შიდა რაგბი

1:00 | 23.08.2018 | ნანახია 5186 - ჯერ

“ლოკომოტივი” კვლავ ფინანსების ძიებაშია, ხოლო “კონტინენტის ფარზე" თამაში საეჭვოა – ვრცელი ინტერვიუ თემურ ბენდიაშვილთან
"ნამდვილად შეგვიძლია, რომ ტურნირი მოვიგოთ და ჩელენჯ ქაფზე გავიდეთ, ხოლო ჩელენჯ ქაფზე გასვლა ჩვენი რაგბისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი."

დაახლოებით სამი კვირის წინ, დიდი 10-ის მოქმედი ჩემპიონის თბილისის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა თემურ ბენდიაშვილმა ქართულ სარაგბო თემს აუწყა, რომ მის გუნდს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და თუ სიტუაცია არ გამოსწორდებოდა, ისინი “კონტინენტის ფარზე” გასვლას ვერ შეძლებდნენ.

აღნიშნულმა ამბავმა ქართველ გულშემატკივარში დიდი ინტერესი გამოიწვია. გამოითქვა მრავალი აზრი, რომლითაც შეიძლებოდა საქართველოს ჩემპიონის დახმარება. ზოგიერთი მოითხოვდა, რომ “ლოკომოტივის” საბანკო ანგარიში გამოქვეყნებულიყო და თავად ქომაგები დაეხმარებოდნენ ქართულ კლუბს, რაც ასევე ცალკეული კომპანიებისთვისაც დამატებითი ბიძგი იქნებოდა.

ჩვენ დავინტერესდით, თუ რამდენად შეიცვალა “ლოკომოტივის” მდგომარეობა ბატონი თემურის ამ განცხადების შემდგომ. შესაბამისად, მას დავუკავშირდით და სახლში ვეწვიეთ, სადაც საკმაოდ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ, რომელშიც "კონტინენტის ფართან" დაკავშირებული საკითხის გარდა, ვისაუბრეთ დიდ 10-ზე, საქართველოს ნაკრებზე, ზოგადად ქართულ რაგბზე და მომავალ მსოფლიო თასზე. ვფიქრობთ, ქართველი გულშემატკივრებისთვის ამ ყველაფრის წაკითხვა ძალზე საინტერესო უნდა იყოს.

- 31 ივლისი იყო, როდესაც განცხადება გამოაქვეყნეთ სოციალურ ქსელში და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ “ლოკომოტივს” ფინანსური პრობლემები ჰქონდა და “კონტინენტის ფარზე” გასვლის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. რა შეიცვალა ამ განცხადების გამოქვეყნების შემდგომ? არის რაიმე უკეთესობა თუ დაახლოებით იგივე მდგომარეობაა?

- ჯერჯერობით დაახლოებით რვა ბიჭია, რომელთაც დაახლოებით 50-100 ლარი გადმორიცხეს. ახალგაზრდა გულშემატკივრები არიან, რომელთა ვინაობაც არ ვიცი. რაც შეეხება დანარჩენს, ჩვენ დავწერეთ წერილები და ყველგან გავაგზავნეთ, სადაც შეგვეძლო. ხალხს სურს ამ თამაშების ხილვა და შესაბამისად, ხელისუფლებამაც რაიმე უნდა იღონოს. იქნება ეს ქალაქის მერია, სადაც სხვა გუნდები ჩამოვლენ და თამაშები გაიმართება, სპორტის და კულტურის დეპარტამენტი. დახმარება ვთხოვეთ პრემიერ-მინისტრსაც. ამ ტურნირზე გამოსასვლელად 300 000 ლარი გვჭირდება. ბევრი ცუდი რამ მოხდა ბოლოხანს, სტიქიები და ა.შ. თუმცა, სურვილის შემთხვევაში ამ თანხის გამოყოფა შეიძლება.

როგორც იცით, არის ჩემპიონთა თასი და ჩელენჯ ქაფი, რასაც დაემატა “კონტინენტის ფარი”, რომელიც დამატებით შანსს აძლევს ესპანურ, გერმანულ, პორტუგალიურ, იტალიურ და ქართულ გუნდებს ჩელენჯ ქაფზე მოსახვედრად. რუმინული და რუსული გუნდები უკვე გავიდნენ ჩელენჯ ქაფზე და შესაბამისად, ისინი ამ ჩემპიონატზე წელს არ ითამაშებენ. აქედან გამომდინარე, თუ კარგად მოვემზდებით, ამ ჩემპიონატის მოგება ჩვენს ძალებს არ აღემატება. შარშან მაგალითად “ბათუმმა” რუმინულ გუნდთან წააგო, რომელიც უკვე ჩელენჯ ქაფზეა, ხოლო ამ “ტიმიშოარას” იმ “ჰაიდელბერგმა” მოუგო, რომელსაც “ბათუმმა” მოუგო. გერმანული გუნდი ჩელენჯ ქაფზე იმის გამო არ დაუშვეს, რომ მათი შვეიცარიელი მფლობელი “სტად ფრანსეს” მეპატრონეცაა. წელს გერმანული გუნდი “კონტინენტის ფარზე” ისევ ითამაშებს.

