წლევანდელი “ოთხი ერის” მეორე ტურში ორი განსხვავებული თამაში გაიმართა. თუ ახალმა ზელანდიამ ოკლენდში ავსტრალია ნერვიულობის გარეშე, ლამაზ სტილში დაამარცხა, სამხრეთ აფრიკამ სალტაში ბეწვის ხიდზე გაიარა და მასპინძელ არგენტინას 4 ქულა ხელიდან ბოლო წუთებზე გამოგლიჯა.
ერთი კვირის წინ ავსტრალიასთან 12:12 დასრულებული თამაშის შემდეგ, “ოლ ბლექსის” მისამართით არაერთი კითხვა გაჩნდა, მაგრამ ყველაფერს ღირსეული პასუხი გაეცა. ახალმა ზელანდიამ წლის საუკეთესო თამაში აჩვენა, მაღალი ტემპით მეტოქეს თავბრუ დაახვია, შეხვედრის მიწურულს გატანილი ლელოთი კი, ავსტრალიასთან მატჩში საკუთარ მოედანზე პირველად გადააბიჯა 50 ქულიან ზღვარს და ტიტულის მოპოვებისკენ მძლავრი ნაბიჯი გადადგა.
ავსტრალია პირველსავე წუთზე ჯარიმით დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლებმა მუდმივი მოძრაობით უპირატესობა მალევე მოიპოვეს და აარონ კრუდენმა ორი ზუსტი ჯარიმით ანგარიში 6:3 გახადა. მე-12 წუთზე რიჩი მაკქოუმ საერთაშორისო დონეზე ჩატარებულ 129-ე მატჩში მხოლოდ მეორე სინბინი რომ მიიღო, ჯარიმით ანგარიში გათანაბრდა, მაგრამ ზელანდიელებს კაცნაკლულობა არ დატყობიათ და ხუთიოდე წუთში ჯარიმით კვლავ დაწინაურდნენ. სტუმრებისთვის მეტოქის მოლის შეჩერება დიდ პრობლემას რომ წარმოადგენდა, 22-ე წუთზე ყვითელი ბარათი უკვე ავსტრალიელმა რობ სიმონსმა მიიღო და ამით მასპინძლებმა საფუძვლიანად იხეირეს.
28-ე წუთზე მათ სტუმართა კაცნაკლული შერკინება ზედ კარის წინ ათრიეს და მეტოქეც საჯარიმო ლელოთი დაისაჯა, ხოლო სამიოდე წუთში ზელამდიამ საკუთარი 22-იდან კონტრშეტევა წამოიღო, კრუდენმა ცენტრალური ხაზის სიახლოვეს მარჯვენა ფლანგზე სავეას გადაცემა არ დაუგვიანა და მანაც ძელებსშუამდე ხელუხლებლად ირბინა - 23:6. მეორე ტაიმის დასაწყისი “კენგურუებს” კიდევ უარესს უმზადებდა. 49-ე წუთზე სავეამ ავსტრალიელთა დაცვა მოარღვია და ის ზედ ხაზთან შეაჩერეს, მაგრამ სემ ვაიტლოკმა კიარან რიდს სწრაფად გამოუტანა ბურთი და ისიც დაუცველ ჩათვლის მოედანში შეხტა.
ამის მერე კაპიტნის დრო დადგა, რომელმაც დაამტკიცა, რომ ყვითელი ბარათი ერთგვარი ანომალია იყო და სტუმრებს ორი ლელოთი ბოლო მოუღო, საკუთარ გუნდს კი, პრემიალური ქულა დაუბევა - 44:6 საათის თავზე. როგორც ჩანს, პრემიალური ქულის აღებამ “ოლ ბლექსი” მოადუნა და მათ სამი წუთის ინტერვალში ორი ლელო მიიღეს, მაგრამ სულ ბოლოს ლუატუამ ხაზი მაღალ სიჩქარეზე გაკვეთა, ლელო ძელებსშუა გაიტანა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ ტაბლოზე 51:20 დაფიქსირდა. ეს გამარჯვება იმის მაუწყებელიც იყო, რომ ახალი ზელანდია ავსტრალიასთან საზიარო “ბლედისლო ქაფს” კიდევ ერთი წლით ინარჩუნებს.
