დიდი 10

17:10 | 1.09.2018 | ნანახია 913 - ჯერ

დიდი 10 | პირველი ტური

დიდი 10-ის ახალი სეზონის პირველი ტურის დასკვნითი მატჩი 2 სექტემბერს ‘ავჭალაზე’, 17 საათზე დაიწყება და თბილისის ‘აკადემია’ ‘ბათუმს’ დაუხვდება.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის შემდეგ, გუნდები ამ თამაშს განსხვავებული პოზიციებით ხვდებიან - აკადემიელებმა ზაფხულში ყველაზე დიდი დანაკლისი განიცადეს, ხოლო ზღვისპირელებმა საუკეთესო შევსება მიიღეს.

ლევან ობოლაძე (‘აკადემიას’ მთავარი მწვრთნელი): „ზაფხულის პერიოდში ჯამში 10-მა მოთამაშემ დაგვტოვა. მათ სხვა კლუბებისგან უკეთესი ფინანსური შეთავაზებები მიიღეს. მათ ნაცვლად ჩვენი სკოლიდან თუ სხვა კლუბებიდან ახალგაზრდა მოთამაშეები დავიმატეთ, რომელთაც დიდ 10-ში თამაშის გამოცდილება არ აქვთ“.

„მზადება 3 ივლისიდან დავიწყეთ და პირველი ეტაპი ფიზმომზადებასა და სელექციას დავუთმეთ. ვითამაშეთ ამხანაგური თამაში ჭიათურის გუნდთან, ერთი კვირა დავისვენეთ და მეორე ეტაპზე ტექნიკურ-ტაქტიკურ მომზადებაზე ვიმუშავეთ. ჩავატარეთ კიდევ ორი საკონტროლო თამაში ‘იუნკერებთან’ და ‘ლელო-სარასენსთან’. გვქონდა ერთკვირიანი შეკრება ცემში და ახალ სეზონს იმედიანად ველოდებით“.

„შერჩეული გვყავს 32-კაციანი ბირთვი, თუმცა საწყის ეტაპზე 6 მოთამაშეს მოვისაკლისებთ. მათ ტრავმები მოიშუშეს, თუმცა რებილიტაციიდან გამოდიან, არ გვსურს გარისკვა და ექიმების რეკომენდაციით რამდენიმე თამაშს გამოტოვებენ. მთლიანობაში, გვყავს რამდენიმე ისეთი მოთამაშე, რომლებიც ჩემი აზრით დიდ 10-ში თავიანთ პოზიციაზე საუკეთესოები არიან, რამდენიმე გამოცდილი და ასევე ახალგაზრდები, რომლებისგანაც სეზონის მსვლელობისას სიურპრიზებს ველოდებით“.

„ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს და ჩვენი უწინარესი მიზანი უძლიერესთა შორის დარჩენა იქნება. ვეცდებით ეს ამოცანა მაქსიმალურად სწრაფად გადავჭრათ და შევუტიოთ ზედა ექვსეულს. ჩვენი კოზირი გუნდურობა იქნება, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ვიცით, რომ პირველ თამაშში გაგვიჭირდება. ‘ბათუმიდან’ ყველაზე მეტად ორ მორაგბეს ვუფრთხით - საბა შუბითიძეს და ანზორ სიჭინავას, რომლებიც ამ გუნდში ჩვენგან გადავიდნენ“.

დავით გუგუშვილი (‘ბათუმის’ მწვრთნელი): „25 ივნისიდან პერიოდულად ვიკრიბებოდით, თუმცა ნაკრებში გამოძახებული ბიჭები გვაკლდნენ და სრული შემადგენლობით მხოლოდ ერთი თვის თავზე შევიკრიბეთ. თავიდან აქცენტი ფიზმომზადებაზე გავაკეთეთ, ივლისის ბოლოს კი ბურთით ვარჯიშები დავიწყეთ. გუნდი დილის 7 საათზე იკრიბებოდა და 13 საათამდე დასვენებებით ოთხი ვარჯიში გვქონდა“.

„ვიყავით ქუთაისში და ‘აიასთან’ საკონტროლო თამაში გავმართეთ, ხოლო ბათუმში ‘ვეფხვებს’ შევხვდით. გვქონდა მართვადი ვარჯიში ჩვენს მეორე შემადგენლობასთან. მიუხედავად ტრავმებისა, მოსამზადებელ პერიოდს დადებითად ვაფასებ. ჯერ კიდევ რეაბილიტაციას გადიან და ვერ ვარჯიშობენ კოკი თხილაიშვილი და სანდრო ქოიავა. გვიან შემოგვიერთდა ლაშა ხმალაძე, რომელსაც მამა გარდაეცვალა“.

„შარშანდელთან შედარებით შემადგენლობა მნიშვნელოვნადაა გააძლიერებული. ვფიქრობ, შარშან ეს ბიჭები რომ გვყოლოდა, დიდ 10-სა და „კონტინენტის ფარზე“ უკეთესი შედეგი გვექნებოდა და მიზანს ორივეგან მივაღწევდით. ახალ სეზონს ‘აკადემიასთან’ მატჩით ვიწყებთ, რომელსაც ქართულ კლუბებში თამაშის გამორჩეული ხელწერა აქვს. რთული თამაში გვექნება, რადგან პირველი ტურია და ‘აკადემია’ ჩემპიონატს ყოველთვის კარგად იწყებს. დაძაბული მატჩი გველის და შედეგს მხოლოდ ბრძოლის ხარჯზე თუ მივაღწევთ“.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.072705