შიდა რაგბი

19:10 | 30.08.2018 | ნანახია 1568 - ჯერ

დიდი 10 იწყება! პირველი ტური

ხვალ საღამოს, 17 საათზე, „ავჭალის“ რაგბის სტადიონზე დიდი 10-ის მე-4 გათამაშება იწყება, რომელიც თითქმის 9-თვიანი მარათონის შემდეგ, საქართველოს 29-ე ჩემპიონს გამოავლენს.

პირველ მატჩში თბილისის ‘არმია’ ქუთაისის ‘აიას’ მასპინძლობს. არმიელებს გასული სეზონის მსვლელობისას ფინანსური პრობლემები შეექმნათ, რაც შედეგებზეც აისახა და მე-9 ადგილზე გასულმა გუნდმა, უძლიერესებში ადგილი ორრაუნდიან ფლეი ოფში წარმატებული თამაშით შეინარჩუნა.

‘აიამ’ 7-წლიანი შესვენების შემდეგ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, მაგრამ იქ თბილისის ‘ლოკომოტივთან’ დამარცხდა და ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

ლევან ცაბაძე (‘არმიას’ მთავარი მწვრთნელი): „მიზნები ყოველთვის მაღალია, მაგრამ რა გამოვა ეს ჩემპიონატის მსვლელობისას გამოჩნდება. სურვილი და ამბიცია არ გვაკლია, შეძლებისდაგვარად კარგად მოვემზადეთ, განსაკუთრებით ფიზიკურად, თუმცა ტექნიკური და ტაქტიკური დეტალების დასახვეწად დრო არ გვეყო. ერთი რამის თქმა ახლავე შემიძლია - ‘არმია’ ხელწამოსაკრავი გუნდი არავისთვის იქნება“.

„მზადება ივნისში დავიწყეთ, რადგან დიდი სამუშაო გვქონდა შესასრულებელი. გავიარეთ შეკრება ასპინძაში, სადაც ადგილობრივ გუნდ ‘ტაოსთან’ ვითამაშეთ. გვქონდა საკონტროლო მატჩი რუსთავის ‘ხარებთან’. ამ თამაშებმა დაგვანახა პრობლემები, რომელთა გამოსწორებაზე ვმუშაობთ და ვფიქრობ, დაახლოებით 2 თვეში ჩვენი თამაში სრულყოფილ სახეს მიიღებს“.

„პროგნოზებისგან ყოველთვის თავს ვიკავებ, მით უმეტეს, რომ მეტოქე ქუთაისის ‘აიაა’, შარშანდელი ფინალისტი და ვიცე ჩემპიონი. ‘აია’ პროგრესულად მზარდი გუნდია, ყოველ წელს უმატებს თამაშის ხარისხს, მაგრამ ადვილად გასავლელი არ ვიქნებით. ბევრი ვიშრომეთ იმისათვის, რომ ამ სეზონში შედეგიანები ვიყოთ და ამის დამტკიცებას მოედანზე შევეცდებით“.

ბექა ყურაშვილი (‘აიას’ მთავარი მწვრთნელი): „წელს მზადების სქემა შევცვალეთ. შეკრებაზე არსად წავსულვართ და ქუთაისში ვვარჯიშობდით. ბიჭებს დილის 7 საათზე ვკრებდით და კვების ჩათვლით, 12 საათამდე ბაზაზე იყვნენ. გვქონდა 45-წუთიანი ვარჯიშები ფიზ.მომზადების, მძლეოსნობის, ძალოსნობის და ბურთით. ‘ბათუმთან’ გავმართეთ 2 ტაიმი მართული თამაში და 1 სრულფასოვანი ტაიმი, ცოტა ხნის წინ კი ‘ლელო-სარასენსს’ შევხვდით. მას შემდეგ ვცდილობთ პატარ-პატარა ხარვეზების გამოსწორებას, რათა ოფიციალურ მატჩს მზადყოფნაში შევხვდეთ“.

„სათამაშო ფორმის პიკისგან ჯერ ძალიან შორს ვართ, თუმცა საწყისი ეტაპისთვის მომზადების დონე დამაკმაყოფილებელია. ‘არმია’ ჩვენთვის გამოცანად რჩება. გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, როგორც შემადგენლობაში, ასევე სამწვრთნელო შტაბში. ‘არმიაში’ ქართული რაგბის ლეგენდა მივიდა, რაც მოთამაშეებს დამატებით მოტივაციას შესძენს. გაიარეს ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი და შეკრებაზე დიდი დრო ერთად გაატარეს. დაიმატეს რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე და რთული შეხვედრა გველოდება“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:21 | 31.08.2018
პანტელეიმონი (1218)

წარმატებულ ჩემპიონატს ვუსურვებ "დიდი 10"-ს კლუბებს ! ! !

13:47 | 31.08.2018
ირაკლი1986 (18)

წარნატებები აია წელს მართლა ჩემპიონობის დროა!

0.079048