დიდი 10

2:55 | 1.09.2018 | ნანახია 1173 - ჯერ

დიდი 10 | არმია 14:57 აია

დიდი 10-ის 2018/2019 წლების პირველ მატჩში, ქუთაისის ‘აიამ’ თბილისის ‘არმიას’ პირველ ტაიმში 50 უპასუხო ქულა გაუტანა და მშვიდად, 57:14 იმარჯვა.

სტუმრებმა ტაიმში 7, სულ კი 8 ლელო გაიტანეს. ორ-ორჯერ გამოიჩინეს თავი თორნიკე მანაგაძემ და გიორგი აბრამიძემ. ჟორჟ სალდაძემ, რევაზ წიკლაურმა, ნიკა წივწივაძემ და საბა ერემეიშვილმა კი თითო ლელო გაიტანეს. 17 ქულა ქუთაისელი მგეზავი თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა, რაზეც ‘არმიას’ შერკინების შემკვრელმა მიხეილ მასხარაშვილმა ორი ლელოთი, ხოლო ბახვა კობახიძემ ამდენივე გარდასახვით უპასუხა.

‘აიამ’ თამაში მაღალ ტემპში დაიწყო. არმიელებმა მეტოქე კარის წინ ჯარიმის ხარჯზე შეაჩერეს და მე-2 წუთზე თედო აბჟანდაძემ ახალი სეზონის პირველი 3 ქულა აიღო. მე-8 წუთზე მიხეილ მასხარაშვილი მაღალი ბოჭვისთვის სინბინით დაისაჯა. ‘აიამ’ 5-მეტრიანი დერეფნიდან შეუტია და ხაზთან რამდენიმე დარტყმის შემდეგ ჟორჟ სალდაძემ სეზონის პირველი ლელო გაიტანა, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახა და 0:10.

‘აია’ მე-18 წუთზე მესამედ გადავიდა შეტევაში და მეორე ლელო გაიტანა. დერეფნის შემდეგ მათ ორჯერ ჩაათამაშეს ბურთი და მარჯვენა ალამთან მიზანს თორნიკე მანაგაძე მიწვდა, ხოლო აბჟანდაძე კიდიდანაც არ შეცდა. 4 წუთში დავით გობეჯიშვილმა შესანიშნავად ითამაშა, ორ მცველთან ჭიდილში მეტოქის ნახევარზე ფეხით გადაკიდებული ბურთი მოიპოვა, ‘აია’ მთელი გუნდით სწრაფად გადაერთო კონტრშეტევაზე და მანაგაძემ დუბლი შეასრულა, თედომ კი 100%-იანი მაჩვენებელი შეინარჩუნა - 0:24.

25-ე წუთზე ‘არმიამ’ საკუთარ 5-მეტრიან წყვეტილთან დერეფანში დაკარგა ბურთი, ქუთაისელებმა ამით ისარგებლეს და რევაზ წიკლაურის ლელო აბჟანდაძემ გარდასახა. 32-ე წუთზე გიორგი აბრამიძემ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და სტუმართა მე-5 ლელოსთვის 70 მეტრი ირბინა. აბჟანდაძე კვლავ ზუსტი იყო - 0:38.

2 წუთში თემურ თუთბერიძის შესანიშნავი პასის შემდეგ, ‘აიამ’ კიდევ ერთი სწრაფი შეტევა განახორციელა და აბრამიძემ თავისი მეორე ლელო გაიტანა - 0:45. კიდევ ორ წუთში სალდაძემ საკუთარ ნახევარზე გაჭრა ხაზი და მორიგი ლელოსთვის ნიკა წივწივაძე დაგეშა. აბჟანდაძეს პირველი გარდასახვა გაუცუდდა და 0:50.

მეორე ტაიმი ‘არმიამ’ პირველზე უკეთ დაიწყო - ბურთზე კონტროლი დაამყარა და კონტრშეტევებიც მოიგერია. ქუთაისელებმა სინბინით ჯერ ლაშა ლომიძე დაკარგეს, მერე მიხეილ რატიაშვილი. 58-ე წუთზე მასხარაშვილმა შერკინებიდან შეუტია და პირველი საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო ბახვა კობახიძემ გარდასახა - 7:50.

‘აიამ’ თამაშის განახლებისთანავე უპასუხა, დერეფნიდან კარგი კომბინაცია გაითამაშა და საბა ერემეიშვილმა ბურთი მარცხენა ალამთან დაამიწა, აბჟანდაძემ კი მიზანი გაისწორა. 68-ე წუთზე არმიელებმა მორკინალებით მეტოქეს რამდენიმე დარტყმა მიაყენეს და მასხარაშვილმა თავისი მეორე ლელო გაიტანა, ხოლო კობახიძემ გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 14:57.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:09 | 02.09.2018
პანტელეიმონი (1218)

ამ თამაშის ტელე რეპორტაჟი არ მიდიოდა?

0.082481