თამაშები ისეა გადანაწილებული, რომ სამ-სამი საშინაო და საგარეო მატჩები გვიწევს. ნამდვილად შეგვიძლია, რომ ტურნირი მოვიგოთ და ჩელენჯ ქაფზე გავიდეთ, ხოლო ჩელენჯ ქაფზე გასვლა ჩვენი რაგბისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი. ჯერ ერთი, ყველას აინტერესებს რა არის ქართული რაგბი იმ მოთამაშეების გარეშე, რომლებიც საფრანგეთში თამაშობენ. გორგოძის, ხინჩაგიშვილის და ზირაქაშვილის სახელები ყველამ იციან და აინტერესებთ, სხვა მხრივ რა დონეზეა ქართული რაგბი. შესაბამისად, გვეპატიჟებიან და უნდათ, რომ ამ ტურნირზე გამოვიდეთ. უნდათ ჩვენთან ჭიდილი და ის, რომ გაიგონ რამდენად ძლიერები ვართ. გარდა ამისა, კარგი იქნება პორტუგალიური, იტალიური, ესპანური და გერმანული გუნდების ჩამოსვლა. გულშემატკივრები საინტერესო თამაშებს იხილავენ და ჩვენი მონაწილეობა ამ ტურნირზე ყველანაირი სპორტული კუთხით უმნიშვნელოვანესია.

- ახლახანს ჩატარებულმა “ზაფხულის თასმა” დაგვანახა, რომ გულშემატკივრებში რაგბის პოპულარიზაცია საჭიროა. ეროვნული ნაკრების თამაშზე ხალხი დადის და სტადიონს ბოლომდე ავსებს, თუმცა ამას სხვა ტურნირებზე ვერ ვიტყვით. ასეთ შეჯიბრებებზე თამაში და შემდგომ ჩელენჯ ქაფზე გასვლა, ქართული საკლუბო რაგბის განვითარებას მისცემდა სულ სხვა ბიძგს?

- რასაკვირველია! ზუსტად ეს იქნება რაგბის პოპულარიზაცია. ხალხიც მოვა, დაინტერესდებიან. გულშემატკივრები დადიან იქ, სადაც საინტერესოა. ეს თამაშები კი ძალიან დაძაბული იქნება. მთლიანად გუნდისთვის, გუნდის პროგრესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება “კონტინენტის ფარზე” თამაში. სასიამოვნოა, როდესაც გადიხარ, ევროპის წინაშე თამაშობ და აჩვენებ საკუთარ შესაძლებლობებს და ასეთი გეგმის ჩაშლა გუნდზე ნამდვილად ცუდად იმოქმედებს.

- ბიჭებისთვისაც დამატებითი სტიმული იქნება ევროთასზე გასვლა. გარდა ამისა, ევროპული გუნდების სკაუტებიც ესწრებიან ამ მატჩებს და თავის გამოჩენის შემთხვევაში, უფრო მაღალ დონეზე თამაშის უკეთესი შანსი ექნება.

- ნამდვილად ასეა. ამ ტურნირზე თამაში ყველასთვის უმნიშვნელოვანესია და ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ.

- ამ მომენტისთვის რომელიმე სერიოზულ კომპანიას წერილზე არ უპასუხია?

- ჯერჯერობით, არა.

- კონტინენტის ფარის რეგლამენტში წერია, რომ ხარჯების გარკვეულ ნაწილს ტურნირის ორგანიზატორები აფინანსებენ. რამდენად დიდი შეღავათია ეს “ლოკომოტივისთვის”?

- გარკვეული შეღავათი რა თქმა უნდა არის, თუმცა ეს თანხა ცოტაა, რასაც ყველა მატჩისთვის გვაძლევენ ერთისთვისაც არ გვეყოფა ბოლომდე. ჩელენჯ ქაფზე გასვლის შემთხვევაში კი სერიოზული თანხით, დაახლოებით 400 000 ევროს აძლევენ ასეთ გუნდს.

- დიდი 10-ის მოგებისთვის მიღებული პრიზიდან თუ გამოიყენებთ გარკვეულ თანხას “კონტინენტის ფარზე” სათამაშოდ?

- ბიუჯეტი განაწილებული ისე გვაქვს, რომ სახელმწიფოსგან და რკინიგზისგან შემოსული თანხებიდან ხელფასი 10 თვეს გვყოფნის და დარჩენილი ორი თვის ჯამაგირს სწორედ ამ თანხიდან მოვიხმართ. შარშან, როდესაც ჩემპიონი “ჯიქი” გახდა, ფინალის სპონსორისგან “ტოიოტასგან” დამატებითი ფულადი ჯილდოც მიიღო, ისევე როგორც ფინალისტმა “ბათუმმა”. სამწუხაროდ, წელს ასე არ ყოფილა.

- “ლოკომოტივს” ამ მომენტისთვის რკინიგზის გარდა, სხვა სპონსორი არ ჰყავს?

- არა, არ გვყავს.

- რამდენად მნიშვნელოვანია კერძო სპონსორები, რა უნდა მოხდეს, რომ კერძო ბიზნეს სექტორი უფრო დაინტერესდეს და ჩაერთოს დიდი 10-ის სხვადასხვა კლუბების დაფინანსებაში?

- ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ასე არ არის. როგორც ვიცი, “ლელოს” უნახავს რამდენიმე პატარა სპონსორი, რაც ძალიან კარგია. თუმცა, ჯერჯერობით მასშტაბურად სპონსორების ჩართვა ჭირს. გუნდები კი უმეტესად მერიებისგან ფინანსდება. ასეა “ბათუმის”, “აიას”, “ხარებს” და ა.შ. თბილისში ასე არ ხდება, თუმცა ხომ შეიძლება, რომ ჩემპიონი მაინც დააფინანსონ ამ ტურნირზე გასასვლელად – ვინც გავა “კონტინენტის ფარზე” ცოტა დახმარება მაინც რომ გაუწიონ.

- რამდენად ვითარდება დიდი 10 და კიდევ უფრო მეტი განვითარებისთვის რა არის საჭირო?

- დიდ 10-ში უკვე ბევრია ისეთი თამაში, რომელიც საკმაოდ კარგი საყურებელია გულშემატკივრისთვის და სტადიონზე რომ მოვიდნენ, თამაშებით სიამოვნებას მიიღებენ. ფინალიც ძალიან კარგი იყო, რომელსაც ბევრი მაყურებელი დაესწრო და ამან კიდევ უფრო სანახაობრივი მხარე შესძინა.

რაც შეეხება იმას, თუ რა არის კიდევ უფრო განვითარებისთვის საჭირო. ჩვენი მორაგბეები წელიწადში 500 საათს ვარჯიშობენ, რაც მინიმუმ 900-1000 საათამდე უნდა ავიდეს. ევროპელები 1400-1500 საათს ვარჯიშობენ. საწვრთნელი ბაზაა აუცილებელი, რაც “ქართუ ჯგუფის” წყალობით თითქმის ყველა გუნდს აქვს, ჩვენი ბაზის მშენებლობაც სულ მალე დასრულდება. მაგრამ, მოთამაშეები ბაზაზე რომ დატოვო, იმათ კვება და მოვლა სჭირდებათ. დღეში ორჯერ დიღომში ვერავინ მოვა და მანქანა გუნდში სულ 5-10 კაცს ჰყავს. 11 საათზე მოთამაშე მოვიდეს, 1 საათზე წავიდეს, შემდეგ ჭამოს, დაისვენოს და კიდე მოვიდეს, არ გამოვა მასე. ამას მეტი ბიუჯეტი, მეტი ხელფასი სჭირდება. ევროპელები კი დილის 9 საათზე მიდიან ბაზაზე და შინ 4 საათისთვის ბრუნდებიან. გარდა ამისა, საჭიროა მწვრთნელთა განათლება, რომელიც ჩვენთან არის, მაგრამ სასურველ დონეზე არ არის. ჩვენთან რაღაცეები სულ არის, მაგრამ სასურველ დონეზე არა. პირდაპირ რომ ვთქვათ, საქართველოს ნაკრებსაც ძალიან გაუჭირდება, რომ არა საფრანგეთში მოთამაშე მორაგბეები. საფრანგეთში კი სულ უფრო და უფრო ართულებენ ლეგიონერებზე შეზღუდვას და “ჟიფის” სტატუსის მიღება სამიდან ხუთ წლამდე გაზარდეს. მომავალში ეს შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება და შესაბამისად, ასეთ ტურნირებში ჩვენი მონაწილეობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მოკლედ, ყველაფერს ისევ ფინანსებისკენ მივყავართ. ქართული რაგბის განვითარებისთვის მეტი თანხა და სპონსორებია საჭირო, როგორც ეს უცხოეთშია.

- დაახლოებით ორი წელია, რაც საქართველოში სარაგბო არხი რაგბი ტვ დაფუძნდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი არხი რაგბი პოპულარიზაციისთვის ჩვენს ქვეყანაში?

- ძალიან უწყობს ხელს პოპულარიზაციისთვის ასეთი არხის დაფუძნება. ჩემს გარშემოც ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს. მართალია, ტექნოლოგია ისეა განვითარებული, რომ დღეს ფაქტორივად ყველაფრის ყურება ხელმისაწვდომია, თუმცა საჭიროა ამ ყველაფრის შეფუთვა, განმარტება. რაგბი ტვ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს და ასეთი წამოწყება, არხი ძალიან კარგია.

- საინტერესოა “ლოკომოტივის” მდგომარეობა დიდი 10-ის დაწყების წინ. როგორც ვნახეთ, შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებებია, საფრანგეთში წავიდნენ გურამ გოგიჩაშვილი (“რასინგ 92”) და საბა ყაულაშვილი (“ბორდო”), ხოლო “აიადან” დაბრუნდა ზურაბ ძნელაძე.

- დიახ, ასეა. ზურაბ ძნელაძე ორი სეზონი ჩვენთან თამაშობდა, ხოლო შემდეგ ორი სეზონი ქუთაისში სათამაშოდ გავიდა და ახლა კვლავ ჩვენთან დაბრუნდა, რითაც გახარებულები ვართ. გარდა ამისა, დავიმატეთ ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც მომავალში თავს გამოიჩენენ. ცუდია ის, რომ ის სამი მოთამაშე, რომლებმაც “ლოკომოტივი” დატოვეს, სამივე პირველი ხაზის მოთამაშეა.

- მომავალ დიდ 10-ში “ლოკომოტივის” მიზანი მხოლოდ ჩემპიონობაა?

- დიახ, ჩვენი მიზანი კვლავ ჩემპიონობაა.

- საინტერესოა თქვენი მოსაზრება დიდი 10-ის მონაწილე სხვა კლუბებთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, ვინ გაძლიერდა ყველაზე მეტად და ვინ იქნება “ლოკომოტივის” მთავარი კონკურენტი?

- “ბათუმი” გაძლიერდა ყველაზე მეტად და შესაბამისად, მთავარ კონკურენტებად, შემადგენლობიდან, პირობებიდან გამომდინარე სწორედ მათ აღვიქვამთ. ერთი ეგაა, რომ ჯერჯერობით “ბათუმმა” გუნდის შეკვრა ვერ მოახერხა, რადგან ყოველ წელიწადს რამდენიმე მოთამაშეს სხვადასხვა გუნდებიდან იმატებს, რაც შეთამაშებისთვის რთულია. დასამალი არაა ისიც, რომ ეს ბიჭები სულ გზაში არიან, აქეთ-იქით მიდიან და მოდიან. სხვა გუნდებიც გაძლიერდნენ და საინტერესო ჩემპიონატი გველოდება, რომელიც შარშანდელზე უკეთესი უნდა იყოს.

- მილტონ ჰეიგს ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ნათქვამი აქვს, რომ ხუთი წლის წინანდელი და ახლანდელ დიდ 10-ს შორის სინათლის წელიწადის სხვაობააო. მიუხედავად ამდენი პრობლემისა, რაც ქართულ კლუბებს აქვთ და რაზეც ვისაუბრეთ, მაინც ყველა თანხმდება, რომ პროგრესი თვალსაჩინოა. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

- პირველ რიგში ალბათ შრომის და ნიჭის დამსახურება. შეიძლება ვისაუბროთ სწორ მუშაობაზეც, თუმცა კიდევ უფრო მეტია საჭირო. გულხელდაკრეფილი არავინ ზის, თუმცა მეტია საჭირო, კიდევ უფრო სწორად მუშაობა.

- ყველამ კარგად ვიცით, თუ რა დონის სამუშაო გასწია “ქართუ ჯგუფმა” ქართული რაგბისთვის. ეს პროექტი როგორც ვიცით სრულდება. თქვენი აზრით, რა უნდა მოხდეს, რომ ასეთი მშენებლობები გაგრძელდეს? როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ამ პროექტის დასრულების შემდგომ?

- ამას ნამდვილად ვერ გეტყვით. თუმცა, იმას გეტყვით, რომ ასეთ პროექტს არც ველოდით. უცხოელები ვინც ჩამოდიან, მაგალითად უელსელები, რომლებიც 20-წლამდელთა მსოფლიო თასისთვის ჩვენთან ვარჯიშობდნენ, ჯერ კიდევ დაუსრულებელ ბაზაზე, სულ გვეკითხებოდნენ, რა სახსრებით იყო ასეთი მშენებლობები, ასეთები ჩვენთან არ არისო. ძალიან დიდი სამუშაო გასწია “ქართუ ჯგუფმა” ამ ბაზების მშენებლობით ქართული რაგბისთვის. ჩვენი ბაზა, რომელზეც წვრილმანი სამუშაოებიღაა დარჩენილი და ოქტომბრისთვის სრულიად მზად იქნება, არის თანამედროვე სტანდარტების, სამსართულიანი შენობით, ფიტნესით, აუზებით და ყველა საჭირო პირობით. ვარჯიში უკვე შესაძლებელია და ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვვარჯიშობთ, ხოლო ბუნებრივსაფარიანი ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია. ძალიან ღირებული ბაზა იქნება, სადაც ყველაფერს გავაკეთებთ პრესკონფერენციის დარბაზს, ბიბლიოთეკას და ა.შ.

- ბაზის საბოლოოდ დასრულების შემდგომ, “ლოკომოტივი” დიდი 10-ის საშინაო თამაშებს ამ ბაზაზე ჩაატარებს?

- არ ვიცით, რადგან ისეთი რელიეფია და ისეთი ადგილია, რომ ტრიბუნა არ დაეტია და მხოლოდ 300 კაცზეა გათვლილი.

- ბაკურიანში შეკრებაზე რამდენი დღით დარჩებით? (ინტერვიუ ჩაწერილია სამშაბათს საღამოს და შესაბამისად, “ლოკომოტივი” შეკრებაზე მეორე დილით ანუ ოთხშაბათს მიდიოდა და ამის შემდგომ ცხრა დღე დარჩება შეკრებაზე)

- მეცხრე დღეს ჩამოვალთ.

- 31-ში უკვე დიდი 10-იც იწყება.

- დიახ, ჩვენ 2-ში ვთამაშობთ და გასვლაზე პატარძეულის “ვეფხვებს” ვეთამაშებით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მათი მოედანი ჯერ დიდი 10-ის სტანდარტებისთვის ჯერ მზად არაა, მარტყოფის ბაზაზე მოგვიწევს თამაში. როგორც იცით, ეს გუნდი დიდ 10-ში წელს გადმოვიდა და პირველ მატჩს განსაკუთრებული მონდომებით ითამაშებენ, რისთვისაც ჩვენც კარგად ვემზადებით.

- საინტერესოა პირველი კახური გუნდის ხილვა დიდ 10-ში.

- დიახ, რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა და მათი უპირველესი პლიუსი ენთუზიაზმი იქნება.

- რომ გადავხედოთ გასულ დიდ 10-ს, თქვენი აზრით რის ხარჯზე მოახერხა “ლოკომოტივმა” ჩემპიონატის მოგება?

