 7. შალამბერიძე, 8. ყურაშვილი;

 3 ლელო:  კიკვაძე, რატიაშვილი, შალამბერიძე

 გარდასახვა: სინაურიძე

3 ჯარიმა:  სინაურიძე (3)

სინბინი:  მატკავა

მწვრთნელები : კობა გიორგაძე, ბესო ხამაშურიძე;

,,თიბიესი“:  15. მჭედლიშვილი, 14. ლაზარიშვილი, 13. კორკელია, 12.  მოლოდინაშვილი 11. ჯოგლიძე (ჯინაშვილი), 10. ღამბაშიძე (შალიკაშვილი) 9. ნასრულაევი 1. გაგნიძე (ორაგველიძე), 2. თედორაძე (მარგალიტაძე)  3. ხაბაშვილი (ფსუტური) 4. მახარაძე (ხიზანიშვილი) 5. ნიშნიანიძე, 6. ნიბლაძე, 7. გოგლიძე 8 არველაძე;

ლელო: გოგლიძე 

5 ჯარიმა:  ჯოგლიძე (4), მჭედლიშვილი;

არეკნი: მჭედლიშვილი

სინბინი:  გოგლიძე;

მწვრთნელი: ლაშა თავბერიძე

მთ. მსაჯი:  შოთა თევზაძე

თ/მ:  თორნიკე გვირჯიშვილი, საბა აბულაშვილი

 

თეგებიაიათიბიესი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.107784