ხვალ ნაშუადღევს საფრანგეთის პირველი ელიტური დივიზიონის, ტოპ 14-ის ახალი სეზონი იწყება, ერთი კვირის თავზე პირველი ტურები ინგლისის პრემიერშიფსა და პრო 14-შიც გაიმართება, ხოლო საფრანგეთის მეორე ელიტურ ლიგა პრო დე2-ში უკვე მეორე ტურის შეხვედრები იმართება.
როგორც წესი, ქართველი ქომაგი უცხოური კლუბებიდან იმ გუნდებს ქომაგობს, სადაც ლიდერები ბორჯღალოსანი ლეგიონერები არიან.
ტოპ 14
ტოპ 14-ის 10 კლუბში ჯამში 29 ქართველი ლეგიონერი ირიცხება, რომელთაგან 14-ს პროფესიონალური, ხოლო 15-ს ესპუარის კონტრაქტი აქვს.
ყველაზე მეტი, 6 ქართველი ‘მონპელიეს’ ყავს დაკონტრაქტებული. პირველ გუნდში მიხეილ ნარიაშვილსა და კოტე მიქაუტაძეს, ამ ზაფხულს ‘ტულონიდან’ გადასული ბურჯი ლევან ჩილაჩავა დაემატა. ესპუარებში არიან გელა აფრასიძე, რომელმაც გასულ სეზონში რამდენიმე შეხვედრა პირველ გუნდშიც ჩაატარა, ასევე ლუკა აზარიაშვილი და უშანგი ჭეიშვილი.
ხუთი ქართველია ‘ბორდოს’ განაცხადში, რომელთაგან ორს პირველი გუნდის რიგებში ხშირად უნდა ველოდოთ. ესენი არიან გუნდის ახალწვეულები - ‘მონ დე მარსანიდან’ გადასული მესამეხაზელი ბექა გორგაძე, რომელსაც ტოპ 14-ში აქამდე არ უთამაშია და ‘ლა როშელის’ ყოფილი ბურჯი ლექსო ყაულაშვილი. ესპუარებში ირიცხებიან ლაშა ტაბიძე, საბა ყაულაშვილი და ირაკლი ცხადაძე.
პრო დე2-იდან წელს დაწინაურებული ‘გრენობლის’ ღირსებას ოთხი ჩვენებური დაიცავს. მათგან ერთ-ერთი ბორჯღალოსანი დავით ქუბრიაშვილია, რომელიც გუნდს სეზონის წინ ‘მონპელიედან’ შეუერთდა. გუნდში მეორე სეზონს იწყებს და ტოპ 14-ში პირველად ითამაშებს ბექა გიგაშვილი. ‘გრენობლში’ ახალი გადასულები არიან ვაჟა კაპანაძე და ესპუარი ნიკა ღვალაძე.
სამ-სამი ქართველია ორ კლუბში. ‘კლერმონმა’ ყველა ჩვენებური შეინარჩუნა და ამ გუნდის ღირსებას მომავალ სეზონშიც დაიცავენ ბურჯები - დავით ზირაქაშვილი და ბექა კაკაბაძე, ასევე მესამეხაზელი ვიტო კოლელიშვილი.
რა თქმა უნდა ‘ტულონის’ პირველ გუნდშია ვეტერანი ბორჯღალოსანი მამუკა გორგოძე, ხოლო ბადრი ალხაზაშვილს და ლუკა ჭელიძეს ესპუარების კონტრაქტები აქვთ.
კვლავ ‘აჟენის’ მაისურით ითამაშებენ თამაზ მჭედლიძე და გიორგი თეთრაშვილი. ამ გუნდში ორივე მეხუთე სეზონს იწყებს.
ორი ქართველია ‘რასინგ 92’-ის შემადგენლობაშიც, რომელმაც წინასასეზონო შეკრება საქართველოში გაიარა. ვასილ კაკოვინს პროფესიონალური კონტრაქტი აქვს, ხოლო პარიზულ კლუბში წელს გადასული გურამ გოგიჩაშვილი ესპუარია.
ორი ესპუარი ყავს მეორე პარიზულ კლუბ ‘სტად ფრანსეს’ - გიორგი მელიქიძე და ხვიჩა ცოფურაშვილი. მელიქიძე გუნდში მესამე სეზონს იწყებს და განვლილ სამ წელიწადში პირველი გუნდის მაისურით 27 თამაშიც (14 ტოპ 14-ში, 2 ჩემპიონთა თასზე და 11 ჩელენჯ ქაფზე) ჩაატარა.
თითო-თითო ესპუარი ყავს ‘ლა როშელს’ (ჯემალ შათირიშვილი) და ‘პოს’ - (ომარ ოდიშვილი).
ბრიტანეთი
ინგლისში ჩემპიონობისთვის წელს ზურაბ ჟვანიაც იბრძოლებს, რომელმაც ამ ზაფხულს პარიზული ‘სტად ფრანსე’ დატოვა და ‘ვოსფსს’ შეუერთდა. ინგლისელები წინასასეზონო მატჩს დღეს ‘ოლსტერთან’ გამართავენ და ჟვანია მარქაფაშია.
ინგლისის პირველ ლიგაში, კერძოდ ‘კორნიშ პაირეთსში’ ითამაშებს მეორეხაზელი ბორჯღალოსანი ნოდარ ჭეიშვილი.