- თუ ტრაბახად არ ჩაითვლება, კლასის ხარჯზე მოვიგეთ. მე საკუთარი შეხედულება მაქვს, ვფიქრობ, რომ ჩემს გუნდს ისე კიდევ ვერ გადავეცი, როგორც მინდა და მგონია. ჩემი აზრით, ჩვენ უფრო შეგვიძლია ვითამაშოთ ისეთი რაგბი, როგორიც არის ირლანდიური და სამხრეთ აფრიკული რაგბი.

- “ლოკომოტივს” შუა სეზონში შემოემატა შალვა მამუკაშვილი. რას იტყვით, რამდენად წაადგა თქვენს გუნდს ასეთი დონის მოთამაშის დამატება?

- შალვას დამატება ძალიან გამოგვადგა. უნდა ითქვას, რომ შალვას მოსვლამდე, ჯაბა ბრეგვაძე გვყავდა, თუმცა თამაში ფაქტობრივად არ მოუწია. ეს ბიჭები გარდა იმისა, რომ კარგი მორაგბეები არიან, სანიმუშო პიროვნებები არიან, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შალვა ყოველთვის ისე ირჯება, რომ მის მონდომებაზე ყველას ვუთითებ. მონდომებაშიც პირველია და პიროვნებაც ძალიან კარგია და თავის ცოდნას ყველას უზიარებს, როგორც შალვა, ასევე ჯაბა. საერთოდ მორაგბეები კარგი ბიჭები არიან (იცინის).

- გიორგი აფციაური ფრთაზე თამაშობდა, ხოლო თქვენ 10 ნომერზე დააყენეთ.

- თავდაპირველად ის 9 ნომერზე თამაშობდა, ხოლო ნაკრებში ფრთაზე თამაშობდა, სადაც ტრავმა მიიღო. რაგბში საერთოდ 10 ნომერი წამყვანი ფიგურაა და ისეთი ენერგიული და წარმმართველი ბიჭია, რომ ჩვენთან მოსვლის შემდგომ ვიფიქრეთ, რომ ამ ამპლუაზე თამაში მისთვისაც კარგი იქნებოდა. მგეზავი არის ყველაფერი რაგბში. ჯერ რაღაცეები დასახვეწი აქვს, თუმცა კარგად ითამაშა და კიდევ მოუმატებს. სამწუხაროა, რომ ტრავმებს ხშირად იღებს და ფინალიც ამის გამო გამოტოვა. ტალახაძეც ძალიან კარგი ბიჭია, ვახო კავთიძეც ძალიან დაიხვეწა და მშვენივრად თამაშობს. ხელაია დავიმატეთ, რომელიც ასევე ძალიან კარგი მოთამაშეა, ძნელაძე, გოგოლაშვილი, შკინინი ძალიან კარგი ბიჭები არიან. ძალიან ყოჩაღი და თავგანწირული ბიჭია ფარნა გასვიანი, რომელიც მესამე სეზონია ჩვენთან იწყებს და უმატებს. კარგი მოთამაშეა გეგია, რომელიც სამწუხაროდ დაშავდა. ასევე კარგი მოთამაშეა ამირანაშვილი, რომელსაც არ ვიცი ნაკრებში რატომ არ ეძახიან, კარგია ფოფხაძეც, რომელიც დაიმტვრა და გარკვეული პერიოდით გამოგვაკლდა.

- თქვენი აზრით, იმსახურებს თუ არა გიორგი შკინინი ნაკრებში დაბრუნებას? ზოგიერთი აზრით ის ნაკრებში ასაკის გამო ვერ ხვდება, თუმცა თუ გადავხედავთ შემადგენლობას, “ბორჯღალოსნების” შემადგენლობაში მისი ასაკის ბიჭები არიან. არადა, ის შესანიშნავ ფორმაშია და ერთ სეზონში დადებული ლელოების მხრივ დიდ 10-ში რეკორდიც მოხსნა.

- ძალიან პატიოსანი ბიჭია “გოშა” და ძალიან კარგად თამაშობს. ვფიქრობ, რომ მას ნაკრებში უნდა დაუძახონ და შანსი მისცენ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. იხსენებენ, რომ ათი წლის წინ იყო ნაკრებში, თუმცა მაშინ სხვა იყო და ახლა სხვაა, თანაც მაშინაც კარგად თამაშობდა. მგონია, რომ ის ქართულ რაგბს წაადგება. მსოფლიო თასი ოთხ წელიწადში ერთხელაა, შეიძლება სამი წელი ახალგაზრდა მოთამაშე აიყვანო და სწორედ ბოლო წელს გააკეთო არჩევანი გამოცდილ მოთამაშეზე.

- ბატონო თემურ, საქართველოს ნაკრებზე გკითხავთ. თქვენი აზრით, მამუკა გორგოძის და დავით ზირაქაშვილის ჩანაცვლება რამდენად მოხერხდა და მათი წასვლის შემდგომ, ვინაა დღეს ნაკრებში ლიდერი?