თასის მფლობელმა სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა არგენტინა სალტაში უმძიმეს ბრძოლაში 33:31 დაამარცხა, მაგრამ მხოლოდ “ბოკეს” თავგადაკლული გულშემატკივრები თუ იტყვიან, რომ ეს დამსახურებული გამარჯვება იყო. “პუმები” მთელი საათი აკონტროლებდნენ მატჩის მსვლელობას და რომ არა პერიოდულად დაშვებული უპატიებელი შეცდომები, ტურნირზე პირველ გამარჯვებასაც იზეიმებდნენ.
პირველი ტაიმი სრულად მასპინძლებისა იყო და ჯარიმით ანგარიშიც მათ გახსნეს, ხოლო მე-12 წუთზე ხუან მარტინ ერნანდესის არეკნით მეორედ დაწინაურდნენ. არგენტინელები ფეხით ტაქტიკურ დარტყმებს კარგად ანხორციელებდნენ და აფრიკელებსაც უმეტესად საკუთარ ნახევარზე უწევდათ თამაში, თუმცა, პოლარდმა ჯარიმით ორივეჯერ შეძლო წონასწორობის აღდგენა. 25-ე წუთზე მონტერომ მატჩის პირველი ლელო რომ გაიტანა, გარდასახვაც ზუსტი იყო, თუმცა, 29-ე წუთზე პოლარდის მიერ გატანილი ჯარიმის შემდეგ, ბრაიან ჰაბანა ფეხით ჩაკიდებულ ბურთს მიჰყვა, მცველს სპრინტერულ შეჯიბრში აჯობა და 31-ე წუთზე “ბოკემ” საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო გარდასახვის შემდეგ 16:13 დაწინაურდა.
დარჩენილ 9 წუთში სტუმრებს დიდი ძალისხმევა დაჭირდათ ამ ანგარიშის შესანარჩუნებლად და გაუმართლათ შესვენებაზე ლიდერის რანგში რომ გავიდნენ, მაგრამ განახლდა თამაში და კუბელი ორ მცველს შორის გაძვრა, ლელო გაიტანა და არგენტინამ ლიდერობა დაიბრუნა. ზუსტ გარდასახვას 51-ე წუთზე ტუკულეტის ალამთან გატანილი ლელო მოყვა. ამჯერად დარტყმა არაზუსტი იყო, მაგრამ 56-ე წუთზე სანჩესმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა და უპირატესობა 12 ქულამდე გაიზარდა - 28:16.
მაგრამ მერე არგენტინა მოიშალა და საათის თავზე ჰენდრიკსმა, ხოლო 68-ეზე კუციამ ლელოები გაიტანეს. მორნი სტეინმა ორივე გარდასახვა გამოიყენა - 30:28 აფრიკელთა სასარგებლოდ. სამ წუთში მასპინძლები მარსელო ბოშის შორეული ჯარიმით ერთი ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ გამარჯვებამდე სულ სამი წუთი დააკლდათ. ისინი რაქში დაჯარიმდნენ, სტეინმა მეტოქე არ დაინდო, ბურთი ძელებსშუა გააძვრინა და სამხრეთ აფრიკას 33:31 მოაგებინა.
ახლა “ოთხ ერზე” ორკვირიანი შესვენებაა, 6 სექტემბერს კი, ახალი ზელანდია არგენტინას, ხოლო ავსტრალია სამხრეთ აფრიკას მასპინძლობს.
- სამხრეთ აფრიკა 2 2 0 0 46-37 8
- ახალი ზელანდია 2 1 1 0 63-32 7
- არგენტინა 2 0 0 2 37-46 2
- ავსტრალია 2 0 0 2 32-63 2
6 სექტემბერი
ახალი ზელანდია - არგენტინა
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია