გასულ შაბათს სტეფანწმინდამ აფხაზეთის ომში ტრაგიკულად დაღუპული ძმების, ვეტერანი მორაგბეების - ნუკრი და ვასკა წიკლაურების სახელობის ტურნირს უმასპინძლა.
ტურნირი 2016 წლიდან ტარდება და მან უკვე ტრადიციული სახე მიიღო. პირველ და მეორე გათამაშებაში მასში საფესტივალო ასაკის მორაგბეებმა მიიღეს მონაწილეობა, წელს კი ფორმატი შეიცვალა და თასისთვის რეგიონალური ლიგის ექვსმა კაცთა გუნდმა იბრძოლა.
თამაშები 7-კაცა რაგბში ჩატარდა და „ა“ ჯგუფში სტეფანწმინდის ‘ყაზბეგი’, მცხეთის ‘იბერია სპორტუნი’ და თბილისის ‘დევები’ მოხვდნენ, ხოლო „ბ“ ჯგუფში თბილისის ‘წიქარამ’, სტუ-მ და ‘ტორნადომ’ ითამაშეს.
„3 წლის წინ, როდესაც კლუბის პრეზიდენტ ილია ელოშვილთან ერთად ჩვენს რეგიონში რაგბის აღორძინება დავიწყეთ, სულ 4 ბავშვი მოვიდა. ამ პერიოდში საკმაოდ გავიზარდეთ და ახლა ჩვენს გუნდში 75-მდე ახალგაზრდა ვარჯიშობს, რაც „ძმები წიკლაურების“ თასის დამსახურებაცაა. სექტემბრიდან ჩვენი გუნდი პირველად ჩაერთვება კაცთა, რეგიონალურ ლიგაში და გადავწყვიტეთ ძალები მოგვესინჯა, ტურნირი კაცთა გუნდებში ჩაგვეტარებინა“ - ამბობს რაგბის კლუბ ‘ყაზბეგის’ მთავარი მწვრთნელი გოჩა ჩქარეული.
ტურნირის ორგანიზატორები საქართველოს რაგბის კავშირი და ყაზბეგის მუნიციპალიტეტი იყვნენ, ფინანსური დახმარება კი რეგიონში მოღვაწე კომპანიებმა - „დარიალ ენერჯიმ“ და ყაზბეგის ტერმინალმა „მერფიმ“, ასევე კერძო პირებმა (გოგი თოფაძე, შაკო კაზალიკაშვილი, გიორგი პაპიძე და გუგუა მარსაგიშვილი) გაწიეს, ხოლო მინერალურმა წყალმა „კობიმ“ ტურნირისთვის უსაფრთხოების შალითები დაამზადა.
ჯგუფურ ეტაპზე ‘ყაზბეგმა’ ‘დევებს’ 33:14, ხოლო ‘იბერიას’ 26:10 მოუგო და ფინალში გავიდა. ‘დევებმა’ მცხეთელებს 38:14 აჯობა და მესამე ადგილისთვის თამაშის უფლება მოიპოვა. „ბ“ ჯგუფში ‘წიქარამ’ სტუ-ს 19:10, ხოლო ‘ტორნადოს’ 21:17 სძლია. სტუ-მ ‘ტორნადოს’ 31:0 მოუგო.
მე-5 ადგილისთვის ‘იბერიამ’ ‘ტორნადოს’ 19:12 სძლია; ‘დევებმა’ სტუ 19:14 დაამარცხა და მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო ფინალში ‘ყაზბეგმა’ ‘წიქარა’ 24:0 დაამარცხა და თასის მფლობელი გახდა.
გარდა პრიზიორი გუნდებისა, გამოვლინდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშე და ‘ყაზბეგის’ მორაგბე ლევან ქუშაშვილს ჯილდო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე ზაგაშვილმა გადასცა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული „წიკლაურების თასის“ ორგანიზებაში. პრიზი გადაეცა ტურნირის ყველაზე ასაკოვან მოთამაშეს გიორგი კაჭარავასაც (‘დევები’).
„ძმები წიკლაურების“ თასს სტეფანწმინდაში ადგილობრივი ხელისუფლების (მერი ალექსანდრე ზაგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ სეთურიძე და ა.შ.) და რაგბის კავშირის წარმომადგენლები, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბის წევრები (ლევან მაისაშვილი და მიხეილ სუჯაშვილი), ვეტერანთა კავშირის, ლტოლვილთა სამინისტროს და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ასევე წიკლაურების ყოფილი თანაგუნდელები, თბილისის ‘აკადემიის’ ვეტერანი მორაგბეები და თბილისის ‘ლელო სარასენსის’ (რომელიც რაგბის კლუბ ‘ყაზბეგს’ განვითარებაში ეხმარება) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
+1