- საერთოდ, როდესაც ასეთი ძლიერი მოთამაშეები მიდიან, ვაკუუმი სულ რჩება, რომელსაც ვერავინ შეავსებს. იმიტომ არიან, რონალდოები და სხვები, ამხელა ფასი რომ ღირან, რადგან ფაქტობრივად შეუცვლელები არიან. თუმცა, ყველამ ერთად რამენაირად უნდა შეავსონ მამუკას არყოფნა და ზირაქაშვილის. მე ვერ ვიტყვი, რომ “ზირაქას” წასვლა სრულფასოვნად გადავიტანეთ, თუმცა პოზიციიდან გამომდინარე ის უფრო შევავსეთ. ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მემგონი, რომ მთელმა ქართულმა სარაგბო თემმა ამ ორივე ბიჭს უნდა ვთხოვოთ, რომ თუ ფორმაში იქნებიან და ტრავმა არ ექნებათ, კიდევ ერთი მსოფლიო თასი ითამაშონ. გამოკვეთილ ლიდერს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, თუმცა ჩვენი თამაშის მანერიდან გამომდინარე, ასეთები ისევ პირველხაზელები უნდა იყონ, მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავა. ახალი სეზონიდან ერთ გუნდში რომ იქნებიან, ესეც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია.

- თქვენი აზრით, მსოფლიო თასისთვის ჩვენი ნაკრებისგან რას უნდა ველოდოთ?

- ჩვენი სურვილი ისეთი ღრმა არის და მკაფიო, რომ ორი თამაშის მოგება უნდა მოვახერხოთ. ჩვენი მოლოდინიც ეს არის, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება, რადგან ურთულესი მეტოქეები გვყავს.

- როგორ ფიქრობთ, მომავალ თასზე ახალ ზელანდიას თუ გაუწევს ვინმე წინააღმდეგობას?

- ვფიქრობთ, რომ გაუწევენ წინააღმდეგობას. 2011 წლის ფინალიც რომ ავიღოთ, საფრანგეთს ის თამაშით არ წაუგია, 8:7 მოიგო ზელანდიამ, თუმცა ფრანგებმა ბევრი ჯარიმა ააცილეს და ასევე კიდევ შეიძლებოდა ჯარიმების დანიშვნა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მსაჯები “ოლ ბლექს” ცოტათი ეხმარებიან. გარდა ამისა, ძალიან ძლიერები არიან ირლანდია, ინგლისი და სხვა ნაკრებები, ასე რომ, ახალზელანდიასთვის წინააღმდეგობისთვის გაწევა შეიძლება. ვნახოთ, როგორ მოემზადებიან მსოფლიო თასისთვის.

- იმ თამაშზე გკითხავთ, რომელსაც მთელი საქართველო ელოდება. რა მოლოდინი გაქვთ იტალიასთან ნოემბერში გასამართი მატჩისგან?

- იტალიასთან აუცილებლად ღირსეულად უნდა ვითამაშოთ. ღირსეულად ითვლება, როდესაც უტევ. არცერთი თამაშის გარჩევა არ მინდა, მაგრამ მთელი თამაში რომ დაცვაში ხარ და რამდენჯერმე რომ გადახვალ მეტოქის ნახევარზე და მხოლოდ მიწოლით გინდა შედეგი, ასეთ თამაშზე ხალხი აღარ მოვა. ღირსეული თამაშია, როდესაც უტევ, თუნდაც წააგო.

- ანუ თვლით, რომ მთავარია ჩვენმა ნაკრებმა ითამაშოს სანახაობრივად და გაშლილი რაგბი.

- უნდა ვაჩვენოთ, რომ ვთამაშობთ და არა მხოლოდ ვბრძოლობთ. უელსთან და შოტლანდიასთან კი ღირსეულად ვითამაშეთ, მაგრამ ვფიქრობ, მაინც მეტი შეტევაა საჭირო.

- თქვენი აზრით, იმოქმედებს თუ არა ამ მატჩის შედეგი 6 ერში შესვლის ამბავზე?

- ჩვენ ბევრს კი ვლაპარაკობთ, მაგრამ აშკარაა, რომ 6 ერის ხელმძღვანელობას ჩვენი მიღება არ სურს. ეს არის კომერციული ტურნირი, რომელსაც საკუთარი ხედვა და მიზნები აქვს. რუმინეთი უფრო წარმატებული იყო შედეგების მხრივ, თუმცა მეექვსე ერად იტალია შეიყვანეს, რადგან იტალიაა.

- ისევ “კონტინენტის ფარს” დავუბრუნდეთ. რომ გადახედოთ წელს მონაწილე გუნდებს, როგორ ფიქრობთ ყველაზე ძლიერი რომელია?

- ყველაზე ძლიერი თბილისის “ლოკომოტივი” მგონია! დანარჩენებიდან კი გერმანულ “ჰაიდელბერგს” გამოვყოფდი. იტალიელებსაც კარგი გუნდები ჰყავთ, თუმცა მაინც ნაკრებები და პრო 14-ის გუნდები ჰყავთ ძლიერები. შარშან “ბათუმიც” 20-20 ქულას უგებდა იტალიურ გუნდებს და ფაქტორივად მოგებული თამაშები წააგეს სხვადასხვა მიზეზების გამო.

- როგორია ბიჭების განწყობა? რამდენად ელოდებიან საბოლოო გადაწყვეტილებას, “კონტინენტის ფარზე” თამაშთან დაკავშირებით?

- ბიჭებს თამაში უნდათ! თრთოლვით ელოდებიან, რომ იქნებ ამ ტურნირზე ითამაშონ.