ექსეთერის უნივერსიტეტის გუნდშია კიდევ ერთი მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი, რომელიც ორი წელია უმცროსი ბორჯღალოსნების ღირსებას იცავს.
პრო 14-ის ორ უელსურ გუნდში წელს ორი ბორჯღალოსანი ითამაშებს.
‘კარდიფ ბლუზში’ მესამე სეზონს იწყებს ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი, ხოლო მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე ‘ოსპრეიზს’ გასული სეზონის მიწურულს შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
პრო დე2
ტოპ 14-ის მსგავსად, საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დე2-ის კლუბებშიც 29 ქართველი ითამაშებს, ოღონდ ისინი 11 კლუბში არიან გადანაწილებული, 10 პროფესიონალია, 17 ესპუარი, ხოლო ორს „ჯოკერის“ სტატუსი აქვს.
ქართველთა სიმრავლით ორი კლუბი გამოირჩევა. ტოპ 14-იდან დაქვეითებულ ‘ბრივში’ ექვსი ჩვენებურია. კარლენ ასიეშვილს, სოსო ბეკოშვილს და ‘კლერმონიდან’ გადასულ ოთარ გიორგაძეს პროფესიონალური ხელშეკრულებები აქვთ, ხოლო ვასილ ლობჟანიძეს, ლუკა გოგინავას და ლუკა ჯაფარიძეს ესპუარების.
ერთბაშად რვა ქართველია ‘ორიაკში’, რომელთაგან პროფესიონალური კონტრაქტი მხოლოდ ბორჯღალოსანთა კაპიტან მერაბ შარიქაძეს აქვს, გიორგი ცუცქირიძე, გიორგი ჯავახია, ვანო კარკაძე, ბექა საღინაძე და გიორგი გოგოლაძე ესპუარები არიან, ხოლო გიორგი ვეფხვაძე და ლაშა ლომიძე ჯოკრის სტატუსით სარგებლობენ.
‘ანგულემში’ რჩება მისი ერთ-ერთი ლიდერი შალვა სუთიაშვილი, სადაც გიორგი ნეფარიძე და ზაურ თევდორაშვილი ესპუარები არიან.
‘ბიარიცთან’ პროფესიონალური კონტრაქტი აკავშირებს ვახტანგ ახობაძეს, თორნიკე ჯალაღონია და გიორგი ნუცუბიძე კი ესპუარები იქნებიან.
თავ-თავიანთ კლუბებთან პროფესიონალური კონტრაქტები აქვთ ირაკლი მირცხულავას (ოიონა), ბექა შეყლაშვილს (კოლომიე) და მირიან ბურდულს (კარკასონი). ‘მასისთან’პროფესიონალური კონტრაქტი აქვს ილია კაიკაციშვილს, სადაც ესპუარია გიორგი ახალაძე. თავიანთ კლუბებში ესპუარები არიან თორნიკე მატარაძე, გურამ პაპიძე (ორივე ნევერი), ნიკა ნეფარიძე (ვანი) და ლაშა მაჭარაშვილი (მონ-დე-მარსანი).
რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საერთოდაც ამ ეტაპზე არც ისე გვილხინს ლეგიონერების მხრივ. მე მგონი ყველაზე სტაბილურები ისევ მამუკა და ზირაქა არიან, მიუხედავად ასაკისა.
არცაა გასაკვირი, 58 დან 39 მოთამაშე 25 წლის ან უფრო პატარაა, რბილად რომ ვთქვათ თაობათა ცვლის მტკივნეულ პროცესს გავდივართ.
ფულზე აპელირება ბევრგან შემხვდა ამ ბოლო დროს და რა მაინტერესებს, ვინმემ იცის ესპურაის კონტრაქტზე ესეთ რა ხელფასს იხდიან? ვასკას პრობლემა პირველ რიგში თვითონ ვასკაშია, სადღაც მოტივაცია დაკარგა და უნდა მოძებნოს ისევ.
ხო, არ მგონია ესპუარებში იმდენი ჰქონდეს რო მაგის გამო თავში აუვარდეს, მარა ეს ის ვასკა რომ არ არის ფატია. იმედია იპოვის საკუთარ თავს გუნდში, თუ არა აჯობებს დაბრუნდეს საქართველოში
რაის საქართველოში დაბუნება, ხუმრობ? ბეგაძის გაუმჯობესებულ ვარიანტს მივიღებთ.
პრო დ2-ის ტურის წინა შემადგენლობებს დავუარე გუშინ და ორიაკში და ბრივში ამ თამაშებისთვის მხოლოდ ბეკოშვილია განაცხადში. ვასკაზE ყველაზე მეტად მწყდება გული, იქნებ ვინმემ იცით რა ხდება მის თავს
ამბობენ მიკროტრავმა აქვსო, თუმცა არა მგონია უტრავმოდაც ხშირად ათამაშონ, ფაქტია კლუბის არასწორად არჩევამ და ერთბაშად დიდი ხელფასის თუ რავიცი კიდევ რა ფაქტორებმაც წაგვართვა ნიჭიერი მოთამაშე. პირდაპირ ტოპ 14 ის კლუბი 20 წლის ბიჭის გადასვლა დიდი სისულელე აღმოჩნდა და უნდა ცოდნოდათ ეს მის დამრიგებლებს, მაგრამ აქაც ფულმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ალბათ.