- ვრცელი საუბარი გამოგვივიდა და ბოლოს, მიმართეთ ნებისმიერ პიროვნებას, გულშემატკივარს ან ჯგუფს, რაც თქვენ გსურთ ნებისმიერ საკითხთან, იგივე “კონტინენტის ფართან” დაკავშირებით.

- თუ შევძელით და “კონტინენტის ფარზე” გავედით ძალიან კარგი იქნება, თბილისელ გულშემატკივარს აუცილებლად გავახარებთ. ყოველ შემთხვევაში ჩვენს რეალურ ძალას გავიგებთ. ჩვენს გულშემატკივარს ბოლომდე ბრძოლას ვპირდებით და “კონტინენტის ფარზე” გასვლის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ 80%-ით ჩელენჯ ქაფზეც გადავალთ, ხოლო თუ ამის გაკეთებას მოვახერხებთ, იქ უკვე საკმაო ფინანსურ დახმარებას მივიღებთ და ჩელენჯ ქაფზე მონაწილეობის პრობლემა აღარ იქნება, რადგან იქ გადასვლის შემთხვევაში, ყველაფერი დაფინანსებული იქნება. ყველას ვისაც შეუძლია, ახლა “ლოკომოტივს” უნდა დაეხმაროს. ეს გუნდი ამის ღირსია, რადგან ქვეყნის ჩემპიონია, ყველაზე ტიტულოვანი გუნდია და საბჭოთა კავშირის ყველა ჩემპიონატში მხოლოდ ერთ გუნდს, “ლოკომოტივს” აქვს მონაწილეობა მიღებული. ასე რომ, “ლოკომოტივი” დახმარებას და “კონტინენტის ფარზე” თამაშს ყველანაირად იმსახურებს.

აქვე გთავაზობთ "ლოკომოტივის" საბანკო ანგარიშს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომ საქართველოს ჩემპიონს გარკვეული თანხით დაეხმაროს: GE67VT7000000005803608 VTB banki. Lokomotivi rugby club


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:30 | 24.08.2018
GiorgiG83 (525)

1:00 | 23.08.2018 | ნანახია 2954 - ჯერ

და ჩარიცხული თანხა 800 ლარამდეა(ო)
პ.ს.
ორშაბათამდე ვერ ვყიდულობ, მე მომიტევეთ

12:33 | 25.08.2018
temuchin (431)

თვის ბოლოს ხელფასებზე აიწევს ეგ თანხა დარწმუნებული ვარ, მეც ხელფასს ველოდები

01:47 | 24.08.2018
test (124)

თავისთავად ანგარიში აქ რომ დაიდო ძალიან კარგი, მაგრამ ინფორმაცია ლოკომოტივის პრობლემასთან დაკავშრებით ძალიან მწირია და თუ სხვა მედია საშუალებები, ვებ-გვერდები ინტენსიურად გააშუქებენ იქნებ მეტ ადამიანამდე მივიდეს ეს ინფორმაცია. მაგალითად სახვა სპორტულ საიტებზეც, იგივე აჭარაზე, კრისტალზე მაგალითად რავი მაგათმა რეკლამებმა გული გააწვრილა და ერთი მართლა საჭირო ინფორმაცია რომ დაიდოს რა დაშავდება ამით

19:38 | 24.08.2018
პანტელეიმონი (1218)

გეთანხმები, საჭიროა ამ პრობლემის აქტუალიზაცია, თორემ ასე არაფერი გამოვა. რამე სტრუქტურამ უნდა იკისროს პიარ კამპანიაზე პასუხისმგებლობა. მესმის რომ ბევრი შვებულებაშია და ისვენებს, მაგრამ სადაც არ უნდა იყვნენ ჩვენი ცნობადი სპორტული კომენტატორები, ცნობილი სპორცმენები, პოლიტიკოსები და სხვა ცნობადი საზოგადოებრივი სახეები - ყველას შეუძლია ფეიბუქის მეშვეობით ჩართვა და მოწოდების გაკეთება.
რა ვიცი თავზე წყლის გადასხმის კამპანია რომ იყო ერთმანეთს ასწრებდნენ ცნობადი სახელები თავის დასველებას, ვითომ ის უფრო აქტუალური იყო? ან დავიჯერო უფრო მნიშვნელოვანი იყო ზაზას ოლსტარზე ეთამაშა?
კრეატიული პიარ კამპანიაა საჭირო და მგონია შესაძლებელია რომ მინიმუმ 10 ლარი მაინც ჩარიცხავს რამდენიმე ათეული ათასი რაგბის მოყვარული (ვისაც საშუალება აქვს მეტსაც ჩარიცხავს), თუ რა თქმა უნდა ეგ კრეატიული პიარ კამპანია ამ საქმის მცოდნე ადამიანებმა განახორციელეს.

01:11 | 24.08.2018
პანტელეიმონი (1218)

როგორც იქნა დაიდო ანგარიში, ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს მოგიწოდებთ - დავეხმაროთ "ლოკომოტივი"-ს გუნდს ! ! !

მაგრამ ამასწინათ ვიღაცამ დადო შეტყობინება, რომ ლოკომოტივმა ფინანსური პრობლემა მოაგვარაო, რას გვერჩოდა ის კაი კაცი, ცრუ ინფორმაციით, რომ გაგვახარა?

15:34 | 23.08.2018
GiorgiG83 (525)

აბა ვყიდულობთ საშინაო მატჩების ბილეთებს !

23:30 | 23.08.2018
temuchin (431)

სწორედ მასეა, ჩავთვალოთ რომ იმ 3 საგარეო მატჩის საყურებელ თანხას ვიხდით აქ და საშინაოს თავისთავად ისედაც ვესწრებით.

15:05 | 23.08.2018
BEERTRANCE (1073)

300K ლარი გახდა პრობლემა? ხარახურებში იყრება მეტი ფული. ვისაც შეგვიძლია ჩავრიცხოთ, იქნებ მოხერხდეს შეგროვება

14:50 | 23.08.2018
tengocie (60)

15 ლარი ჩემგან ანგარიშზე)

13:32 | 23.08.2018
erovnuli-nakrebi (224)

თავად ვერ აკეთებენ და სხვებსაც უარს ეუბნებიან

13:32 | 23.08.2018
erovnuli-nakrebi (224)

დადეთ ანგარიში მაინც, იქნებ ჩვენი ჩარიცხვები ეყოს. როგორც ჩანს ამას არ აკეთებენ, რადგან ბიუროკრატია უშლის ხელს

15:02 | 23.08.2018
BEERTRANCE (1073)

ბოლოში წერია ანგარიში

13:52 | 23.08.2018
jora84 (183)

სტატია ბოლომდე რომ წაგეკითხა იპოვიდი ანგარიშის ნომერს.

12:40 | 23.08.2018
krasni (587)

ხელმოწერები და საკანონდებლო ინიციატივა კარგია და აუცილებლად გასაკეთებელია,მაგრამ მერე ლოკომოტივისთვის არ იყოს გვიან. მოკლეთ გულშემატკივრებმა იქნებ როგორმე ვუშველოთ.

11:07 | 23.08.2018
GiorgiG83 (525)

რეაგირება ჯერ არ ყოფიალო...
ანგარიში აგერ წერია...

ახლა უფრო მთავარი (!)
მგონი დროა 30 000 ხელმოწერა და საკანონმდებლო ინიციატივა შევიდეს პარლამენტში დაფინანსებასთან დაკავშირებითწლიური ტილიანი 8 მილიონი რაგბს და 64 თუ 72 მილიონი ფეხბურთს

კაით რა

10:41 | 23.08.2018
temuchin (431)

ერთი შენიშვნა: თბილისელს კიარა, მთელ ქართველ გულშემატკივარს გაახარებთ და გამოყოფა რომელიმე ადგილის ქალაქის და ა.შ. არაა საჭირო რადგან ამან შეიძლება დანარჩენებზე იმოქმედოს უარყოფითად. მთელი საქართველოდ უნდა დვუდგეთ ლოკოს გვერდში და ერთად გავიტანოთ. დღეს ლოკომოტივი არის საქართველო.

15:02 | 23.08.2018
ika (35)

არა, რატომ? ზუსტად არის და სწორად ნათქვამი. თბილისელ გულშემატკივრისთვის ითამაშებს პირველ რიგში ლოკომოტივი, რადგან სხვა ქალაქებს თავიანთი გუნდები ჰყავთ და პირველ რიგში იმათი წარმატება გაუხარდებათ. იმას კი არ ვამბობ, ლოკომოტივის ან სიტყვაზე ლელოს გასვლა ეწყინებათ კონტინენტის ფარზე თქო, მაგრამ ბათუმს, ქუთაისს, გორსს, რუსთავს თავიანთი გუნდები ჰყავთ. აქედან ბათუმი უეჭველად ვიცი, რომ მზადაა კვლავ გავიდეს ამ ტურნირზე, თუ ლოკო ვერ გამონახავს სახსრებს და აქედან გამომდინარე, ისინი ჯერ თავიანთი ქალაქის გუნდს უბალეშიკებენ ბუნებრივია.

23:27 | 23.08.2018
temuchin (431)

მე არ მგონია მასე, მაგალითად ლოკოს ნაცვლად ჯიქი რომ ყოფილიყო გამიხარდებოდა რაკი ჯიქის გულშემატკივარი ვარ პირადად, მაგრამ ახლა რაკი ლოკოა გასული ჩემთვის სულ ერთია და მგონი ყველასთვისაც, საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ახლა ევროთასებზე ლოკომოტვია.

23:51 | 23.08.2018
ika (35)

სულ ერთი ვერანაირად ვერ იქნება. კი ორივეს გასვლა გამიხარდება მეც, მაგრამ თბილისური გუნდის გასვლა მირჩევნია, ვიდრე ბათუმის და ამის მიზეზი მარტივია: თბილისში მოედანზე ვივლი და ვუბალეშიკებ ჩემს გუნდს და ბათუმში ვერ ვივლი. ანალოგიურად იქნება ბათუმელიც.

10:20 | 23.08.2018
lukaferrari (24)

მშვენიერი ინტერვიუა! უფრო ხშირად თუ დადებთ ხოლმე არ გვაწყენს

08:27 | 23.08.2018
გუგა80 (177)

ახალი ამბავი, რომ ფინანსებია მთავარი.
მარტო რაგბიში და სპორტში კი არა ცხოვრებაშიც

02:36 | 23.08.2018
GiorgiG83 (525)

კითხვით "გავძეხიო" ამას ჰქვია
გუდ ჯობ!
და ლოკო ფარიდან ჩელენჯზე!

0.120359